ვინ ამრავლებს მგლებსა და ქვეყნის ჭირს!..

[huge_it_slider id=”19″]
და, აჰა, შემოესივნენ მგლები ბარის სოფლებს და ქალაქებს. ამაოხრებელი მტრის ურდოსავით აწიოკებენ მოსახლეობას. აცხადდა ის, რის შესახებაც მონადირეები და ნადირთმცოდნეები ვაფრთხილებდით საზოგადოებას. მოვითხოვთ მგლის რაოდენობის შემცირებას, მგლის მოკვლა-მოპოვებაზე ჯილდოს აღდგენასა და ოთხასლარიანი ჯარიმის გაუქმებას. მოგვყავდა შემზარავი ფაქტები მგლებისგან მიყენებული ზარალისა, მაგრამ ყურსაც არავინ იპარტყუნებდა იმათთაგანაც კი, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა.
დემაგოგიას ვისმენდით – მგელი ბუნების სანიტარიაო, მგლები ბუნებაში ბალანსისათვის არის საჭიროო, ცხოველებს ჩვენგან ხორცის ჭამას გადაჩვეული მგლები კი არა, გაველურებული ძაღლები ჭამენო. ამ მონაჩმახს სიამოვნებით იჯერებს ქალაქის საზოგადოება, რადგან მათთვის სოფლის ჭირი ღობეს ჩხირია. მაინც და მაინც რუსთაველის გამზირზე უნდა დაიწყონ მგლებმა ადამიანების ჭამა, რომ მავანმა და მავანმა დაიჯეროს.

თუ 1990-იან წლებამდე სპეციალისტები 2500 მგელს ანგარიშობდნენ საქართველოში, რაც მთელ დასავლეთ ევროპაში არსებული მგლის რაოდენობას ასჯერ აჭარბებდა, 2000 წლისთვის უკვე 6000 სულს ვარაუდობდნენ. დღეისთვის ეს ვარაუდი 10000-მდე ადის. ამ რაოდენობის მგლის გამოსაკვებად მინიმუმ 4500 ტონა ხორცი, ანუ 135 2000 შველი და ირემი სჭირდება. 90-იან წლებამდე კი სულ 2400 ირემს და 10800 შველს ითვლიდნენ. ასე რომ, ჩვენს ტყეებში თითო მგელზე თითო შველი მოდიოდა, როცა ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, პოლონეთში ერთ მგელზე 2600 ჩლიქოსანი მოდის, სხვა ქვეყნებში – ათეული და ასეული ათასებიც კი.

ჰოდა, გადაჭამეს მგლებმა ტყეში თუ რამე იყო და უკვე რამდენი წელია შინაურ პირუტყვს მიეძალნენ, აღარც ადამიანებს ერიდებიან შიმშილისგან სიცოფემდე მისულნი. დუშეთთან ახლოს, ქაისხევში ქალი შეჭამეს, მთიულეთში – სკოლიდან შინისკენ მიმავალი ბავშვი, ფშავში სოფ.შარახევში მწყემსს სახე მოაჭამეს, დედოფლისწყაროში 39 ადამიანი დაგლიჯეს… მარტო ჩემ სოფელში – კაწალხევში ერთ წელიწადში ასამდე მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი შეჭამეს. წლეულს ზაფხულს ხევსურეთში ვინ მოთვლის რამდენი შემთხვევა იყო მგლების დაცემისა, მაგრამ ყველაზე დიდი ზარალი უკანაფხოში ტარიელ ჭინჭარაულს მიაყენეს, როცა ერთ ღამეში ფარაში შეუცვივდნენ და ათასი სული ცხვარი, სხვადასხვა მხარეს გაფანტული, თითქმის გაუნახევრეს.

საქართველოში 4500-მდე სოფელია. მთაში, ბარში, დასავლეთში, აღმოსავლეთში, ყველგან შესეული არიან მგლები. გადავიანგარიშოთ ზარალი თუნდაც ნახევარზე და დავინახავთ თუ რა უბედურებაა ჩვენი გლეხობის თავს დატეხილი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში (რომელიც თავისთავად ძალზე საჭირო საქმიანობას ეწევა) ჩაბუდებულია რაღაც ჯგუფი, ვინც მგლების დაცვასა და მომრავლებაზე ზრუნავს და რაღაცა ვითომც “ექსპერიმენტისთვის”, ევროპიდან თუ საიდანღაც, სოლიდურ თანხებსაც იღებს. ეს “ექსპერიმენტი” კი იცით რა ხასიათისაა. არ დაიჯერებთ! მგლები უნდა გადააჩვიონ ხორცის ჭამას, ე.ი. ცხოველების ჭამას და ისინი ადამიანის მეგობრებად, ანუ თხასთან ერთად ბალახის მძოველ არსებებად აქციონ. ის, რაც ათასეული წლების მანძილზე ვერ შეძლო კაცობრიობამ (მგელი ხომ არ იწვრთნება!), სალაფავზე რამდენიმე მგლის ლეკვის აღზრდით თურმე უკვე გადაჭრა იასონ ბადრიძემ და მისმა ჯგუფმა.

ეს დაუჯერებელი სისულელე თუ სულელთა გასაბრიყვებლად მოფიქრებული საერთაშორისო მასშტაბის აფიორა (გახსოვთ მოლა-ნასრედინმა როგორ გადააჩვია ვირი თივის ჭამას) ამოფარებულია ცხოველთა დაცვის კეთილშობილურ იდეას, რითაც შეცდომაში შეჰყავთ როგორც თვით გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე მთელი საზოგადოება, ვინც ტყე და მგელი მხოლოდ ნახატი წიგნებიდან და მულტფილმებიდან იცის. “კეთილშობილური მიზნით” იყო, ალბათ, ისიც, შევარდნაძის დროს, მათხოვრული ბიუჯეტის პირობებში, მილიონი ლარი რომ გამოყვეს მგლების ასაცრელად (ვინ შეამოწმა), მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს “რაგატკების” ფულსაც კი არ აძლევდნენ (მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის სიტყვებია). სწორედ იმხანებში ჯიხვს გაუჩნდა რაღაც დაავადება – რქები სცვიოდა. ამით არავინ დაინტერესდა. ან ჯიხვებს ვინ ჩაუტარებდა აცრებს, მაგრამ იმათ საძოვრებზე ხომ შეიძლებოდა მოფრქვეულიყო რაიმე სამკურნალო ფხვნილი, თუნდაც იმ ვერტმფრენებიდან, საიდანაც ჯიხვებს ხოცავდნენ მავანნი. არც წითელ წიგნში შეტანილ ნიამორსა და ქურციკზე უზრუნიათ.

ინგლისური ცხოველთა დაცვის დამფინანსებელი ორგანიზაცია (“ნოეს კიდობანიო”, როგორც მითხრეს, ზუსტად კი არავინ არაფერი არ იცის) აფინანსებს მგლის დაცვას სხვაგან, როცა ამ ქვეყანაში ორსაუკუნენახევარია, მგელი არ არის – ბოლო მგელი 1743 წელს მოკლეს შოტლანდიაში. თუ რაიმე ბალანსია საჭირო ბუნებაში მგლების მხრიდან, რატომ იქ არა ჰყავთ თუნდაც რამდენიმე ცალი მაინც. 2000 წლის მონაცემებით, გერმანიაში, საქართველოზე ბევრად დიდ ქვეყანაში, 5-დან 10-მდე მგელი ჰყავთ, შვეიცარიაში – 5, საფრანგეთში – 30-40, ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში საშუალოდ – 80. ინგლისში, მართლაც უსაშველოდ გამრავლებული შვლისა და ირმის ბალანსირებას თვითონ ახდენენ: ყოველ სეზონზე მონადირეთა ბრიგადები, მოხალისე და ტურისტი მონადირეები იმდენს ხოცავენ (ისევ და ისევ ბუნების დაცვის მიზნით), რომ სამი თვის მანძილზე ნანადირევით კვებავენ თავის მოსახლეობას.

უნგრეთში, სადაც მგელი თითქმის არა ჰყავთ, ნადირობა მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგია და სახელმწიფოს არც ერთ სხვა დარგზე ნაკლებ შემოსავალს არ აძლევს. ასეთ რამეზე არ ფიქრობენ ჩვენი გარემოს დამცველნი, არადა, ბუნებრივი პირობები არავისზე ნაკლები არა გვაქვს.

წლების წინათ “სვობოდნაია გრუზიაში” დაბეჭდილ სტატიაში, მგლების წინაშე თავის დამსახურებათა ჩამონათვალში, იასონ ბადრიძე ასახელებდა უმთავრესს: მონადირეთაგან დასახოცად დაჭერილი 96 მგლის ლეკვი ხორცის ჭამას გადავაჩვიე (სალაფავზე ჰყავდა თურმე იმ ვოლიერში, სადაც მონადირეთა კავშირი გარეული ცხვრის მომრავლებასა და შიომღვიმის ნაკრძალში გაშვებას აპირებდა) და ბორჯომის ნაკრძალში გავუშვიო. ტყეში, ვითომ რა უნდა ეჭამათ. ჰოდა, იმ ხორცის ჭამას გადაჩვეულმა მგლებმა და კიდევ ხორცის ჭამას ჯერ გადაუჩვეველმა მგლებმა (ისინი იმ გადაჩვეულების მაგალითით უნდა გადაჩვეულიყვნენ თურმე) ბორჯომის ნაკრძალში სულ მუსრი გაავლეს ირმებს, 2001 წლის |0 ივლისს გაზეთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა ბორჯომელი კაცის რობერტ ცუცქირიძის რეპლიკა: “პარლამენტარებო, თწთ” სადაც მოყვანილი იყო საგანგაშო ფაქტი: “ათი წლის წინათ (ე.ი. 1990 წელს) ბორჯომის ნაკრძალში 1000 სულ ირემს ვითვლიდით, 2000 წლისათვის კი მხოლოდ 44-ღა დარჩა, თუმცა ისიც მალე აღარ იქნება”.

დარწმუნებული უნდა ვიყოთ, ბორჯომის ნაკრძალში ირემი კი არა, აღარანაირი სულიერი არ დადის. შეყვანილი და სხვა მგლები გამრავლდნენ, გავიდნენ დაცარიელებული ნაკრძალიდან და დაერივნენ შინაურ პირუტყვს. ტელევიზორი სენსაციისთვის კი აჩვენებს რაღაცას კანტიკუნტად, მაგრამ იქვე გამოჰყავთ გარემოს დაცვის “სპეციალისტი” ვიღაცა ახალგაზრდა ქალები და იმათ ალაპარაკებენ და არა ნადირმცოდნეებს.

ნათქვამია, “უვიცობა თამამიაო”. ამ ახალგაზრდა ქალებზე უარესები ზურაბ გურიელიძემ, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პროფესორმა, თბილისის ზოოლოგიური პარკის გენერალურმა დირექტორმა დაახეთქა “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში: “მგლები ძირითადად გურიაში არიან მრავლად, დანარჩენ შემთხვევაში გვხვდებიან გაველურებული ძაღლები და ჰიბრიდები”. ეს “სპეციალისტები”, რაკი მგელსა და ძაღლს თვითონ ვერ არჩევენ, მთიელებიც ასე ჰგონიათ. მათი მტკიცებით გამოდის, რომ მთელ აღმოსავლეთ საქართველოში მგლები კი არა, თურმე ძაღლები ჭამენ პირუტყვს. ამის დასამტკიცებლად ამბობს: “საკუთარი თვალით მინახავს, როგორ იტაცებენ ერთ ფარის ძაღლები მეორე ფარიდან ცხვრებს”. ასეთი რამ მთაში არავის გაუგონია, ის მხოლოდ “იასონელ” ძალად “მეცნიერს” შეიძლება დასიზმრებოდა ქარიან ღამეში.

“კვირის პალიტრაში” (2009 წ. 24 აგვისტო) სოსო ქარცივაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტი, გვმოძღვრავს: “თუ მგელი ნათესებსა და შინაურ ცხოველებს ანადგურებს, მის მოსაკლავად ნებართვა არ არის საჭირო”. ნათესებს თუ ანადგურებსო! აბა, როგორ, მათ ხომ ვეგეტარიანელი მგლები შექმნეს!

“მგლების ამოწყვეტა არ შეიძლება, რადგან მისი ადგილი შეიძლება გაველურებულმა ძაღლმა დაიკავოს და მერწმუნეთ ეს უფრო სახიფათოა”, – გვმოძღვრავს “სპეციალისტი”. კი მაგრამ დიდ ბრიტანეთში თუ ორ საუკუნენახევრის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა, თუკი ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც მგელი ფაქტობრივად არა ჰყავთ, ერთი გაველურებული ძაღლიც კი არავის გაუგონია, რად გახდნენ ჩვენი, ქართული ძაღლები ასეთი საშიშნი ტყეებში გასახვეწად.

იასონელთა კიდევ ერთი “მეცნიერული დაკვირვება”: გურიაში მგლების გამრავლების მიზეზი ყოფილა ჩაის ბუჩქი, აღმოსავლეთ საქართველოში – ნაგავსაყრელები.

მოვუწოდებთ ყველას და, უპირველეს ყოვლისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს:

ა) სერიოზულად შეისწავლონ იასონ ბადრიძისა და მისი ჯგუფის საქმიანობა. გააუქმონ მგელზე დაწესებული 400-ლარიანი ჯარიმა და აღდგეს ძველებური ჯილდო. შეიქმნას პროფესიონალ მონადირეთა ჯგუფები მტაცებელი ნადირის შესამცირებლად. აღდგეს ბეწვეულის მიმღები და გადამმუშავებელი საწარმოები, რათა ჩააბარონ ასევე უზომოდ მომრავლებული კვერნის, მელიისა და ტურის ტყავ-ბეწვეული.

ბ) გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეიქმნას მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შევიდნენ ცნობილი ნადირმცოდნეები, ზოოლოგები, მონადირეები, ვისაც დღეს ახლოს არ იკარებენ.

გ) თითო ხეობაში თითო ეგერი მაინც დაინიშნოს, რათა აღიკვეთოს განუკითხავი ნადირობა და თევზაობა წლის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ საშუალებებით. მაგალითად, ფშავის არაგვის ხეობაში.

დ) დაისახოს ან აღდგეს ის გეგმები, რაც ჯერ კიდევ მონადირეთა კავშირს ჰქონდა თავის დროზე ნადირობის შემოსავლიან დარგად გადაქცევისთვის. მხოლოდ ლიცენზირების გაცემა იოლად ფულის შოვნის გზაა და მეტი არაფერი. ევროპის, პირველ რიგში უნგრეთის, გამოცდილება დიდად წაადგებოდა ჩვენს ქვეყანას.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ვფიქრობთ, იოტისოდენა ეჭვიც კი აღარავის შეეპარება იმაში, რომ ყველამ ერთად უნდა ვიყვიროთ: “მგელი! მგელი!” თუ არ გვინდა ერთიანად გადაგვჭამონ გამრავლებულმა მტაცებლებმა.

გიგი ხორნაული ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, მონადირე
 

სტატიის წყარო არის ქვემოთ მოცემული სურათები რომლებიც აღებულია 2009 წლის ჟურნალი ნადირობის, ნოემბრის ნომრიდან. გასადიდებლად დააჭირეთ სურათს 

სურათის წყაროა ბაზიერი

სურათის წყაროა ბაზიერი

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა