ვკარგავთ შანსს, ქართველებმა ერთადერთი ძაღლი დავირეგისტრიროთ

dzagli“ყაზბეგური ქოსა 2001 წელს ჯიშად დაარეგისტრირა საქართველოს კინოლოგთა ფედერაციამ, მაგრამ საერთაშორისო აღიარებისთვის ეს არ კმარა – ჯიში კინოლოგთა მსოფლიო ფედერაციამაც უნდა ცნოს, რათა საერთაშორისო გამოფენებზე წარდგეს”

“ვკარგავთ შანსს, ქართველებმა ერთადერთი ძაღლი დავირეგისტრიროთ”

ქართული ნაგაზი ანუ ყაზბეგური ქოსა, კავკასიური, გრძელბეწვიანი ნაგაზი და ჩაქირა ძველისძველი ქართული ძაღლის ჯიშებია, თუმცა, როგორც ცნობილია, კავკასიური ნაგაზი ამ სახელით რუსებმა დაარეგისტრირეს და წარმოშობის ადგილად რუსეთი ჩაუწერეს (რადგან კავკასიის ნაწილს ფლობენ!), ამიტომაც ამ ჯიშის მესაკუთრის უფლება დავკარგეთ. დასავლეთ საქართველოში მონადირული თვისებებით განთქმული მყეფარა ჩაქირა მოუვლელობისა და გულგრილობის გამო, ფაქტობრივად, გადაჯიშდა და გადაშენდა. ყაზბეგური ქოსა 2001 წელს ჯიშად დაარეგისტრირა საქართველოს კინოლოგთა ფედერაციამ, მაგრამ საერთაშორისო აღიარებისთვის ეს არ კმარა – ჯიში კინოლოგთა მსოფლიო ფედერაციამაც უნდა ცნოს, რათა საერთაშორისო გამოფენებზე წარდგეს. 
საიდან მოვიდა ქოსა, რა უნარები აქვს მას და რა არის საჭირო, რომ ჩვენებური, ყაზბეგურად ცნობილი ნაგაზი მსოფლიომ გაიცნოს? ამის შესახებ საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ხელმძღვანელს, გია გიორგაძეს ვესაუბრეთ.

– ყაზბეგური ჰქვია, თორემ ქოსას ნახავთ კახეთშიც, სადაც ცხვრის ფარა ჰყავთ. ცხვარი ხევში უფრო მეტია, ამიტომ ყაზბეგის რაიონში ქოსაც მეტი გვხვდება, ვიდრე სხვაგან და სახელიც ამის გამო დაერქვა. ყაზბეგური ნაგაზი აბორიგენული ჯიშია. ის ადამიანთან მოვიდა და შენარევების გარეშე განვითარდა. ძალიან ლამაზი ექსტერიერი აქვს, უშიშარი, მამაცი და ძლიერია. 


– მისი თვისებებიდან გამომდინარე, ქოსა საქართველოში ძალიან პოპულარულია, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მეტს იმსახურებს. საერთაშორისოდ აღიარებულ ჯიშთა ნუსხას მისი სახელი როდის მიემატება?

– ჯიშის საერთაშორისოდ დასარეგისტრირებლად, უპირველესად, გენეტიკური ანალიზია საჭირო. ცნობილ ექსპერტს ვკითხეთ, რა დაგვიჯდებოდა ქართული ნაგაზის გენეტიკური ანალიზი. მან ხარჯთაღრიცხვა გამოგვიგზავნა. კვლევის ხარჯებსა და ჰონორარს 10 ათასი ევრო სჭირდება. ის კაცი აქ უნდა ჩამოვიდეს, 200 ძაღლის ბეწვი უნდა ავიღოთ, თითოეულის თავი, თათი, ექსტერიერი აღვწეროთ. შრომატევადი საქმეა. ამასთან, საჭიროა სასტუმრო, ტრანსპორტი, საწვავი, კვება… გენეტიკური დასკვნის მიღების შემდეგ კინოლოგთა საერთაშორისო ფედერაციაშია სამუშაო, იქაც ფულია საჭირო… სამწუხაროდ, მე არ მაქვს ამდენი თანხა, თორემ წლების განმავლობაში, სანამ საკუთარი ჯიბიდან ფულის გაღება შემეძლო, უკან არ ვიხევდი, ძაღლებს ვამრავლებდით, ცხვარში, ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად მიგვყავდა. თუმცა, ძაღლის მეცხვარესთან დატოვება არ კმარა, ლეკვები რომ დაიბადებიან, ყურების დასაჭრელად უნდა ჩააკითხო, დაბადებიდან 21-ე დღეს ჭიის წამალი უნდა მისცე. აცრებიც საჭიროა. ამას მეცხვარე ვერ გააკეთებს – ცხვარი ჰყავს მოსავლელი. მით უფრო, ვერ მოსთხოვ, ამძუვნებულ მდედრს მიაქციოს ყურადღება. არადა, როგორც კი ძუს შეწყვილების პერიოდი უდგება, უნდა გამოარიდო და თავისივე ჯიშთან შეაწყვილო, თორემ ცხვარში მყოფს გამოუვლის მაწანწალა ძაღლი და საჯიშე ეგზემპლარს დაკარგავ…

არ შეიძლება ეს საკითხი მხოლოდ ჩემი და რამდენიმე ენთუზიასტის იმედად იყოს. ქართული ძაღლი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და, ვფიქრობ, მასაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სამწუხაროდ, ამით არც ბიზნესმენები ინტერესდებიან და სახელმწიფოც აცხადებს, რომ სხვა პრიორიტეტები აქვს. ამის გამო ვკარგავთ შანსს, რომ ერთადერთი ძაღლი დავირეგისტრიროთ ქართველებმა. 

– ქოსა ნაგაზი 

 cfaa5c00f8755339360dadd1df4643cd

რა მდგომარეობაშია – მცირდება, მრავლდება, თუ კრიტიკულ ზღვარზეა?
– მრავლდება, მაგრამ ჯიშის დეგრადაცია მხოლოდ რაოდენობრივ შემცირებას არ ნიშნავს. გამრავლების წესებია დარღვეული. ჯიშებს ურევენ, ხშირად ყაზბეგურს აზიურთან აწყვილებენ. როცა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური იქმნებოდა და ცხოველთა მოვლისა და მართვის კანონმდებლობა განიხილებოდა, მაშინ ვიხვეწებოდი, რომ ყაზბეგურას გადასარჩენად კანონით სავალდებულო გაეხადათ ამ ჯიშის ყველა წარმომადგენლის დარეგისტრირება და საგვარეულო ნუსხის შედგენა. ასე შევძლებდით ქოსა ნაგაზის თავიდან აღწერას, თითოეული ეგზემპლარის შეფასებას, დავადგენდით, აზიურისკენ იხრება თუ ნამდვილი ქართული ნაგაზია, რომელი ძაღლი უნდა გამრავლდეს და რომელი – არა. სამწუხაროდ, არც კანონში შეიტანეს ცვლილება და არც ქუჩის ბაზრობებზე ლეკვებით უკანონო ვაჭრობა აკრძალეს.

– მართალია, რომ ქოსა ნაგაზს, ძირითადად, საჩხუბრად ამრავლებენ?
– სამწუხაროდ, ბევრი მისდევს ამ აკრძალულ გასართობს თუ ფულის შოვნის შესაძლებლობას. თანაც, აბსურდული მოტივით, თითქოს ქოსა უკეთ იჩხუბებს, უფრო შავი ხახა ექნება და სხვა, აზიურთან აწყვილებენ. ეს არის მომაკვდინებელი შეცდომა, სწორედ ასეთი მიდგომა იწვევს გადაჯიშებას. სანამ ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო, მეუბნებოდა, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას უნდა მივუერთო ქართული ნაგაზის თემა, თორემ მაგ საქმეს დამოუკიდებლად ვერ გასწვდებითო. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა. 

– ქოსა ხასიათის რა თავისებურებებით გამოირჩევა?
– ისეთივეა, როგორიც კავკასიური. ერთგული, მამაცი, ძლიერი და, რაც მთავარია, ძალიან ჭკვიანი. კავკასიური და ქოსა მგელს პირობით საზღვრამდე მისდევენ, იციან, რომ იმ საზღვრის შემდეგ მგლის განდევნა სხვა ძაღლის საქმეა. ეს არის მათი საბრძოლო სტრატეგია. ტერიტორიის საუკეთესო მცველები არიან. უზარმაზარ ფართობს აკონტროლებენ და მესაზღვრის ფუნქციას ბრწყინვალედ ასრულებენ… ერთ-ერთ მეცხვარეს, სეფურა ღულელაურს, ორ წელიწადს მამაპაპეულ გომეწარში ცხვარი არ გაურეკავს საძოვრად. რომ ჩავიდა, ვიღაც კავკასიელი გამოეკიდა, რუსულად ყვიროდა, – აქ ჩემი ცხვარი ძოვს და შენი ადგილი არ არისო. გადარეულა თუში, – გომეწარში, მამაპაპეულ მიწაზე ვიღაც გადამთიელი რას მიბედავსო და იქით გაჰკიდებია. ამტყდარა ჩხუბი. თუშს მაშველისთვის რომ დაუძახია, პირველი ძაღლი მოვარდნილა, ქოსა ჰყავს. მივარდნია მომხდურს და კეფა ჩამოუგლეჯია. სანამ ხალხი ჩაერია საქმეში, ძაღლებმა დაამყარეს წესრიგიო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სანამ ჩვენი მწყემსი და ძაღლი აკონტროლებს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს, საზღვრის მცველები გვყავს. მაგრამ მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, თორემ თუ მწყემსი და ძაღლი აღარ იქნებიან, თბილისიდან ხუთ კილომეტრში – მავთულხლართით, საქართველოს მთებში კი გოჯ-გოჯად წაგვართმევენ ქართულ მიწას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ძაღლებს გონივრული და ვაჟკაცური თვისებები აქვთ, გასული საუკუნის 50-იან წლებში ზოგიერთმა ვაიმეცნიერმა გადაწყვიტა, ქოსასგან სიახლე შეექმნა. იმის გამო, რომ რუსულ მწევარს, ფაქტობრივად, ელენთა არ აქვს, გადაწყვიტეს, ქოსა მასთან შეეწყვილებინათ – ასე მივიღებთ ჯიშს, რომელიც მგელს ბოლომდე მიჰყვება და ბოლოს მოუღებსო. გამოუვიდათ მუტანტი, გაურკვეველი ტიპის ძაღლი. საბჭოეთის დროს ამ პროექტს სახელმწიფო უფინანსებდათ, მაგრამ შედეგი რომ ნახეს, დაფინანსება შეუწყვიტეს. ექსპერიმენტის ავტორებმაც ძაღლები უპატრონოდ გაუშვეს. მათგან ზოგი ცხვარს მიეკედლა, გამრავლდა და არეული სისხლი ჯერ კიდევ არის ძაღლებში. 

– გამოსავალი არის?
– უნდა გამოცხადდეს ქოსას საყოველთაო რეგისტრაცია და მიიღოს სპეციალური ბარათი იმის დასტურად, რომ ქართულია, ან აზიურში გადამავალი. ჯიშიანი ძაღლის გამრავლება კულტურაა და მას მოფრთხილება სჭირდება. როგორც უკვე ვთქვი, ეს ძაღლები დიდებული მესაზღვრეები არიან და იმ მიწას იცავენ, ქართველთა უმრავლესობას წარმოდგენაც რომ არა აქვს. 

ეკა ლომიძე

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა