როგორ, არ უნდა ვისროლოთ!

Sans titre 8
სანადირო სეზონის გახსნა ახლოვდება. მონადირეთა უმრავლესობა ჩვენთვის ყველაზე დიდი დღესასწაულის სათანადოდ შესახვედრად, უკვე მზადაცაა, ნაწილი კი ჯერ კიდევ გაცხარებულ ფაციფუცშია – ამუნიცია წესრიგშია მოსაყვანი, ”ტყვია-წამლის” მარაგის გადახედვა და მომარაგებაა საჭირო, სანადირო ადგილების წინასწარი დაზვერვაც არ იქნება ურიგო, აღარაფერს ვამბობ მეძებრის ”დაყენებაზე”, ეს თავისთავად იგულისხმება… ამიტომ, ვფიქრობ, სწორედ ახლაა დრო, ნადირობისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება. ამის შეხსენება ზედმეტი არავისთვის იქნება, არც დამწყები და არც გამოცდილი მსროლელებისთვის.

ათეული წლებია ვნადირობ და საბედნიეროდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნადირობისას უბედურ შემთხვევებს ჩემი თანდასწრებით ადგილი არ ქონია, თუმცა, ცალკეულ არასასიამოვნო მომენტებს, როდესაც სავალალო შედეგამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი, საკმარისად შევსწრებივარ, რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებ:

მე და ჩემი მეგობარი(მაშინ, თბილისში მცხოვრები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერონი, ეროვნებით ჩეხი, რომან ნოვაკი) დმანისში მწყერზე ნადირობისას, შუადღისით თივის ზვინთან წამოწოლილები ვისვენებდით. ხევის გაღმა ფერდობზე მწკრივში ჩამდგარი მონადირეთა ორი ჯგუფი, სიცხის მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებდა ”ნადირობას”-ყანის გაცხრილვას. მორიგ გასროლასთან ერთად უცებ ჯერ ადამიანის საზარელი ყვირილის ხმა შემოგვესმა, შემდეგ კი დავინახეთ, როგორ გარბოდა შვიდი კაცი შედარებით მოშორებით, ეტყობა მწკრივს ჩამორჩენილი მონადირისკენ, რომელიც ჩამჯდარიყო და მშველელს უხმობდა. ყველანი მასთან მიცვივდნენ. ცხადია, ჩვენ არ ვიცოდით იქ რა ხდებოდა, ერთად თავმოყრილი მონადირეების საუბარი გარკვევით არ ისმოდა, მხოლოდ მათი გაცხარებული ჟესტიკულაციის მიხედვით ვხვდებოდით, რომ იქ საქმე სერიოზულად იყო. ჩვენ მათკენ მივეშურებოდით, როცა არანორმალური სიჩქარით მოძრავმა გაზ-21-მა ჩაგვიქროლა. ადგილზე დარჩენილ მონადირეებთან მივედით და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა(თანაც გამოცდილმა 60 წელს მიტანებულმა) მონადირემ მწყერს 9 ნომერი საფანტის ნაცვლად, შეცდომით ცუდად მარკირებული 9-იანი კარტეჩი ესროლა და ყანის მეორე ბოლოში, დაახლოებით 200 მეტრში სულის მოსათქმელად გაჩერებულ მონადირეს ”ერთი კაკალი” მკლავში გაარტყა. ბედად, ტყვიამ რბილში გამჭოლად გაიარა და ძვალს არ შეხებია. ეს ყველაფერი მაშინ გავიგეთ, როცა დმანისის საავადმყოფოდან მანქანა უკან დაბრუნდა, რათა ადგილზე დარჩენილი მეგობრები უკან, თბილისში წაეყვანა. ეს, ისეთი შემთხვევაა, როცა კომენტარი მართლაც ზედმეტია.

ბავშობიდან არ მიყვარს, მონადირეთა მწკრივში ჩადგომა და ასე ნადირობა. ცალკე მოშორებით, როცა ვარ, უკეთესადაც ვესვრი და სიარულის ტემპსაც ჩემი სურვილით ვაკონტროლებ და ძაღლიც უკეთ მიჯერებს, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ხდები საკუთარ პრინციპებზეც თქვა უარი. ასე მოხდა მაშინაც, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა თავისი ახალი დირექტორი წამოიყვანა, რომელიც როგორც ყველა დამწყები, რა თქმა უნდა უძაღლოდ იყო. ჩემმა მეგობარმა მთხოვა ”შეფი” შუაში ჩავიყენოთ და ისე გავყვეთ ნამკალსო. ერთ მომენტში ჩემი პოინტერი ჩემგან მარცხნივ 70-80 მეტრში დადგა ნაბულზე. მისკენ აუჩქარებლად წავედი, მაგრამ ძაღლი შეტრიალდა და მუშაობა ლტოლვით გააგრძელა, მივხვდი, თხელ ნაწვერალში ფრინველი არ გაუჩერდა, გაეპარა, გაურბოდა.
ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე და ის იყო ძაღლს მივუახლოვდი, რომ ”შეფის” თოფიც გავარდა, მან თურმე ჩემსკენ წამოსულ, ფეხიდან აფრენილ მწყერს ესროლა და საფანტი ზურგზე ”დამაყარა”. სისხლი არ წამომსვლია, მაგრამ მაგრად გავმწარდი. კიდევ კარგი იმ დღეს ღრუბლიანი ამინდი იყო, გრილოდა, ამიტომ გრძელსახელოიანი მაისური და სავაზნე ჟილეტი მეცვა.

ივანოვკაში ტყის ქათამზე ნადირობისას, გაშლილ, ნათელ ტყეში ჩემმა ახლობელმა საპირისპირო მხრიდან მომავალ, უცხო მონადირის დაჭრილ, ჰაერში მოფართხალე ვალდშნეპს ესროლა. თავს იმართლებდა, მონადირე გვერდზე იყოო, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი გზააბნეული საფანტი მას თვალის ქვეშ, ყვრიმალში ქონდა მოხვედრილი. შეიქმნა გაწევ-გამოწევა. სირბილით გავიქეცი მათკენ და … ისევ გამიმართლა ის ”უცხო” მონადირე ჩემი ძველი ნაცნობი აღმოჩნდა… ალბათ, ამ შემთხვევაშიც ზედმეტია კომენტარი.

ძველი თაობის, მონადირეებს ალბათ ახსოვთ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ”მონკავშირში” შეიძლებოდა კასპიის ზღვაზე, ასტრახანთან, გადამფრენ იხვზე სანადიროდ სპეციალური საგზურის შეძენა. ოქტომბრის ბოლოს სანადირო მეურნეობაში სამნი ჩავედით. იქ კიდევ ხუთი მონადირე დაგვხვდა, მათგან ერთი ახალბედა ყმაწვილი იყო. რა თქმა უნდა , ბაზაზე ჯერ ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარეს–უსაფრთხოების წესები გაგვაცნეს, შემდეგ კი სათითაოდ ბრტყელძირა ნავებში- კულასებში ჩვსხედით, ეგერი წინ გავიძღვა და ” სტაციონალურ ” საფარებში, მაღალ ლელიანში გაგვანაწილა. ერთმანეთს დაახლოებით 180-200 მეტრით ვიყავით დაშორებულები. წესი ასეთი იყო, როცა ადგილზე მიხვიდოდი, ნიჩაბი უნდა აგეწია ზევით, რათა მეზობლად მდგომს სცოდნოდა სად იყავი გაჩერებული. მე არ გამიმართლა, ჩემს მეზობლად სწორედ ის ახალბედა მოხვდა. დილის გადაფრენა დაიწყო თუ არა, მან ზუსტად ჩემი მიმართულებით ატეხა სროლა, თანაც ეტყობა საკმაოდ დაბალზე, რადგან მთელი საფანტი ჩემს გარშემო ლაქაშს ხვდებოდა და სპეციფიკურ შრიალ-ხრიალის ხმას გამოსცემდა. დაძაბული, ნერვებაშლილი ვიყავი და ნადირობა ჩამშხამდა. ბოლოს კი იმით დაგვირგვინდა, რომ ყელამდე ცივ წყალში აღმოვჩნდი- უკან დასაბრუნებლად ნავზე შევდექი თუ არა, იხვინჯების გუნდმა ჩამიშხუილა, მკვეთრად შემოტრიალებულმა ვესროლე და კასპიაში მოვადინე ტყაპანი, ბედად ნავი არ გადაბრუნდა და ზურგჩანთა უვნებელი გადარჩა. ბაზაზე სადილობისას ახალგაზრდა კარგად შევახურე და ავუხსენი, რომ დაბალზე მფრინავ სამიზნეზე სროლა დაუშვებელია, თუ სროლის მიმართულებით სულ ცოტა 300-400 მეტრზე მაინც ღია სივრცე არაა.

დაბოლოს, ერთი ტრაგიკომიკური ისტორიით მინდა გაგახალისოთ, რომელსაც, სხვათაშორის კასპიაზე, ზემოთნახსენებ ნადირობისას მოგვიყვა ერთი ძველი თაობის მონადირე. ამბავი იმდენად მომეწონა, რომ ბლოკნოტში ჩავიწერე. 50-წლებში სანადიროდ მყოფი ქალაქ პოდოლსკის მონადირეთა საზოგადოების თავმჯდომარე მინდორ-მინდორ, თურმე, ტყის პირს მიუყვებოდა. უცებ, ტყის თავზე ქედნების გუნდი შენიშნა და წინსწრებით დიდი მუხის წინ ესროლა, ერთი ქედანი კი ჩამოაგდო, მაგრამ ხეზე ვიღაც გლეხიც აღრიალებულა, თურმე მუხაზე გლეხი ასულიყო რკოს დასაბერტყად. მონადირემ წვალებით ”ჩამოხსნა” ხიდან ფეხში დაჭრილი ”მუჟიკი”, შემდეგ კი სამი კილომეტრი ზურგით ატარა და მედპუნქტში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს სამი ცალი შვიდი ნომერი საფანტი ამოუღეს. საქმე სასამართლომდე მისულა. იქ ეტყობა ასაკოვანი მონადირის, ძველი პარტიული მუშაკის, დამსახურებებს სცეს პატივი და მას უმნიშვნელო თანხის ჯარიმა დააკისრეს. განსასჯელი თურმე არ დაეთანხმა გამოტანილ განაჩენს- მართალია დამნაშავე ვარ, მაგრამ ჯარიმას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიხდი, თუ დაზარალებულის ტარებისთვის იგივე რაოდენობით კომპენსაციას გამომიწერთო…

ნადირობა” №7 2012წ
ჯემალ წულუკიძე

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა