სიღნაღში გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი მოკლეს

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოდბესთან ბრაკონიერმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკო“ ავრცელებს.

მოკლულ მართვეს 2017 წელს დამაგრებული GPS გადამცემის საშუალებით მიაკვლიეს.

„უკანასკნელ სამ წელში, 13 დანიშნული არწივიდან 11 სხვადასხვა მიზეზების გამო დაიღუპა. სტატისტიკა მეტად დრამატულია და ჩვენი მხრიდან დაუყოვნებელ ქმედებებს მოითხოვს“, – ნათქვამია „საბუკოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში

„საბუკომ“ ორი წლის წინ GPS გადამცემი ბექობის არწივის სამ მართვეს დაუმაგრა. ეს მოწყობილობა სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, უწყვეტ რეჟიმში თვალი ადევნონ ბექობის არწივების გადაადგილებას და დააკვირდნენ მათ ჩვევებს.

ბექობის არწივი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველია მსოფლიოში. სახეობების შემცირების მიზეზეთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათი საბინადრო არეალის ცვლილება და შემცირებაა, რაც სასოფლო მეურნეობის ქიმიიზაციით, ტყეების ჭრით და ურბანიზაციით არის გამოწვეული.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა