ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში მგლებმა 10-მდე თხა დაგლიჯეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში მგლებმა 10-მდე თხა დაგლიჯეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, ადრე მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა, ახლა თხები. ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვაქციოს ყურადღება და შესაბამისი ზომები გაატარონ, თუ არადა, ჩვენ თითონ უნდა მივხედოთ ამ საქმეს, სხვა გზა არ გვრჩება, გვესმის, რომ კანონის დარღვევა მოგვიწევს, მაგრამ რა ვქნათ“, – აცხადებს კახათის მკვიდრი დალი ჯგუშია.

ზუგდიდის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობას წერილით მიმართეს.

“ჩვენ მთავრობისთვის მიწერილი გვაქვს შესაბამისი წერილი, რათა მგლების ლიკვიდირების უფლება მოგვცეს. გარემოს დაცვის ინსპექციის შესაბამისი ნებართვის შემდეგ, რომელშიც რიცხობრივად იქნება მითითებული, რა რაოდენობის მგლების ლიკვიდაციის უფლება გვაქვს, მონადირეებს განვუახლებთ ხელშეკრულებას და მიეცემათ უფლება ამ მტაცებლის განადგურების. კონკრეტულად კახათს რაც შეეხება, არავის მოუმართავს, თუმცა თავისთავად, შესაბამისი მომართვის შემდეგ, მათ პრობლემასაც მოვაგვარებთ”, – აღნიშნავენ ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურში.

ყურადღება!!! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ნახეთ ყველა სიახლე პირველმა