უკანონო თევზჭერისათვის ზესტაფონის მკვიდრს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზესტაფონის მკვიდრს, 32 წლის მამაკაცს 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მამაკაცი სასამართლომ უკანონო თევზჭერისათვის გაასამართლა.

როგორც დაკავებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ამბობს, თევზჭერის ფაქტი ხარაგაულის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, ხოლო მამაკაცის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზიანმა 4 ლარი და 57 თეთრი შეადგინა.

“კანონი ითვალისწინებდა ჯარიმას, პირობით მსჯავრს და პატიმრობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი მაქსიმალური სასჯელი შეეფარდა. თვითონ პროკურორი იყო გაოცებული, ამგვარ დანაშაულზე ასეთი სასჯელი არავისთვის შეუფარდებიათო. ვაპირებ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას და იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას,” – ამბობს ადვოკატი.

უკანონო თევჭერაში ბრალდებული მამაკაცი მოსამართლე ზურაბ ბალავაძის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. პატიმრობის გარდა, მას 500-ლარიანი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

წყარო: topnews.com.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა