მწყერზე ნადირობის რომანტიკა

mtskerze-nadiroba
საქართველოში, ნადირობის ერთ-ერთ უძველეს და ტრადიციებით მდიდარ ქვეყანაში, სადაც მეძებრებით ნადირობისთვის საუცხოო პირობებია და მრავალი სახეობის სანადირო ფრთოსანი(ხოხობი, როჭო, კაკაბი, გნოლი, დურაჯი, ტყის ქათამი…) მოიპოვება, ყველაზე პოპულარული, მწყერზე, ამ ერთი ”ლუკმა” ფრინველზე ნადირობაა. სხვა რამეზე ნადირობა დაშვებული არაა და აბა რა იქნებაო-შეიძლება ირონიულად ჩაიცინოს ვინმემ და მართალიც იქნება… თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მაშინაც კი როცა ზემოთ ჩამოთვლილი ”ძვირფასი” ფრინველები უამრავი იყო, ჩვენში მეძებრების მასობრივად გავრცელების შემდეგ(19-ე საუკუნის 70-იანი წლებიდან) მწყერი სრულიად სამართლიანად, უპირველეს სანადირო ობიექტად იქცა. ამას თავისი ახსნა აქვს. მივყვეთ თანმიმდევრობით.

მწყერზე ნადირობა, პირველ რიგში, იმითაა გამორჩეული, რომ ნადირობის სეზონის გახსნასთან ასოცირდება. რაც, ბუნებაში გასვლას, ”მუხლის გაშლას”, დანატრებული მონადირეებისთვის (და არა პროჟექტორებით, ნაირნაირი ”ელექტრო მანოკებით” აღჭურვილი ”რაინდებისთვის”) ნამდვილი დღესასწაულია. დღესასწაულია თავისი რიტუალით, სამზადისით და მტანჯველი მოლოდინით აღსავსე. მწყერზე ნადირობა და სეზონის გახსნა ჩემთვის, ყველაფერთან ერთად, დამატებით, შორეულ წარსულთან , სიყმაწვილესთან დაბრუნებაა, როდესაც მხოლოდ პურის ნატეხებით ვახერხებდი, ჩემი არამონადირე მეზობლის შავი სეტერის ეზოდან გატყუებას… შემდეგ კი, სანამ ის არ დაიღლებოდა, სირბილით დავდევდი უკან. ”ჯეკას” სიტყვა არ ესმოდა ჩემი, ”თვითნაგეში” იყო და თავისთვის ნადირობდა, თუმცა მყარი ნაბული ქონდა და სროლას ვასწრებდი. რაც არუნდა გასაკვირი იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ, ქოშინით გულამოვარდნილი ზოგჯერ ვარტყამდი კიდეც და მაშინ ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე არავინ იყო… ესეც, რომ არ ვთქვა, არ შეიძლება. სეზონის გახსნა ისეთ ემოციებთანაა დაკავშირებული, რომ ამ დღეს (როგორც წესი, მხოლოდ ამ ერთხელ) თვით ”გონჩატნიკებიც” არ თაკილობენ ”მეჩიტეებთან” ერთად გასვლას და მწყერზე სროლით გახალისებას… ვერც ერთი სხვა ნადირობა თავისი სპორტული აზარტითა და დინამიზმით, მწყერზე ნადირობას ვერ შეედრება იმიტომაც, რომ აქ ნადირობის სული და გული, მთელი ეშხი მეძებარშია. რათქმა უნდა ძაღლის გარეშე ნადირობა, ნადირობად საერთოდ არ ითვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმის აღნიშვნა მინდა, რომ კარგად გაწაფულ-დაგეშილი ძაღლი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს(სხვათა შორის ნაკლსაც), სწორედ მწყერზე ნადირობისას ავლენს. მართალია სიცხეში ჩვეული ყნოსვით ყველა ძაღლი ვერ მუშაობს, მაგრამ სამაგიეროდ გაშლილი სივრცეა და მეძებარს ”სილამაზის”-სისწრაფის, მანერის და სტილის გამოსამჟღავნებლად არაფერი უშლის ხელს… ყოველგვარი ნადირობის დამაგვირგვინებელი აქტი თოფის გასროლაა… სროლით კი, რადგანაც ყველაზე მეტს მწყერზე ნადირობისას ვისვრით, გამოდის, რომ ამ მხრივაც გამორჩეულია-ჟინს ვიკლავთ, ოსტატობას ვიმაღლებთ და თან რაც არუნდა ცოტა იყოს მწყერი , იშვიათად ვრჩებით ნადავლის გარეშე.
Sans titre 39ეს უკანასკნელი მომენტი, არც თუ უმნიშვნელოა და არასოდეს მჯეროდა იმ მონადირეების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოსდა სანადიროდ მხოლოდ სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად დადიან. ბუნების წიაღში გართობა-დასვენება, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ პირველყოფილი ინსტინქტი მოიპოვო და სახლში მიიტანო ნანადირევი(თუნდაც თავმოსაწონებლად), მეტნაკლებად ყველა ჩვენაგანში ზის. შემდგომ ნანადირევი შეიძლება მეზობელ-ნათესავ-მეგობრებს (შეიძლება სრულიად უცხოებსაც კი) უწილადო, მაგრამ მოპოვების მცდელობის გარეშე ნადირობა აზრს კარგავს. ასე, რომ არ იყოს, აცდენის შემდეგ გულისტკივილს ან ოსტატური სროლით მიღებულ სიამოვნებას ვერასოდეს იგრძნობ… დაბოლოს ნადირობა მაშინაც კარგავს აზრს, თუ ამას ესთეტიკური ტკბობა არ ახლავს თან. ცხადია, მწყერზე ნადირობაც ვერ იქნება გამონაკლისი. ძაღლის მუშაობის ესთეტიკურ მხარეზე უკვე ვისაუბრეთ, ბუნების მშვენიერების განცდაც არ უნდა დაგვავიწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ირგვლივ მხოლოდ უკიდეგანო ტრამალი იყოს გადაშლილი. სხვათა შორის, ასეთ, ერთი შეხედვით, ნაკლებად თვალისმომჭრელ მიდამოს, თავისებური განუმეორებელი ხიბლი აქვს-შეუდარებელი არომატითა და ფერთა პალიტრით, რომელსაც გულანთებული მონადირის თვალით სჭირდება დანახვა. ამ თემაზე საუბარს, თემურ ლომინაძის პატარა ჩანახატით დავასრულებ და სათქმელიც არაფერი დარჩება: ”… ერთხელ, წალკაში მწყერზე ნადირობისას ერთ დიდ, დამრეც ფერდობზე შვრიის გაცუდებულ, მეჩხერ ყანას მივადექით, რასაც სარეველა, შალაფა და ბაბუაწვერა მოსდებოდა უხვად. სექტემბრის მზე მალიმალ ეფარებოდა დიდ მიმქროლავ ღრუბლებს და მათი ჩრდილი უზარმაზარ, ლურჯ, მოძრავ ლაქებად ეფინებოდა გაღმა გრძლად ჩაწოლილ, ჩახერგილ-ჩამუქებულ მთას. ამ მუქი, წიაღიდან ამომავალი ენერგიითა და ძალით გატენილ-გაჯერებული მთის ფონზე, ჩვენი ფერდობი ჯერ მწყრის ფერი მეგონა, მაგრამ პირველი მწყერი აფრინდა თუ არა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამეუფლა- არა, არ იყო ის ფერდობი მწყრის ფერი. მასში შეინიშნებოდა კიდევ რაღაც, ვერშეცნობილი ფერის იდუმალი ნიუანსი. ყანაში მწყერი საკმაოდ აღმოჩნდა. მათი ყოველი ამოფრენა მეტ დინამიკას მატებდა ისედაც ექსპრესიულ პეიზაჟს და უფრო მიმძაფრდებოდა ინტერესი- ”რისი ფერი აქვს ამ ფერდობს?”- ვერა და ვერ მოვიშორე ამაზე ფიქრი. უცებ ჩემი პერი უცნაურად დატრიალდა ადგილზე, ზურგიდან შემომიარა და გაორკეცებული აზარტით გაიწია ყანის კიდისკენ, სადაც გრძელ ლაქად ფოლადისფერ-მოძალებული ბაბუაწვერა იყო დადებული. მივყვებოდი ძაღლს და ვხვდებოდი, რომ ის მწყერს არ ედგა კვალში, იქ რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო. ”ნუთუ”- ამის გაფიქრება მოვასწარი ბოლოს და იმავე წამს ფრთების ძლიერი, მკვრივი ფათქუნით ჰაერში გნოლის გუნდი აიშალა… ენით აუწერელი აღტაცების, სიხარულისა და კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, გრძნობა აღმოჩენისა- მივხვდი, გნოლის ფერი იყო მიდამო, ყანასაც ისე ეფინა ზედ ულამაზესი, უნაზესი ბაბუაწვერა, როგორც გნოლს კისერსა და მხრებზე უწვრილესი, უფაქიზესი ცისფერ-ფოლადისფერი ბუმბული…

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა