ჯერ რეინჯერებს დაერივნენ, შემდეგ კი მათ საშველად გამოძახებულ პოლიციელებს დაესხნენ თავს

Untitled 5თამაზ კარაპეტიანი: “დაჯარიმებისას იმასაც კი მეუბნებოდნენ, შენ, სომეხს, რაში განაღვლებს, მე, ქართველი, აქ რას ვიზამო”

ერთი თვის წინ ვწერდით, რომ ბორჯომის რაიონის ზოგიერთი მცხოვრები ტყის განადგურებას აღარ სჯერდება და რეინჯერებს­ ფიზიკურად უსწორდება­ – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ბრაკონი­ერები თავს დაესხნენ და ავტომ­ობილები დაუმტვრიეს. ცემა მუშტიკრივში გადაიზარდა. საქმე­ ქონების დაზიანებისა და ცემის მუხლებით აღიძრა. ახლახან­ კი დამნაშავეებს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

ამჯერად ბრაკონიერებს საქართველო­თურქეთის საზღვართან მდებარე ტბა კარწახთან გამოუჩენიათ თავი. ჯერ უკანო­ნო სათევზაო ბადეების ამოსაღებად მისულ­ რეინჯერებს დაერივნენ, შემდეგ მათ საშველად გამოძახებულ პოლიციელებს დაესხნენ თავს და ერთ-ერთი მათგანისთვის თავში მძიმე საგანიც ჩაურტყამთ. საზოგადოებაში გამყარდა ეჭვი, რომ ბრაკონიერებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ და ამიტომაც პარპაშებენ.
კარწახის ტბასთან მომხდარის შესახებ “კვირის პალიტრას” ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი თამაზ კარაპეტიანი ესაუბრა:
– ბიჭებმა ტბაში ჩაკიდებული ბადეები­ ნახეს და ნაპირზე ამოჰქონდათ. ამ დროს მათთან მიიჭრა მთვრალების ბრბო.

– ადგილობრივები იყვნენ თუ ჩამოსულები?­
– კარწახელები არიან. ჯერ უშვერად აგინებდნენ რეინჯერებს, შემდეგ მაისურები შემოახიეს. ისინი არც პოლიციის გამოჩენამ დააფრთხო, ის კი არა, ერთს თავში ჩაარტყეს და მძიმე ტრავმა მიაყენეს. ახლახან ერთ-ერთი ბრაკონიერის სასამართლო გაიმართა და როგორც გავიგე, საპროცესო გარიგება გაუფორმეს – 5.000 ლარი გადაახდევინეს და გამოუშვეს. ალბათ, დანარჩე­ნებსაც იმავეს დაუწესებენ.

გუშინწინაც სამი ბადე ამოვიღეთ. თურქეთის საზღვრამდე იყო გაჭიმული. ამჯერად არავინ მოსულა. ბადის ამოღების დროს რომ სამართალდამცველს ვიღაც თავზე დაგადგება და გეტყვის, ხელი არ ახლო, ჩემ­იაო, ასეთი ადამიანი ან ძალიან ბრიყვია და ვერ ხვდება, რომ დამნაშავეა, ან ვიღაცის­ მფარველობით იმდენად არის გათავხედებ­ული, რომ არ ანაღვლებს კანონი.
ჩვენი მიზანი სულაც არ არის ვინმეს­ დაპატიმრება. მხოლოდ სასჯელი და ისიც დღეს არსებული ფორმით, სამწუხაროდ, ვერ ცვლის ვითარებას. თუ არ შეიგნეს, რომ დანაშაული მათი მომავ­ლისთვის, შვილებისთვის საზიანოა, მხოლოდ ფულადი ჯარიმები გამოსწორებისკენ­ ვერ უბიძგებთ.

ერთი კარწახელი მივიღე რეინჯერად, რომ თანასოფლელებს განუმარტოს, რას ნიშნავს ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორია, რომ ეს ტბა არ შეიძლება ეკუთვნოდეს ერთი-ორ გაზულუქებულ ადამიანს. ვთხოვ ხალხს, იმაზე მეტი საძოვრები დაგ­ითმეთ, ვიდრე ადრე იყო, ტბას ვუვლით, ვცდილობთ, ბუნება გადავარჩინოთ, ამას თქვენი შვილების მომავლისთვის ვაკეთებთ, წადით, ტბაზე დაისვენეთ, ითევზავეთ, ოღონდ ანკესით-მეთქი. შეიძლება ადამიანმა სიხარბეს ყველაფერი გადააყოლოს?

ბრაკონიერები ძალიან აგრესიულები­ გახდნენ. თევზაობის სეზონზე კარწახზე თბილისიდან, ქუთაისიდან, სომხეთიდანაც კი მოდიან. ტურიზმის განვითარების პერსპექ­ტივა ჩანს, საქმე უკეთესობისკენ მიდის, მაგ­რამ ვისაც საკუთარი ჯიბის იქით არაფერი აინტერესებს, გაოცებული გვეკითხება, ქვეყანა თუ ვითარდება, მერე მე რაო?!

ხანჩალისა და ბუღდაშენის ტბებზე ძალ­იან ბევრი გადამფრენი ფრინველია. ამიტ­ომაც ნადირობა რომ აღვკვეთეთ, უამრავი­ ადამიანი გაგვინაწყენდა. დაჯარიმებისას იმასაც კი მეუბნებოდნენ, შენ, სომეხს, რაში განაღვლებს, მე, ქართველი, აქ რას ვიზამო.

ეკა ლომიძე

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა