როგორ მივაჩვიოთ ლეკვი საბელს?

ლეკვის აყვანისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მისი საბელთან მიჩვევაა, თუმცა, ეს არც ისე რთულია. რაც უფრო ადრე ასწავლით შინაურ ცხოველს საბელით სიარულს, მით მალე მიიღებთ შედეგს.

მეთოდი, რომელიც ამ სტატიაშია მოყვანილი, რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება:

1. პირველი ნაბიჯი გადადგით მას შემდეგ, რაც ცხოველს სახლში მიიყვანთ. ყველაფერი იწყება გაცნობით და ყელსაბამის კომფორტულად ტარებით. უბრალო და ნაზი ფაქტურისგან შექმნილი საყელო იდეალური ვარიანტია. ლეკვს ყელსაბამი გაუკეთეთ ჭამის ან თამაშის დროს. ეს მოქმედებები ყურადღების გადატანაში დაეხმარება.

პირველ დღეებში ცხოველმა შესაძლოა, საყელოს მოხსნა სცადოს, მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ლეკვს ამ დროს ყურადღება არ მიაქციოთ. დაელოდეთ, სანამ დამშვიდდება და დაივიწყებს მის შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძეთ მასზე ზრუნვა.

2. მას შემდეგ, რაც შინაური ცხოველი ყელსაბამს შეეგუება, ასწავლეთ საბელით სიარული. ის უნდა იყოს მსუბუქი მასალისგან – ქსოვილის ან ნეილონისგან შექმნილი. დასაწყისში ტყავის ან ჯაჭვის საბელის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

დაგჭირდებათ მხოლოდ საბელის გაკეთება ლეკვის საყელოზე და მისი თავისუფლად გაშვება, რომ შეზღუდვა არ იგრძნოს და ოთახებში თავისუფლად ირბინოს. ამ დროს მიაქციეთ ცხოველს ყურადღება, რათა საბელი რამეს არ გამოედოს და ლეკვი არ შეშინდეს.

3. როდესაც შინაური ბინადარი თავს კომფორტულად იგრძნობს, უკვე შეძლებთ საბელის ხელში დაჭერას. რამდენიმე დღის განმავლობაში ლეკვი საბელით ოთახებში გაატარეთ და წვრთნის პერიოდში კარგი ქცევისთვის შეაქეთ.

შემდეგი ეტაპი საბელით სახლის გარშემო და ეზოში სეირნობაა. ნუ დაგავიწყდებათ მისი მოფერება, როდესაც ის თქვენს გვერდით ისეირნებს. როცა ძაღლი საბელს გაქაჩავს, აუცილებლად შეჩერდით. ნუ გამოქაჩავთ საბელს, უბრალოდ დაუძახეთ ლეკვს და მოსვლისთანავე მოეფერეთ.

როცა სეირნობთ, ის აუცილებლად გვერდით უნდა მოგყვებოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეჩერდით. იგივე წესი გამოიყენეთ, თუ ლეკვი დაჯდომას მოისურვებს. ნუ მოქაჩავთ საბელს, ისევ დაუძახეთ მას, შეაქეთ და გზა განაგრძეთ.

საბელი ლეკვსა და პატრონს შორის თავისუფლად უნდა მოძრაობდეს. მიზნის მისაღწევად მიჰყევით ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს და მოკლე ხანში შედეგი გარანტირებულია.

წყარო: zooclub.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა