როგორ გადაარჩინა მურამ 6 წლის ლუკა

es123“მურამ თათი მომხვია და ჩამიხუტა, მათბობდა… მერე ჩამეძინა” – როგორ გადაარჩინა მურამ 6 წლის ლუკა
“ეს მართლაც ღვთის სასწაული იყო, ყველაზე დიდი სასწაული, რასაც ცხოვრებაში შევსწრებივარ”

“ლუკას პოვნის იმედი ერთი წუთით არ დამიკარგავს, რადგან ვიცოდი, მურა ჰყავდა გვერდით და არაფრით მიატოვებდა. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით დაგვიბრუნდა”

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ – ელგიზ ქიმაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” პირად გვერდზე სოფელ უზუნთის ტყეში 6 წლის ლუკა ომიაძისდაკარგვისა და პოვნის სულისშემძვრელი ამბავი გაავრცელა. ბავშვი შაბათს, 11 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე გაუჩინარებულა და კვირას, 12 ივნისს, კვლავ 11 საათისთვის უპოვიათ. როდესაც ამბის დაწვრილებით მოსაყოლად ბატონ ელგიზს ტელეფონით დავუკავშირდით, აშკარად ჯერ არ განელებოდა ემოცია: სასწაული იყო ამ ბავშვის გადარჩენა, ნამდვილი სასწაული. თქვენ არ იცით, სად მდებარეობს ეს სოფელიო!

უზუნთა საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი ყოფილა, რაჭა-იმერეთის საზღვარზე, შქმერთან ახლოს, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1600 მეტრის სიმაღლეზე. იმ ღამეს ძალიან ძლიერად უწვიმია და სეტყვაც მოსულა, შესაბამისად, განსაკუთრებით აცივებულა სოფელში…
– ბატონო ელგიზ, როგორ აღმოჩნდა 6 წლის ბიჭი ტყეში, რას ამბობდნენ?
ელგიზ ქიმაძე:
– ეს სოფელი მთლიანად ტყეშია და სახლიც, საიდანაც ბავშვი გავიდა, სოფლის განაპირას, ფაქტობრივად, ტყეში დგას. სულ 5 მოსახლეა იქვე. ლუკა თბილისელი ბავშვია და ბებიას სტუმრად, თავის ძმასთან წამოუყვანია, სოფელ უზუნთაში. ბებიას ბავშვი ოთახში ცოტა ხნით დაუტოვებია და რომ მობრუნებულა, იქ აღარ დახვედრია. სასწრაფოდ დაუწყიათ ძებნა, მეზობლებიც მიშველებიან. ოჯახში 4 ძაღლი ჰყავთ, აქედან ერთ-ერთი, სახელად მურა, გამორჩეულად მეგობრობდა ლუკასთან. ერთად ეძინათ, ერთად თამაშობდნენ და ა.შ. ბავშვის დაკარგვასთან ერთად შენიშნეს, რომ ეზოში არც მურა ჩანდა. ეს ძალიან აიმედებდა ოჯახს. კარგა ხნის შემდეგ, ლუკას და მურას ვერსად რომ ვერ მიაკვლიეს, 112-ზე დაურეკავთ და სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოუძახებიათ. შეტყობინება საჩხერეში საღამოს მოვიდა და ყველანი -სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია, გამგეობის თანამშრომლები ბავშვის საძებნელად წავედით. ამ პერიოდს დაემთხვა ძლიერი წვიმა და სეტყვა. ამასობაში დაღამდა კიდეც და სამძებრო სამუშაოებიც უშედეგო აღმოჩნდა. ერთადერთ იმედად კვლავ მურა გვრჩებოდა, მხოლოდ მას შეეძლო ბავშვამდე მივეყვანეთ, მაგრამ ჯერჯერობით არც ის ჩანდა.
მეორე დილითაც იქ ვიყავით, როდესაც ვიღაცამ დაიძახა, ლუკას ძაღლი გამოჩნდაო და მართლაც დავინახეთ, როგორ მორბოდა ტყიდან “გახარებული” მურა კუდის ქიცინითა და ყეფით. ალბათ ხვდებოდა, რომ მისი მეგობარი სამშვიდობოს, უკვე საიმედო ხელში იყო. მალევე გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ხელში აყვანილი, უვნებელი ბავშვი მოჰყავდა. ამხელა კაცი ვარ და… ცრემლები ვერ შევიკავე. ყველანი ამ დღეში ჩავვარდით.

– ეს კაცი შემთხვევით წააწყდა ბავშვს?
– კაცი მათი თანასოფლელი ყოფილა, ძაღლის ყეფას გაჰყოლია და ასე უპოვია ერთმანეთს ჩახუტებული ლუკა და მურა. ფაქტობრივად, ბავშვი დასაღუპად იყო განწირული, უბრალოდ, სხვა თუ არაფერი, გაიყინებოდა. ბავშვს საჩქაროდ თბილად ჩააცვეს და დააპურეს. რამდენიმე ფოტო იქვე გადავიღე, ჩემი მობილურით, მერე ცალ-ცალკე გადავუღე ლუკასაც და მურასაც. ეს მართლაც ღვთის სასწაული იყო, ყველაზე დიდი სასწაული, რასაც ცხოვრებაში შევსწრებივარ.

მოგვიანებით ბატონმა ელგიზმა ლუკას ბებიის ნომერიც გამიგო და სოფელშიც დავრეკე. მინდოდა, თავად ლუკას გავსაუბრებოდი, მაგრამ ბავშვმა დაიმორცხვა, ამიტომ ბებიას ვთხოვე, ლუკას მონათხრობი მოეყოლა.

dd0b29e090dd44a510754a56fe033592ქეთევან მაჩაიძე:
– თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე ვცხოვრობთ. 4 წელიწადია, ზაფხულობით, ყოველ წელიწადს დამყავს ლუკა სოფელში. ძალიან უყვარს აქაურობა. იმ დილით, 10 საათზე ვაბანავე, ლოგინზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორში მულტფილმს უყურებდა. მებავშვისთვის მარწყვის მოსაკრეფად გავედი, რომ დავბრუნდი, ლოგინში აღარ დამხვდა. სახლშიც ვეძებე, შემდეგ იქვე, მდინარისკენაც გავედი, მეზობელთანაც მოვიკითხე, მაგრამ არსად აღმოჩნდა. ხმამაღლა რომ ვეძახდი, ბოლოს გამაგონა, მაგრამ დიდი ტყეა და ვერ მივხვდი, ზუსტად საიდან მოდიოდა ხმა. ლუკა ისეთ ადგილებში გასულა, სადაც არ გავდივართ ხოლმე. მურაც მას გაჰყოლია. იქით კლდეებიცაა და ლუკას ცალი ფეხსაცმელი კლდიდან გადავარდნია. ცალი ფეხსაცმლით გაუგრძელებია გზა. 5 საათს ვეძებდით და მერე საშინელი წვიმა და სეტყვა დაიწყო. როგორც ლუკამ მიამბო, ძაღლი პატარა ხის ქვეშ შემძვრალა, თვითონაც შეჰყოლია და მურა ზემოდან გადაფარებია. მერე მურა პატარა შვლის ნუკრს გაჰკიდებია და ლუკა მარტო დარჩენილა, თუმცა გაწუწული ძაღლი მალე დაბრუნებულა. ლუკას მოკლემკლავიანი მაისური ეცვა და მითხრა, ძალიან შემცივდა, მუცელი მტკიოდა, მშიოდა და ბევრი ვიტირე. ძაღლმა ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამე. შუქს ვხედავდი, თქვენი ხმებიც მესმოდა, მეც გეძახდით, მაგრამ ეტყობა, ვერ გაგონებდით. ვერც მე ვიგებდი, საიდან ისმოდა თქვენი ხმა. ფიჩხებით პატარა სახლი გავაკეთე, მე და მურა შევძვერით, მურამ თათი მომხვია და ჩამიხუტა, მათბობდა. მერე ჩამეძინაო.

წინა ღამეს ვერსად მივაკვლიეთ, ჩემი 78 წლის ძმას, გურამსაც კი არ ჩაუმუხლავს. ვინც ლუკა იპოვა, ჩვენი სოფლიდანაა, ოღონდ მოშორებით, სხვა მხარეს ცხოვრობს. მისთვის ნათქვამი მქონდა, დაახლოებით, რომელი მხრიდან მესმოდა ლუკას ხმა და ისიც იქით წასულა. წყალს ამოჰყოლია, სადმე ხომ არ გადავარდაო. დილით ტყიდან ძაღლის ყეფა შემოსმია, მერე ლუკას ხმაც გაუგია, მურა, გაჩერდიო, რომ დაუძახა. ასე უპოვია ბავშვი. ლუკას პოვნის იმედი ერთი წუთით არ დამიკარგავს, რადგან ვიცოდი, მურა ჰყავდა გვერდით და არაფრით მიატოვებდა. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით დაგვიბრუნდა.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა