ქორჭილა

Sans titre 7

ქორჭილა – Perca fluviatilis – ОКУНЬ

აღწერა. სხეული აქვს მაღალი, გვერდებიდან შეტყლეჟილი, დაფარული წვრილი ქერცლით; ყბებზე რამდენიმე მწკრივად გაწყობილი წვრილი კბილები. ლოყები ქერცლითაა დაფარული. ზურგის პირველ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 13-17, მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი 1-3, დატოტვილი 12-16. ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი 2, დატოტვილი 7-10. გვერდის ხაზში 56-77 ქერცლი. ლაყუჩის კბილები 15-20. მალები 40-43. ზურგის პირველი ფარფლის ბოლოში მუქი ლაქაა. გვერდებზე 7-8 მუქი განივი ზოლია. ზურგი მომწვანო ელფერით, მუცლისა და ანალური ფარფლები მოწითალო ფერისაა, სიგრძე 50 სმ-მდეა, წონა 5 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური და ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია აზერბაიჯანის წყლებში, რუსეთის ევროპულ ნაწილში ბალტიის ზღვიდან, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანედან ჩრდილო კავკასიამდე, ციმბირში მდ. ობიდან კოლიმამდე, სამხრეთით ამურამდე (ამურაში აღარაა), არალის ზღვის აუზში; ფართოდაა გავრცელებული ევროპაში.

ბიოლოგია. ბინადრობს უმეტესად ტბებში, მდინარის შესართავთან ზღვის გამტკნარებულ ადგილებში. კარგად იტანს წყლის მჟავიანობას; გვხვდება ტორფიან ტბებში და ჭაობებში (კარელია- ფინეთის მხარე). მტაცებელი თევზია. იკვებება ძირითადად თევზით, მისი ქვირითით, აგრეთვე ბენთოსითა და პლანქტონით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მრავლდება მარტიდან ივნისამდე, სამხრეთში უფრო ადრე, ჩრდილოეთში – გვიან. ტოფობს მცენაეულობით მდიდარ ადგილებში, 8-15 გრადუსი ტემპერატურისას, მისი ნაყოფიერება აღწევს 12-900 ათასამდე ქვირითს. იგი ფსკერულია, წებოვანი – ყრის მცენარეებზე გრძელი ლენტის სახით. ქვირითის დიამეტრიც 2-2.5 მმ-ია, რომელიც ვითარდება 16-20 გრადუსი ტემპერატურისას 5,5 დღე-ღამეში, ახალგამოჩეკილი ლარვა 4-5 მმ სიგრძისაა; ყვითრს იწოვს 2-4 დღე- ღამეში.

სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. საქართველოს წყლებში მისი მოპოვება ხდებოდა მცირე რაოდენობით სხვა თევზებთან ეთად (პალიასტომი). შედარებით მეტს იჭერდნენ საბჭოთა კავშირის ჩრდილო – დასავლეთის და ციმბირის ტბებში, აგრეთვე აზერბაიჯანის წყლებში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა