ვეიმარანერი – ვეიმარული მეძებარი

[huge_it_slider id=”42″]

ვეიმარანერი – Weimaraner – Веймаранер

ვეიმარული მეძებრები უძველეს მეძებართა რიცხვს მიეკუთვნებიან. ვარაუდობენ, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ყავისფერი შეფერილობის გერმანული მეძებრების პირველადი სახეობიდან. შემდეგ მოხდა მუტაციური ცვლილებები მათ შეფერილობაში, რომელიც შემდგომი სელექციური მუშაობითაც განმტკიცდა.
პირველად, ეს მეძებრები აღწერეს ვეიმერელ ერცჰერცოგ კარლ ავგუსტის სამეფო კარზე XIX საუკუნის დასაწყისში. სხვა, უფრო გვიანი წყაროები, მოგვითხრობს, რომ მათი სამშობლო იყო ჩეხეთი და კარლ ავგუსტმა ჩამოიყვანა ისინი ვეიმარში, თუმცა ეს წყაროები ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არ არის.
ვეიმარულ მეძებრებს აქვთ კარგი სამონადირეო თვისებები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ალღო, სამუშაოთი დაინტერესება, ბრაზიანობა და სიფხიზლე, ამიტომაც მათ განსაკუთრებით მეტყევეები ამრავლებენ. გარდა ამისა, მათ იყენებენ სამსახურებრივი დანიშნულებით, განსაკუთრებით, აშშ-ში, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან პოპულარულები გახდნენ.

ამ ჯიშის ერთერთი თავისებურება ისაა, რომ ლეკვებს ახასიათებს ფერის ასაკობრივი ცვლა, ისინი ორი თვის ასაკამდე ნაცრისფერ-ცისფერი შეფერილობისაა, აქვთ ლურჯი თვალები, მესამე თვიდან მათი ბეწვი იძენს მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ელფერს, ხოლო თვალები ქარვისფერი-ყვითელი ფერის უხდებათ. საბოლოოდ ბეწვის და თვალის ფერი უყალიბდებათ რვა თვის ასაკისთვის.

არსებობს ვეიმერული მეძებრების სამი სახესხვაობა, რომლებიც მხოლოდ ბეწვით განსხვავდებიან: მოკლებეწვიანი, გრძელბეწვიანი, უხეშბეწვიანი. ბოლო დრომდე ამ სახესხვაობის ძაღლების ერთმანეთთან შეჯვარება ხდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში არის მცდელობა მოხდეს მათი სუფთა გამოყვანა, ანუ ერთმანეთთან შეჯვარების გარეშე. ამ სახით მიიღება სამი დამოუკიდებელი ჯიში.

სტანდარტი:
ვაიმარული მეძებარი ელეგანტური, საშუალოზე მაღალი, პროპორციული აგებულების ძაღლია. ხვადების სიმაღლე 59-70სმ-ია, ძუების – 57-65სმ. წონა – 23-32კგ.

თავი
არისტოკრატული, საკმაოდ წაგრძელებული ფორმის, ტანთან პროპორციული შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული. დრუნჩი გრძელი, ბოლოსაკენ შევიწროვებული. ცხვირის წვერი განიერი. ღაწვები მკვეთრად გამოხატული. შუბლის კეხი ოდნავ ამობურცული.

თვალები
მომრგვალებული ფორმის, ოდნავ ირიბად განლაგებული. ბაციდან მუქ-ქარვისფერამდე სხვადასხვა ტონალობის.

ყურები
მაღლა განლაგებული, ჩამოკიდებული, საკმაოდ გრძელი, ბოლოში მომრგვალებული.

კისერი
დაკუნთული, ზომიერი სიგრძის.

ზურგი
სწორი, ოდნავ გრძელი, მაგრამ არა-სუსტი. ქეჩო კარგად გამოხატული. მკერდი განიერი და ღრმა, იდაყვებამდე დაშვებული. ნეკნები გამოკვეთილი, გავა გრძელი, ზომიერად წაკვეთილი.

კიდურები
ხმელი, დაკუნთული, სწორად გამოხატული შესახსრების კუთხეებით.

თათები
შეკრული, მომრგვალო ფორმის, წაგრძელებული შუა თითები დასაშვებია.

ფერი
ვერცხლისფერ-რუხი, თაგვისფერი, რუხი სხვადასხვა ტონალობით, აგრეთვე ამ ფერებს შორის გარდამავალი ელვარებით. თავი და ყურები, ჩვეულებრივ, უფრო ბაცი ფერის. მკერდსა და თათებზე დასაშვებია თეთრი ლაქები.

ბეწვი
მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი, კუდზე ლამაზი ანაჩეჩით.

კუდი
2/3-ზე კუპირებული, ქვემოთ დამდგარი, რითაც სხვა მეძებრებისგან განსხვავდება. უჭირავს ჰორიზონტალურად. გრძელბეწვიანებს კუდის კუპირებისას აშორებენ 2-3 მალას.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა