”სნაპი” ბულტერიერის ამბავი – ე. სეტონ-თომფსონი

[huge_it_slider id=”46″]
პირველად ის ბინდბუნდში დავინახე. დილაადრიან სკოლის ამხანაგის ჯეკის დეპეშა მივიღე.
«გიგზავნი შესანიშნავ ლეკვს. თავაზიანად მოექეცი. ასე გირჩევნია».
ჯეკს ისეთი ხასიათი ჰქონდა, შეეძლო ლეკვის მაგივრად ჯოჯოხეთის მანქანა ანდა ცოფიანი ქრცვინი გამოეგზავნა. ამიტომ ამანათს, ცოტა არ იყოს, ცნობისმოყვარეობით ველოდი. ამანათი მოვიდა. ვხედავ, ზედ აწერია _ «საშიშია». ოდნავ გაქანებაზეც კი შიგნიდან ბრაზიანი ღრენა ისმის. შევიჭვრიტე რკინის ბადით აჭედილ ხვრელში და, ჩემდა გასაოცრად, ვეფხვის ბოკვერის ნაცვლად ერთი ციცქნა თეთრი ბულტერიერი დავინახე. ლეკვი ცდილობდა, როგორმე პირი ეტაცა ჩემთვის და ერთთავად გაავებით იღრი-ნებოდა. ძაღლები ორგვარად იღრინებიან: დაბალი, მკერდისმიერი ხმით _ ეს თავაზიანი გაფრთხილება ანდა ღირსებით აღსავსე პასუხია _ და ხმამაღლა, თითქმის წკავილით _ ეს ბოლო სიტყვაა თავდასხმის წინ. თეთრი ლეკ-ვიც სწორედ ამ ხმაზე ღრინავდა. ძაღლების მოყვარული ვიყავი და იმათი ავანჩავანიც ვიცოდი. ვიფიქრე, რა ჯურის ძაღლი უნდა იყოს, რომ ვერ მოვუარომეთქი. ამიტომ, გავუშვი თუ არა მომყვანი, ამოვიღე ჩემი საკეცი დანა, რომელიც წარმატებით მიწევდა ჩაქუჩის, ნაჯახის, იარაღით სავსე ყუთი-სა და ცეცხლის საჩხრეკის (ჩვენი ფირმის სპეციალობაა) მაგივრობას და ყუთს ბადე ავაგლიჯე. ყუთზე დანის ყოველ შემოკვრაზე ეშმაკის ფეხი მრისხანედ იღრინებოდა და როგორც კი ყუთი გვერდზე გადმოვაბრუნე, პირდაპირ ჩემი ფეხებისაკენ გამოქანდა. თქმა არ უნდა, თათი რომ მავთულის ბადეში არ გახლართვოდა, შავი დღე დამადგებოდა _ ლეკვი აშკარად არ იყო ხუმრობის გუნებაზე. მაგიდაზე შევხტი, რომ არ შემომწვდომოდა და შევეცადე დამეყოლიებინა. მე მუდამ ცხოველებთან საუბრის მომხრე ვიყავი. ჩემი ღრმა რწმენით, ისინი იჭერენ ჩვენი საუბრისა და განზრახვის საერთო აზრს, თუნდაც ცალკეული სიტყვები არ ესმოდეთ. მაგრამ ეს ლეკვი, ეტყობა, პირმოთნე კაცად მთვლიდა და ზიზღით უარყო ყველა ჩემი მიფო-ლორცება. თავდაპირველად მაგიდის ქვეშ დასკუპდა და ფხიზლად ეჭირა თვალი ყოველ მხარეს, რომელიმე ფეხი დაბლა ჩამოცოცებას ხომ არ აპირებსო. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, მის დამორჩილებას შევძლებდი თვალებში რომ შემეხედა. მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე ეს და ამიტომაც მაგიდაზე დავრჩი. დინჯი კაცი გახლავართ, მე ხომ კავეულით მოვაჭრე ფირმის წარმომადგენელი ვარ. ჩემი ხალხი კი ცნობილია მოთმინებითა და მხნეობით. აი, მარტო იმ ვაჟბატონებს თუ ჩამოუვარდებით, მზა ტანსაცმლით რომ ვაჭრობენ.
ასე და ამგვარად, სიგარა ამოვიღე და გავაბოლე მაგიდაზე თათრულად მორთხმულმა. პატარა დესპოტი კი ქვემოთ იჯდა და ჩემს ფეხებს ელოდა. შემდეგ ჯიბიდან დეპეშა ამოვიღე და ერთხელ კიდევ გადავიკითხე. «შესა-ნიშნავი ლეკვია. თავაზიანად მოექეცი, ასე გირჩევნია». ვფიქრობ, ჩემმა გულგრილობამ ამჯერად მშვენივრად შეცვალა თავაზიანობა, რამეთუ ნახევარი საათის შემდეგ ღრენა შეწყდა. ერთი საათის შემდეგ კი ის უკვე აღარ მივარდებოდა ხოლმე მისი გრძნობების გამოსაცდელად მაგიდიდან ფრთხილად ჩაშვებულ გაზეთს. შესაძლოა, გალიით გამოწვეულმა გაღიზია-ნებამ ცოტათი გაუარა. ხოლო როცა მესამე სიგარა გავაბოლე, ლეკვი ნებანება წაბრძანდა ბუხრისაკენ და იქ წამოწვა. თუმცა მე არ დავვიწყებივარ _ ამას ვერ ვუსაყვედურებ, ცალი თვალი სულ ჩემკენ ჰქონდა, არ მაცილებდა. მე კი ორივე თვალით მივჩერებოდი ლეკვს კი არა, მის მოკლე კუდს. ეს კუდი რომ თუნდაც ერთხელ გაქანებულიყო გვერდზე, თავს გამარჯვებულად ვიგრძნობდი. მაგრამ მოკლე კუდი ერთხელად არ შერხეულა. წიგნი გადმო-ვიღე და მანამდე ვიჯექი მაგიდაზე, სანამ ფეხები არ დამიბუჟდა და ბუხარ-ში ცეცხლი არ ჩაიფერფლა. ათი საათისათვის აგრილდა. ხოლო თერთმეტის ნახევარზე ცეცხლი საბოლოოდ ჩაქრა. მეგობრის საჩუქარი ადგა, დაამთქნა-რა, გაიზმორა და გაემართა ჩემი საწოლის ქვეშ, ბეწვის პატარა საფენისაკენ. იოლად გადავაბიჯე მაგიდიდან ბუფეტზე, ბუფეტიდან ბუხარზე. მეც მი-ვაღწიე საწოლს. ჩუმად გავიხადე ტანსაცმელი და ისე მოვახერხე დაწოლა, რომ ჩემი მბრძანებელი არ შემიწუხებია. ჩაძინება ვერ მოვასწარი, მსუბუქი ფხაჭუნი შემომესმა და ვიგრძენი, რომ ჯერ საწოლზე, მერე ჩემს ფეხებზე ვიღაც დააბიჯებდა. როგორც ჩანს, სნაპმა იფიქრა, ქვემოთ ძალიან ცივაო და გადაწყვიტა ესარგებლა ყოველგვარი კომფორტით.
ლეკვი მოკალათდა ჩემს ფეხებში. მე ძალიან უხერხულად ვიწექი, მაგ-რამ უფრო მოხერხებულად ფეხის გაშლაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, ვინაიდან ოდნავ გატოკებაზეც კი ლეკვი ისეთი გააფთრებით ჩააფრინდებოდა ხოლმე ჩემს ფეხს, რომ მხოლოდ სქელი საბანი მიცავდა მძიმე დასახიჩრებისაგან. მთელი საათი გავიდა, ვიდრე ნელნელა ცოცებცოცებით ფეხებს ისე დავაწყობდი, რომ დაძინება შემძლებოდა. ღამით რამდენჯერმე გამაღვიძა ლეკვის მრისხანე ღრენამ _ იქნებ იმიტომ, რომ გავბედე და მისი ნებართვის გარეშე ფეხი გავატოკე. მაგრამ მე მგონია, იმიტომაც, რომ ჩემს თავს ნება მი-ვეცი ხანდახან წამომეხვრინა.
დილით სნაპზე ადრე ადგომა მინდოდა. იცით, მე მას სნაპი დავარქვი. მისი სრული სახელი იყო ჯინჯერსნაპი.3 ზოგიერთ ძაღლს ძნელად მოუძებნი სახელს. ზოგზე კი დაფიქრებაც არა გჭირდება. თავისთავად მოგდის თავში.
ამგვარად, მე შვიდ საათზე მინდოდა ადგომა. სნაპმა ამჯობინა, ადგომა რვა საათისათვის გადაედო. ამიტომ რვაზე ავდექით. მან ნება დამრთო, ბუხარი გამეჩაღებინა და უფლება მომცა ტანთ ჩამეცვა ისე, რომ ერთხელაც არ შევუხტუნებივარ მაგიდაზე. საუზმის მოსამზადებლად ოთახიდან რომ გავდიოდი, სნაპს ვუთხარი:
სნაპ, ჩემო მეგობარო, ზოგიერთი შენს აღზრდას მათრახით შეეცდებოდა. მაგრამ მე მგონია, რომ ჩემი გეგმა უკეთესია. ახლანდელი ექიმები მკურნალობის ისეთ სისტემას გვთავაზობენ, რომელსაც “უსაუზმოდ დატოვება” ჰქვია. მე ამ სისტემას შენზე გამოვცდი.
მთელი დღე არ ვაჭამე საჭმელი. მართალია, გამიჭირდა ასეთი სისასტიკის გამოჩენა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოვიჩინე. სნაპმა ისე ჩამოფხოჭნა მთელი კარი, ხელმეორედ შესაღები გამიხდა. სამაგიეროდ, საღამოს სიამოვნებით მიირთვა ჩემი ხელიდან ცოტაოდენი საჭმელი.
კვირაც არ გასულა და უკვე დიდი მეგობრები ვიყავით. ძველებურად ჩემს საწოლზე ეძინა, მაგრამ ახლა აღარ ცდილობდა ყოველ გატოკებაზე ჩემს დასახიჩრებას. მკურნალობის სისტემამ, რომელსაც “უსაუზმოდ დატოვება” ეწოდებოდა, სასწაული მოახდინა და სამი თვის შემდეგ წყალი რომ გადაგესხათ, ერთმანეთს ვერ გაგვაშორებდით. ისიც ცხადი გახდა, რომ დეპეშაში სნაპი ტყუილად არ იყო მოხსენიებული, როგორც შესანიშნავი ლეკვი.
შიში რა იყო, არ იცოდა. პატარა ძაღლს რომ დაინახავდა, ზედაც არ შეხედავდა. მაგრამ საკმარისი იყო რომელიმე ზორბა ძაღლი გამოჩენილიყო, მაშინვე ისარივით გაჭიმავდა წაჭრილ კუდს და მოჰყვებოდა უცნობის ირგვლივ სეირნობას. თან უყურებდა ცას, მიწას, გაიყურებოდა სადღაც შორეთში საითაც გნებავთ. მარტო მეტოქეს არ შეხედავდა, და მის იქ ყოფნას მხოლოდ ნოტებზე ხშირი ღრენით აღნიშნავდა. თუ უცნობი სასწრაფოდ არ გაეცლებოდა, იწყებოდა ბრძოლა. უმეტეს შემთხვევაში, ბრძოლის შემდეგ უცნობი განსაკუთრებული მონდომებით ტოვებდა იქაურობას. ხანდახან სნაპიც წააგებდა ხოლმე ბრძოლას, მაგრამ ვერავითარმა მწარე გამოცდილე-ბამ ვერ ჩაუნერგა იოტისოდენა სიფრთხილეც კი.
ერთხელ, ძაღლების გამოფენის დროს, ნაქირავები კარეტით დავსეირნობდით. სნაპმა დაინახა სასეირნოდ გამოყვანილი სპილოსოდენა სენბერნარი. ამ ძაღლის სიდიდემ ისე გადარია და აღაფრთოვანა ლეკვი, რომ კისრის-ტეხით გადაეშვა კარეტის ფანჯრიდან და ფეხი მოიტეხა. მან არ იცოდა, რა იყო შიში. სნაპი არ ჰგავდა ჩემთვის ცნობილ არც ერთ ძაღლს. ვთქვათ, მოხდა და ვინმე ბიჭმა ქვა ესროლა. სნაპი მაშინვე მოუსვამდა, როგორ გგონიათ, საით? პირდაპირ ბიჭისაკენ. თუ ბიჭი ისევ ესროდა ქვას, სნაპი იმწამსვე საკადრისად გაუსწორდებოდა. ამგვარი ხასიათით მან საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა. მარტო მე და ჩვენი კანტორის შიკრიკი ვხედავდით მის კარგ მხარეებს. მარტო ჩვენა გვთვლიდა ის თავისი მე-გობრობის ღირსად. შუა ზაფხულისათვის კარნეგი, ვანდერბილდი და ასტორი, ერთად აღებულნი, ვერ შეაგროვებდნენ საკმაო თანხას, რომ ჩემგან პატარა სნაპი ეყიდათ.

II

თუმცა კომივოიაჟერი არ ვიყავი, მაგრამ ფირმამ, რომელშიც ვმუშაობდი, შემოდგომაზე სამოგზაუროდ გამგზავნა. სნაპი დარჩა სახლის დიასახლისთან. ისინი ხასიათით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. სნაპს ის ეზიზღებოდა. მას სნაპისა ეშინოდა. ასე რომ, ორივეს ჭირივით სძულდა ერთმანეთი.
მე ჩრდილოეთ შტატებში ეკლიანი მავთულის გასაღების საქმით ვიყავი დაკავებული. წერილები კვირაში ერთხელ მოდიოდა. ჩემი დიასახლისი თავის წერილებში ერთთავად სნაპს უჩიოდა.
ჩრდილოეთ დაკოტაში, მენდოზაში, სარფიანად გავასაღე ჩემი საქონელი. რასაკვირველია, ხელშეკრულებები უმთავრესად მსხვილ მოვაჭრეებთან დავდე, მაგრამ ფერმერებსაც გამოვესაუბრე, რათა გამეგო მათი გასაჭირი და მოთხოვნილება. ასე გავეცანი ძმები პენრუფების ფერმას.
არ შეიძლება ისეთ ადგილას მოხვდე, სადაც მესაქონლეობას მისდევენ და არ მოისმინო რომელიმე გაიძვერა და სისხლისმსმელი მგლის ბოროტმოქმედების ამბავი. ის დრო წავიდა, როცა მგლებს საწამლავით წამლავდნენ. ძმებმა პენრუფებმა, სხვა გონიერი მესაქონლეების მსგავსად, უარი თქვეს საწამლავსა და ხაფანგებზე და ხელი მიჰყვეს სხვადასხვა ჯურის ძაღლების გაწვრთნას მგლებზე სანადიროდ. მათ იმედი ჰქონდათ, იქაურობასაც დაიცავდნენ მტრისაგან და გაერთობოდნენ კიდეც.
მეძებრებს ძალა არ ჰყოფნიდათ გადამწყვეტი ბრძოლისათვის. დანიური დოგები მეტისმეტად მოუხეშავები გამოდგნენ, ხოლო მწევრები მხეცს ვერ მისდევდნენ, თუ არა ხედავდნენ. ყოველ ჯიშს თავისი საბედისწერო ნაკლი ჰქონდა. კოვბოებს ძაღლების შერეული ხროვის იმედი ჰქონდათ. და როცა
მეც მიმიწვიეს სანადიროდ, მართალი გითხრათ, ძალიან გამართო ამ ნაირ-ნაირი ძაღლების დანახვამ. ხროვაში ბევრი იყო ნაბიჭვარი. მაგრამ იყვნენ წმინდა სისხლის ძაღლებიც სხვათა შორის, რამდენიმე მგელზე დაგეშილი რუსული ქოფაკიც, ალბათ მამასისხლად ღირებული.
ძმებში უფროსი და ადგილობრივი ნადირობის «მეთაური» ჰილტონ პენრუფი უჩვეულოდ ამაყობდა ამ ძაღლებით და მათგან უდიდეს გმირობას მოელოდა.
მწევრები მეტისმეტად ნაზები არიან მგელზე სანადიროდ. დოგები ნელა გარბიან, მაგრამ ნახავთ, რა კორიანტელი დადგება, როცა საქმეში მგელზე გაწვრთნილი ქოფაკები ჩაერევიან.
ამგვარად, მწევრების დანიშნულება იყო, მგელს გამოდევნებოდნენ. დოგები რეზერვისათვის ეყოლებოდათ, ქოფაკები _ გენერალური ბრძოლისათვის. გარდა ამისა, ხროვაში ორისამი მეძებარიც გაურიეს, რომლებიც თავი-ანთი მახვილი ყნოსვით კვალს აიღებდნენ, თუკი დანარჩენები მხედველობიდან დაკარგავდნენ მხეცს.
დიდებული სანახავი იყო, როცა ოქტომბრის ერთ მოწმენდილ დღეს გორაკებს შორის გავუდექით გზას. ჰაერი გამჭვირვალე და სუფთა იყო. და, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი შემოდგომა იდგა, არც თოვლი იდო, არც ყინავდა. ცხენები თავის წართმევას ლამობდნენ და ერთიორჯერ კიდევაც სცადეს ეჩვენებინათ ჩემთვის, როგორ იშორებენ ხოლმე თავიდან მხედრებს.
ველზე ორი-სამი ნაცრისფერი ლაქა შევნიშნეთ. ჰილტონის სიტყვით, მგლები ან კოიოტები უნდა ყოფილიყვნენ. ხროვა ყეფა-გნიასით გავარდა მათ კვალზე, მაგრამ დაჭერით ვერაფერი დაიჭირეს, თუმცა საღამომდე აწ-ყდებოდნენ აქეთ-იქით. მხოლოდ ერთი მწევარი წაეწია მგელს და მხარში დაჭრილი ისიც უკან ჩამორჩა.
_ ჰილტ, მე მგონია, შენი ნაქები ქოფაკები ღმერთს არ უქნია. _ თქვა ჰარვინმა, უმცროსმა ძმამ. _ პატარა შავი დოგი სჯობია მაგათ, თუმცა მათსავით წმინდა სისხლისა არ არის.
_ ვერაფერი გამიგია, _ ჩაიბუზღუნა ჰილტონმა. _ ამ მწევრებს ჯერ კოიოტიც არ გაქცევიათ, მგელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მეძებრებიც სანაქებონი არიან _ სამი დღის კვალიც რომ იყოს, მიჰყვებიან. დოგები ხომ დათვსაც გაუმკლავდებიან.
_ არ შეგედავები, _ უთხრა მამამ, _ შენს ძაღლებს შეუძლიათ ნადირის დევნა, შეუძლიათ კვალში ჩადგომა, მათ შეუძლიათ დათვსაც კი გაუსწორდნენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ არავითარი სურვილი არა აქვთ მგელთან შეხვედრისა. მთელი ეს წყეული ხროვა მხდალების ხროვაა და მეტი არაფერი. აფსუსი არ არის მაგათში გადაყრილი ფული!
ამ ლაპარაკში და ბუზღუნში იყვნენ პენრუფები, როცა მე დავემშვიდობე და ჩემი გზა გავაგრძელე. როგორც ჩანს, მარცხის მიზეზი ის იყო, რომ თუმცა ძაღლები ღონივრებიც იყვნენ და ფეხმარდებიც, მაგრამ მგლის დანახვაზე წახდებოდნენ ხოლმე. გამბედაობა არა ჰყოფნიდათ, ძალაში გასჯიბრებოდნენ ტყიურს. ჩემს წარმოდგენაში ძალაუნებურად ამოტივტივდა ერთი ციცქნა უშიშარი ლეკვი, ბოლო წელს ჩემი საწოლიდან რომ არ გადადიოდა და ფეხებში მეწვა. როგორ მინდოდა, აქა მყოლოდა! ამ დონდლო გიგანტებს ისეთი ბელადი გაუჩნდებოდათ, რომელსაც სიმამაცე არასოდეს ღალატობდა.
შემდეგ გაჩერებაზე, ბაროკაში, წერილები მივიღე. ბოლო ორი წერილი ჩემი დიასახლისისაგან იყო: პირველში მიცხადებდა, რომ “ეს საზიზღარი ძაღლი ათასგვარ უმსგავსობას ჩადიოდა ჩემს ოთახში”. მეორე, უფრო ცხარე წერილი მოითხოვდა, დაუყოვნებლივ მომეშორებინა იქაურობისათვის სნაპი. “რა უშავს, რომ მენდოზაში გამოვიწერო სნაპი? _ გავიფიქრე ჩემთვის. _ სულ რაღაც ოცი საათის სავალია. პენრუფებს ძალიან გაუხარდებათ. უკან მობრუნებისას კი გამოვუვლი და წავიყვან”.

III

ჩემი შემდგომი შეხვედრა ჯინჯერსნაპთან ისეთი არ გამოდგა, როგორსაც მოველოდი და დიდად არ განსხვავდებოდა პირველისაგან. ლეკვი ღრენაღრენით დამეტაკა, ვითომდა საკბენად. მაგრამ ახლა მკერდისმიერი ბოხი ხმით ღრინავდა და თან მოჭრილ კუდს გამალებით აქიცინებდა.
ჩემი წასვლის შემდეგ პენრუფებმა რამდენჯერაც წამოიწყეს მგელზე ნადირობა, იმდენი ხელი მოეცარათ და განცვიფრებულები იყვნენ. ძაღლები თითქმის ყოველთვის წამოაგდებდნენ ხოლმე მგელს, მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ. მონადირეები ერთხელაც ვერ მივიდნენ ისე ახლოს, რომ შეეტყოთ, რატომ ეშინოდათ ძაღლებს.
მოხუცი პენრუფი ახლა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ “მთელ ამ უმაქნის ხროვაში ერთი ძაღლიც არ იყო კურდღელზე გულადი”.
მეორე დღეს სისხამ დილით გავედით. იგივე საუკეთესო ცხენები, ჩინებული მხედრები, დიდრონი მტრედისფერი, წითური და ჭრელი ძაღლები. მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენ გვახლდა პატარა თეთრი ძაღლი, რომელიც სულ მე მეკვროდა და თავის თეთრ კბილებს აცნობდა არა მარტო ძაღლებს, ცხენებსაც, თუკი გაბედავდნენ ჩემთან მოახლოებას. მგონი სნაპი წაეჩხუბა ახლომახლო ყველა კაცს, ძაღლსა და ცხენს. ჩვენ ერთი მაღალი გორის ბრტყელ მწვერვალზე შევჩერდით. ჰილტონმა დურბინდით მოათვალიერა მიდამო და უცებ წამოიძახა:
_ ვხედავ, ვხედავ! აი, ნაკადულისაკენ გარბის. მგონი, კოიოტი უნდა იყოს.
ახლა როგორმე მწევრებისათვისაც უნდა დაგვენახვებინა ნადირი. ეს კი იოლი საქმე არ იყო, ვინაიდან მათ დურბინდში ყურება არ შეეძლოთ, ველი კი ძაღლზე მაღალი აბზინდით იყო დაფარული.
მაშინ ჰილტონმა ძაღლს დაუძახა: “აქეთ, დანდერ!” _ და ფეხი წინ გაიშვირა. დანდერი ერთი მარჯვე ნახტომით შეფრინდა უნაგირზე და ტორტმანით ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას. ჰილტონი კი დაჟინებით უჩვენებდა სივრცეში მოძრავ წერტილს.
_ აი, დანდერ, უყურე! ეცი, ეცი, აგერა!.. აგერა!
დანდერი ჩაშტერებით გაიყურებოდა პატრონის მინიშნებული წერტილისაკენ. შემდეგ, ეტყობა, რაღაც დაინახა, მსუბუქი წკავწკავით მიწაზე ჩახტა და ველზე გავარდა. დანარჩენი ძაღლებიც მას მიჰყვნენ. ჩვენც ძაღლებს გამოვუდექით, მაგრამ საკმაო მანძილზე ჩამოვრჩით, ვინაიდან გზას გვიღო-ბავდნენ ხევხუვები, მაჩვის სოროები, ქვები და მაღალი აბზინდა. მეტისმეტად სწრაფი ჭენება შეიძლება სამწუხაროდ დასრულებულიყო.
ამგვარად, ჩვენ ყველანი ჩამოვრჩით ძაღლებს. მე კი, უნაგირს მიუჩვეველი კაცი, განსაკუთრებით. ხანგამოშვებით წინ გაიელვებდნენ ხოლმე ძაღლები. ისინი ხან ველზე მიჰქროდნენ, ხან ხევში გადაფრინდებოდნენ, რომ 202
უცებ ახლა მეორე ფერდობზე გამოჩენილიყვნენ. აღიარებული წინამძღოლი გახლდათ მწევარი დანდერი. შემდეგ, თხემს რომ მოვექეცით თავში, ნადირობის მთელი სურათი გადამეშალა თვალწინ: წინ, ნახტომებით მიფრინავდა კოიოტი, უკან მეოთხედ მილზე კი ძაღლები მისდევდნენ. მაგრამ ეტყობა, ძაღლები უკვე ეწეოდნენ ნადირს. მესამედ როცა დავინახეთ ისინი, კოიოტი უსულოდ ეგდო მიწაზე. ძაღლები კი, ორი მეძებრისა და ჯინჯერსნაპის გარდა, გარშემო შემოსხდომოდნენ.
_ ჩხუბს ვეღარ მოვუსწარით! _ თქვა ჰილტონმა და დაგვიანებულ მეძებრებს გადახედა. მერე სიამაყით გადაუსვა დანდერს ხელი: _ როგორც ხედავთ, თქვენი ლეკვის გარეშეც იოლად გავედით.
_ ერთი ამას დამიხედეთ. თურმე რა მომხდარა: ათი ზორბა ძაღლი ერთ საცოდავ კოიოტს დასხმია თავს! _ დამცინავად ჩაილაპარაკა მამამ. _ მოიცა, ჯერ მგელს შევხვდეთ და მერე ილაპარაკე!
მეორე დღეს ისევ წავედით სანადიროდ.
გორაკზე რომ ავიმაღლეთ, მოძრავი ნაცრისფერი წერტილი დავინახეთ. მოძრავი თეთრი წერტილი ანტილოპაა, წითელი _ მელა, ხოლო ნაცრისფერი _ მგელი ან კოიოტი. მგელია თუ კოიოტი, ამას კუდზე ატყობენ ხოლმე. კუდდაშვებული კოიოტია, კუდაპრეხილი კი _ საძულველი მეგლი.
დანდერს გუშინდელივით დაანახვეს ნადირი. მანაც გუშინდელივით გაიყოლა უკან მწევრების, ნაგაზების, მეძებრების, დოგების, ბულტერიერისა და მხედრების ჭრელი გუნდი. წუთით თვალი მოვკარით ასეთ სურათს: ეჭვი არ იყო, ძაღლების წინ დიდდიდი ნახტომებით მირბოდა მგელი. რატომღაც მომეჩვენა, რომ წინა ძაღლები ისეთი მონდომებით არ გარბოდნენ, როგორც გუშინ, კოიოტს რომ მისდევდნენ. რა მოხდა შემდეგ, არავის დაუნახავს. ძაღლები ერთმანეთის მიყოლებით დაბრუნდნენ უკან. მგელი კი გაქრა.
ახლა ძაღლებს დაუწყეს დაცინვა და საყვედური.
_ ეჰ! შეეშინდათ და მეტი არაფერი! _ ზიზღით ჩაილაპარაკა მოხუცმა პენრუფმა. _ თავისუფლად შეეძლოთ დასწეოდნენ, მაგრამ, როგორც კი მოუბრუნდათ, მაშინვე მოცოცხეს. ფუჰ!
_ შეუდარებელი, უშიშარი და მამაცი ტერიერი სადღაა? _ მკითხა ჰილტონმა დამცინავად.
_ არ ვიცი, _ ვუპასუხე მე. _ ალბათ თვალითაც არ უნახავს მგელი. მაგრამ თუკი ოდესმე დაინახა, სანაძლეოს დავდებ, ან გამარჯვებას არჩევს, ან სიკვდილს.
იმ ღამით ფერმის მახლობლად მგლებმა რამდენიმე ძროხა კიდევ დაგლიჯეს და ჩვენ ისევ წავედით სანადიროდ.
ნადირობა დაახლოებით ისე დაიწყო, როგორც წინა დღეს. უკვე საღამო ხანი იყო, ასე ნახევარ მილზე რუხი ვაჟკაცი რომ დავინახეთ კუდაპრეხილი. ჰილტონმა დანდერი დაისვა უნაგირზე. მეც მივბაძე და სნაპს დავუძახე. მას ისეთი მოკლე თათები ჰქონდა, რომ ცხენის ზურგზე შემოხტომა არ შეეძლო. ბოლოს ამომახოხდა და ისე ამოვიდა. მე დავანახვე მგელი და მანამდე ვუმეორებდი, ეცი, ეციმეთქი, სანამ სნაპმა ბოლოს და ბოლოს არ დაინახა მხეცი და კისრისტეხით არ გაედევნა წინ გავარდნილ მწევრებს. ამჯერად ძაღლებს ნადირის დევნა ბუჩქნარით დაფარულ მდინარის ხეობაში კი არა, ღია ადგილას მოუხდათ. ყველანი ერთად ავუყევით ფერდობს და სწორედ იმ დროს გავედით ზეგანზე, როცა დანდერი მგელს წამოეწია და შეეცადა, უკანა ფეხში ეტაცა პირი. რუხი მიუტრიალდა საბრძოლველად და ჩვენ მშვენივრად დავინახეთ, რაც შემდეგ მოხდა. ძაღლები მორბოდნენ ორორნი, სამსამნი. გარშემო ურბენდნენ მგელს და უყეფდნენ, სანამ ყველაზე ბოლოს არ მოვარდა პატარა თეთრი ფინია. მას ყეფაზე დრო არ დაუხარჯავს, პირდაპირ გაქანდა მგლის ყანყრატოსაკენ, მაგრამ ყანყრატოს ვერ უწია და ცხვირში ჩაფრენაღა მოასწრო. მაშინვე ათივე ვეება ძაღლი დააცხრა მგელს და ორ წუთში მოუღო ბოლო. ჩვენ ჭენებით მივქროდით, რომ ნადირობის დასასრული არ გამოგვპარვოდა და, მართალია, შორიდან, მაგრამ ცხადად დავინახეთ, რომ სნაპმა გაამართლა ჩემი რეკომენდაციაც და ქების დეპეშაც.
ახლა კი ჩემი ჯერი დადგა ზეიმისა. სნაპმა უჩვენა მათ, როგორ უნდა დაეჭირათ მგელი. ბოლოს და ბოლოს მენდოზის ხროვამ ადამიანის დაუხმარებლად მოუღო ბოლო მგელს.
თუმცა ორი გარემოება ჩრდილავდა გამარჯვების სიხარულს. ჯერ ერთი, მგელი ახალგაზრდა იყო, თითქმის ლეკვი. აი, რატომ გაიქცა ის სულელურად ველზე. მეორეც, სნაპი დაჭრილი იყო. მგელმა ძლიერ დაუზიანა მხარი.
როცა ჩვენ ამაყად გამოვწიეთ შინისაკენ, შევამჩნიე, რომ სნაპი კოჭლობ-და.
_ აქეთ, _ დავუძახე მე, _ აქეთ, სნაპ!
მან ერთიორჯერ სცადა უნაგირზე შემოხტომა, მაგრამ ვერ შეძლო.
_ ჰილტონ, მომაწოდეთ, _ ვთხოვე მე ჰილტონს.
_ დიდ მადლობას მოგახსენებთ. თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენს ჩხრიალა გველს. _ მიპასუხა ჰილტონმა, ვინაიდან ახლა ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სნაპთან საქმის დაჭერა საფრთხილო იყო.
_ აქეთ, სნაპ, აქეთ, დაიჭი! _ დავუძახე სნაპს და მათრახი გავუწოდე.
ძაღლი კბილებით ჩააფრინდა მათრახს. ასე ავწიე, შემოვისვი უნაგირზე და შინ მივიყვანე. ისე ვუვლიდი, როგორც ბავშვს. სნაპმა დაანახვა ფერმერებს, ვინ აკლდათ ხროვაში. მეძებრებს შესანიშნავი ყნოსვა ჰქონდათ, მწევრებს მარდი ფეხები. ნაგაზები და დოგები ღონივრები იყვნენ, მაგრამ მათი ფასი გროში იყო, ვინაიდან თავგანწირული სიმამაცე მხოლოდ ბულტერიერს გააჩნდა. იმ დღეს მესაქონლეებმა გადაწყვიტეს მგლების საკითხი. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ მენდოზაში ჩახვალთ. ახლა ყოველ ადგილობრივ ხროვაში თავისი ბულტერიერი ჰყავთ, უმეტესად სნაპმენდოზური სისხლისა.
IV
მეორე დღეს ერთი წელი სრულდებოდა, რაც სნაპი ჩემთან იყო. მოწმენდილი, მზიანი დღე იდგა. თოვლი ჯერ არ დაედო. ისევ შევიკრიბენით მგელზე სანადიროდ. ყველას გული დაგვწყვიტა იმ ამბავმა, რომ სნაპი ვერ იყო კარგად. ღამე, ჩვეულებრივ, ჩემს ფეხებში ეძინა და საბანზე სისხლის კვალი დატოვა. რასაკვირველია, ნადირობაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. გადავწყვიტეთ, უიმისოდ წავსულიყავით, ბეღელში შევიტყუეთ და ჩავკეტეთ. გავუდექით გზას, მაგრამ რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაწუხებდა. ვიცოდი, ჩემი ძაღლის გარეშე აუცილებლად მოგვეცარებოდა ხელი, მაგრამ წარმოდგენა არა მქონდა, რა მძიმე იქნებოდა ეს დამარცხება.
უკვე შორს ვიყავით წასული. გორაკებს შორის დავეხეტებოდით, როცა უეცრად აბზინდებში რაღაცამ გაიელვა და ჩვენს კვალზე გამოქანებული თეთრი ბურთი წამოგვეწია. ერთი წუთის შემდეგ ღრენითა და წაჭრილი კუდის ქიცინით სნაპმა მოირბინა ჩემს ცხენთან. შინ გაგზავნა არ შემეძლო, ვინაიდან არაფრის დიდებით არ დამიჯერებდა. მისი ჭრილობა საძაგელი შესახედავი იყო. დავუძახე, მათრახი გავუწოდე და უნაგირზე ამოვიყვანე. _ “აქ იჯდები შინ დაბრუნებამდე” _ გავიფიქრე მე. მაგრამ გაგიგონიათ! ჰილტონის დატატანებამ გვამცნო, რომ მან მგელი დაინახა, დანდერი და რაილი, მისი მეტოქე, წინ გაცვივდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთად გაგორდნენ მიწაზე. ამასობაში თვალებად ქცეულმა სნაპმა მგელი დაინახა და მიხედვა ვერ მოვასწარი, რომ უნაგირიდან გადმოხტა და ზიგზაგებით გავარდა წინ _ ზემოთ, ქვემოთ, _ აბზინდიანში პირდაპირ მტრისაკენ. რამდენიმე წუთის მანძილზე ხროვას ის მიუძღოდა. რასაკვირველია, მცირე ხანს. ზორბა მწევრებმა დაინახეს მოძრავი წერტილი და მინდორზე გაიჭიმა ძაღლების გრძელი ჯაჭვი. ნადირობას საინტერესო პირი უჩანდა, რადგან მგელი იქვე ახლოს იყო და ყველა ძაღლი თავდაუზოგავად მიქროდა.
_ დათვის ხევში შეუხვიეს! _ დაგვიძახა ჰარვინმა, _ მომყევით! შეგვიძლია გზა გადავუჭრათ!
შემოვბრუნდით და სასწრაფოდ გავქუსლეთ გორაკის ჩრდილო ფერდობზე, მაშინ, როცა ნადირი და მწევარმეძებრები, როგორც ჩანს, სამხრეთ ფერდობის გასწვრივ მიქროდნენ.
თხემზე ავედით და უკვე დაშვებას ვაპირებდით, ჰილტონმა რომ დაგვიძახა:
_ აქ არის! პირდაპირ გადავაწყდით!
ჰილტონი ცხენიდან ჩამოხტა, სადავე მიაგდო და წინ გაიქცა. მეც იგივე გავაკეთე. ჩვენ პირისპირ გაშლილ მინდორზე მოქროდა ვეებერთელა მგელი, თავი დაეღუნა, კუდი ისარივით სწორად გაეჭიმა. ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე კი უკან მოსდევდა დანდერი. მწევარი მგელზე ორჯერ უფრო სწრაფად მოქროდა, წუთის შემდეგ წამოეწია კიდეც და უკვე დაკრიჭა კბილები. მაგრამ როგორც კი მხეცი მისკენ მიბრუნდა, მაშინვე უკან დაიხია. ორივე იქვე ორმოცდაათიოდე ფუტზე იყვნენ, სწორედ ჩვენ ქვემოთ. გარვინმა რევოლვერი იძრო, მაგრამ, საუბედუროდ, ჰილტონმა შეაჩერა:
_ არა! დაიცა! ვნახოთ, რა მოხდება.
წამის შემდეგ მეორე მწევარი მოვარდა. მერე ერთიმეორის მიყოლებით დანარჩენი ძაღლებიც მოცვივდნენ. თითოეული მათგანი მოქროდა მრისხანებით და სისხლის წყურვილით ანთებული. მზად იყო, იქვე ნაფლეთნაფლეთად ექცია ტყიური. მაგრამ, როგორც კი მოცვივდებოდნენ, რიგრიგობით იხევდნენ უკან უშიშარ მანძილზე და მოჰყვებოდნენ ყეფას. ორიოდე წუთში ნაგაზებიც იქ გაჩნდნენ _ შესანიშნავი, ლამაზი ძაღლები. აქეთ რომ მორბოდნენ, ეჭვი არ არის, ერთადერთი სურვილი ჰქონდათ, _ პირდაპირ სცე-მოდნენ ბებერ მგელს. მაგრამ მისმა შეუპოვარმა შესახედაობამ, დაკუნთულმა მკერდმა, ფოლადის ყბებმა ისე შეაშინა ისინი, მგელთან შეხვედრის სურვილი გაუნელდათ და დანარჩენ ძაღლებს შეუერთდნენ. რუხი ყაჩაღი ხან ერთ მხარეს მიტრიალდებოდა, ხან მეორე მხარეს. მზად იყო, შებმოდა თითოეულ მათგანს ცალცალკე და ყველას ერთად.
აი, დოგებიც გამოჩნდნენ, ძორძოხა არსებანი. თითოეული მათგანი მგელს არ ჩამოუვარდებოდა წონაში. რაც უფრო ახლოვდებოდნენ, მათი მძიმე სუნთქვა თანდათან ავის მომასწავებელ ხრიალში გადადიოდა. ისინი მზად იყვნენ, ნაკუწებად ექციათ მგელი. მაგრამ როგორც კი მიუახლოვდნენ, დაინახეს პირქუში, უშიშარი, მძლავრყბებიანი და თათებმოუღლელი მხეცი, რომელიც მოკვდებოდა, თუკი საჭირო იყო, მაგრამ ჯერ სხვებს წაიმძღვარებდა წინ _ ამ ვეება დოგებს. სამივეს, დანარჩენების მსგავსად უეცრად სიმორცხვე მოეძალა: დიახ, დიახ, ისინი ეცემიან მგელს, მაგრამ ამ წუთს კი არა, ცოტათი რომ მოითქვამენ სულს. შემდეგ, მგლისა, მათ, რასაკვირველია, არ ეშინიათ. მათი ხმა ვაჟკაცურად ჟღერდა. მშვენივრად იცოდნენ, რომ ვინც პირველი გადაეშვებოდა, კარგი დღე არ დაადგებოდა. მაგრამ ეს სულ ერთი იყო, ოღონდ ახლა არა. ისინი ცოტას კიდევ იყეფებენ გულის გასამაგრებლად.
მაშინ, როცა ათი ვეებერთელა ძაღლი აწყდებოდა აქეთიქით მდუმარე მხეცის ირგვლივ, მათ უკან აბზინდებში შრიალი გაისმა. შემდეგ ხტუნვახტუნვით გამოჩნდა ქათქათა რეზინის ბურთი, რომელიც მალე პატარა ბულტერიერად იქცა. მოიჭრა სნაპი, მთელ ხროვაში ყველაზე ნელი და ყველაზე პატარა. მძიმედ სუნთქავდა. ისე მძიმედ, გეგონებოდათ, სული ეხუთებაო. მოიჭრა და პირდაპირ მრისხანე მხეცის ირგვლივ შეკრულ წრესთან მივარდა. როგორ გგონიათ, შეყოყმანდა? ერთი წუთითაც არა. გაარღვია აღავღავებული ძაღლების წრე, პირდაპირ გავარდა მთაგორების ბებერი დესპოტისაკენ და შეეცადა ყელში სცემოდა. მგელმა დასცხო მას თავისი ოცივე ხანჯალი. მაგრამ პატარა არ შეუშინდა და მეორედ ეცა. რა მოხდა ამ დროს, ძნელი სათქმელია. ძაღლები ერთმანეთში აირივნენ. მომეჩვენა, თითქოს პატარა თეთრი ფინია მგელს ცხვირში ჩააფრინდა და მაშინვე ძაღლების მთელი ხროვა ეძგერა მხეცს. ვერაფრით მივეხმარებოდით ძაღლებს. თუმცა ახლა ჩვენი მიხმარება არც სჭირდებოდათ. მათ ჰყავდათ შეუდრეკელი სიმამაცის წინამძღოლი. ბოლოს და ბოლოს, ბრძოლა რომ დამთავრდა, ჩვენ წინ მიწაზე გართხმული დავინახეთ მძლავრი გიგანტი _ მგელი და მის ცხვირში ჩაფრენილი პატარა თეთრი ძაღლი.
სნაპს დავუძახე. მაგრამ ის არ განძრეულა. მე დავიხარე: სნაპ, სნაპ, ყველაფერი დასრულდა. შენ მოკალი მგელი! _ მაგრამ ძაღლი არ ინძრეოდა. ახლაღა შევამჩნიე ორი ღრმა ჭრილობა მის სხეულზე. შევეცადე, ხელში ამეყვანა: _ გაუშვი, მეგობარო, ყველაფერი დამთავრებულია!
მან წაიღრინა და მგელს პირი უშვა.
უხეში მესაქონლეები მუხლებზე დაჩოქილები იდგნენ მის ირგვლივ და მოხუცმა პენრუფმა გაჟეჟილი ხმით ჩაიდუდუნა:
_ ამას მერჩივნა, ოცი ხარი დამკარგვოდა!
სნაპი ხელში ავიყვანე, სახელი დავუძახე და თავზე ხელი გადავუსვი. მან ოდნავ გასაგონად დაიღრინა, ეტყობა, გამოსამშვიდობებლად, ხელი ამილოკა და დადუმდა.
დამწუხრებულები ვბრუნდებოდით შინ. თან მოგვქონდა შემზარავი მგლის ტყავი. მაგრამ ამაში ვერავითარ ნუგეშს ვერ ვპოვებდით: მამაცი სნა-პი ფერმის გადაღმა ბორცვზე დავასაფლავეთ. სნაპს რომ ვმარხავდით, გავიგონე, როგორ ჩაილაპარაკა ჩემ გვერდით პენრუფმა:
_ აი, ვინ იყო ნამდვილი გულადი! სიმამაცის გარეშე ჩვენს საქმეში შორს ვერ წახვალ.
ე. სეტონ-თომფსონი

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა