მიმინოს “პრინციპი” – სად შემოინახეს მიმინოთი ნადირობის ტრადიცია

მოწოდებით მონადირე პატრონს ნანადირევის “წილში უჯდება”
mimino1
“მიმინოს კარგად ეხერხება მანევრირება, შეუძლია თავისუფლად იპოვოს ნანადირევი ბუჩქნარშიც და ტყეშიც, რადგან განიერი ფრთები და მოკლე კუდი აქვს.”

ნადირობას საქართველოში უძველესი დროიდან მისდევდნენ არა მხოლოდ სამეფო კარისა და თავადაზნაურობის წარმომადგენლები, არამედ გლეხებიც. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა მტაცებელი ფრინველებით ნადირობა, რომელთა შორის გამორჩეული გახლდათ მიმინო. ამ მშვენიერი ფრინველის მოვლისა და თავისებურებების შესახებ მოგვითხრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი:

– მიმინო მტაცებელი ფრინველია, ის შევარდნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და მთელ საქართველოში გვხვდება. გავრცელებულია ევრაზიის კონტინენტზე. ბინადრობს ტყეში, თუმცა ბაღებში, პარკებსა და ბუჩქნარებშიც შეიძლება შეგვხვდეს. ბუდეს ხეზე იკეთებს და ტყეში კარგად მრავლდება. ამ მხრივ გამორჩეული მხარეებია გურია, აჭარა და სამეგრელო, სადაც მიმინოებს ბაზიერობის მიზნით იჭერენ. სხვათა შორის, აქვე გადის ფრინველების გადაფრენის გზა, რის გამოც იქ ბაზიერობა უხსოვარი დროიდან იყო გავრცელებული.

ბაზიერები მიმინოებს იჭერენ და საგანგებოდ წვრთნიან მწყერზე სანადიროდ, თუმცა, სეზონის დასრულებისთანავე, დაახლოებით ნოემბერში, მიმინოს ისევ ბუნებაში უშვებენ. უმეტესწილად იჭერენ ახალგაზრდა ფრინველებს, რადგან ის უფრო ადვილად ეჩვევა ადამიანს და იოლი გასაწვრთნელია. მიმინოები ძირითადად მცირე ზომის ფრინველებით იკვებებიან, რადგან ტანით პატარები არიან და უფრო დიდ ფრინველებზე, მაგალითად, იხვსა და ხოხობზე, ვერ ნადირობენ.

მამლები მდედრებზე მომცრო ტანისა არიან. შეიძლება დედალი მიმინო მამალზე ტანით სამჯერ მეტიც კი იყოს. ბაზიერები უფრო დედალ ფრინველებს იჭერენ, რადგან სანადიროდ დედალი უფრო გამოსადეგია.

– როგორ ცხოვრობენ და მრავლდებიან მიმინოები? 
– მიმინოები გაზაფხულზე ბუდობენ და 2-5 ბარტყი ჰყავთ. კრუხობს დედალი  და ბარტყებთანაც ის რჩება. მამალი სანადიროდ მიფრინავს, დედალსაც ის კვებავს და ბარტყებსაც, ვიდრე არ წამოიზრდებიან. როგორც კი ბარტყები დაფრთიანდებიან, ნადირობას დედალიც იწყებს და ბარტყებს უკვე ორივენი კვებავენ.
მიმინო 5-10 წელი ცოცხლობს. ძალიან მაღალია სიკვდილიანობა: ზრდასრულ ასაკს ვერ აღწევს ახალგაზრდა ფრინველების 80%. თუ საკვების ან ამინდის თვალსაზრისით ცუდი წელიწადია, მეტიც კვდება. 2-3 წლის ასაკს თუ გადასცდა, აღარ იღუპება.
ტყვეობაში მიმინოს დღეში ორი ჩიტი მაინც სჭირდება, ბუნებაში მეტს მოძრაობს, დაფრინავს და საკვებიც მეტი უნდა.

– მიმინო მონოგამური ფრინველია თუ არა? 
– მიმინოებს მონოგამია არ ახასიათებთ, შეიძლება ერთ წელიწადს ერთი წყვილი ცხოვრობდეს ერთად, მეორე წელს კი – სხვა. განსხვავებით, მაგალითად, მონოგამიური მთის არწივებისგან, ალბატროსებისგან, გედებისგან და სხვ. თუმცა, გამოერევიან ისეთები, რომლებიც ყოველ წელიწადს ახალ მეწყვილეს პოულობენ. სხვათა შორის, მიმინოებთანაც ხდება ხოლმე, რომ წყვილი წლების განმავლობაში ცხოვრობს ერთად და ბარტყებსაც ერთად ზრდის. ბუდეს მიმინოები ტოტებისგან აკეთებენ და ისე მალავენ, რომ მისი შემჩნევა ჭირს. ზოგჯერ იყენებენ ყვავების ან კაჭკაჭების მიერ გაკეთებულ ბუდეებსაც.


– როდის ხდება მიმინოს ბარტყი დამოუკიდებელი? 
Untitled 31 – ბუდობის პერიოდი ზაფხულში მთავრდება, ამ დროს ბარტყები უკვე თავისუფლად იწყებენ ფრენას და მშობლებისგან დამოუკიდებელი ხდებიან. საქართველოს კანონმდებლობით, მიმინოს დაჭერა არ შეიძლება, თუმცა, ბაზიერები ამ მშვენიერ ფრინველს მაინც წვრთნიან და იშინაურებენ. მიმინოებით ნადირობა ტრადიციულია გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და ლაზეთში. ამ მხარეებში მიმინოს გაწვრთნის წესებიც განსხვავებულია და ნადირობის მანერაც. საყურადღებოა, რომ სანადიროდ მიმინოს მარტო საქართველოსა და თურქეთში იყენებენ, უფრო სწორად, თურქეთის იმ ნაწილში, სადაც ლაზები ცხოვრობენ. როგორც ვიცი, სხვა ქვეყნებში უფრო შევარდნით ნადირობენ. სანადირო მიზნებისთვის ფრინველების დაჭერა და გაწვრთნა თითქმის ყველგან არის გავრცელებული.

miminoo35მიმინოს კარგად ეხერხება მანევრირება, შეუძლია თავისუფლად იპოვოს ნანადირევი ბუჩქნარშიც და ტყეშიც, რადგან განიერი ფრთები და მოკლე კუდი აქვს.
მიმინოს ძალიან ჰგავს ქორცქვიტა, ამიტომ ზოგიერთს ისინი ერთმანეთში ერევა. მიმინოსგან განსხვავებით ქორცქვიტა იკვებება მწერებით, ქვეწარმავლებითა და მღრღნელებით. გამოცდილი ბაზიერები ქორცქვიტასა და მიმინოს იოლად არჩევენ და იციან, რომ ეს ფრინველი სანადიროდ არ ვარგა, რადგან კალიებისა და თაგვების დევნას იწყებს.

მიმინოთი ნადირობა უძველესი ქართული ტრადიციაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა დღემდე შემოინახა. თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში სანადიროდ უფრო შევარდენს არჩევდნენ, მიმინო დასავლეთ საქართველოში იყო პოპულარული.

miminoნადირობა
უკვე დაგეშილი მიმინო სანადიროდ მიჰყავთ. არ შეძლება მიმინოთი ნადირობა მზიან, ცხელ ამინდში, ქარსა და წვიმაში. უნდა ინადიროთ საღამოთი, დაახლოებით 4 საათის შემდეგ და წყნარ, ღრუბლიან დღეს. ნადირობის პროცესი ასეთია: ძაღლი მწყერს ეძებს და თუ დაინახავს, დგება ნაბულზე. მონადირე ძაღლს მიუახლოვდება, მარცხენა ხელს, რომელზეც მიმინო უზის, რაც შეიძლება მაღლა ასწევს და ელოდება, სანამ ძაღლი მწყერს ააფრენს. აფრინდება თუ არა მწყერი, მიმინო მაშინვე დაედევნება, დაიჭერს და ბალახში ჩაჯდება. მონადირე ეჟვნის ხმაზე პოულობს მას და უახლოვდება, დაიჩოქებს, მწყრის თავს მიმინოს შეაჭმევს, ნანადირევს ბრჭყალებიდან გამოაცლის და სანაცვლოდ ხორცს აძლევს, შემდეგ კი მიმინოს ისევ ხელზე დაისვამს და შინ ბრუნდება. ნადირობის დღეს მიმინო აუცილებლად მშიერი უნდა იყოს, თორემ მწყერს დასაჭერად არ გაეკიდება, ხოლო თუ შემთხვევით გაეკიდა და დაიჭირა, შორს წაიღებს და ადვილი შესაძლებელია, მასთან ერთად დაიკარგოს. ბაზიერები ხშირად ამბობენ, – ნერვიული, ფიცხი და მოუთმენელი მონადირე მიმინოს ვერც მოიშინაურებს და ვერც დაგეშავსო.

picsfromchris007Smallმიმინოს დაგეშვა
ჩვენი წინაპრები მიმინოთი მწყერზე ნადირობდნენ – ის ამ საქმეში შეუდარებელია. თანაც, მისი დაჭერა და მოვლა არც ისე ძნელია. იგეშება 5-20 დღეში. ის მტაცებლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მონადირეა. გამოცდილი მონადირეები კარგი მიმინოთი დღეში 30-60 მწყერსაც იჭერენ. რადგან მამალი მიმინო დედალზე პატარა და სუსტია, ის სანადიროდ არასასურველია, თუმცა, მწყერს ისიც ბლომად იჭერს.

როცა მიმინოს დაიჭერს, იმ ღამეს ბაზიერს არ სძინავს. ახალდაჭერილ ფრინველს ორივე ფეხზე ტყავის წვრილ ზონარს შეაბამს, სამკერდეს გაუკეთებს, მარცხენა ხელზე ჩაიცვამს ტყავის ხელთათმანს, რომ მიმინომ ბრჭყალებით ხელი არ დაუკაწროს და ხელზე დაისვამს. დროგამოშვებით წყნარად უსტვენს, თანაც ფრთხილად, ხელის გადასმით ეფერება, აწყნარებს. უჩვეულო პირობებში მოხვედრილი მიმინო ბაზიერს ხშირად ხელიდან უფრინდება და ჩამოეკიდება. ამ შემთხვევაში ფრინველი მარჯვენა ხელით წყნარად უნდა დავისვათ ისევ მარცხენაზე. მიმინო ხელზე ჯდომას თანდათან ეჩვევა და ხელიდან გადაფრენას აღარ ცდილობს. გათენებისას ბაზიერს მიმინო ეზოში გაჰყავს და მყუდრო ადგილას ასეირნებს.

მიმინოს დაგეშვის, ანუ გამართვის პირველი გაკვეთილი ასეთია: დილაადრიან მარჯვენა ხელით ბრჭყალებში მისცემენ ხორცის ნაჭერს, რომელსაც ფრინველის თვალწინ ნელა ამოძრავებენ, უწრუპუნებენ და ცდილობენ, მიმინომ ხორცი შეჭამოს. თუ მშიერმა ფრინველმა ხორცს ნისკარტი დაჰკრა და ჭამას შეუდგა, ესე იგი, მიმინო კარგი ზნისაა და მისი დაგეშვაც ადვილია. ხშირად ბრჭყალებში მიცემულ ხორცს მიმინო არც უყურებს და ცდილობს, ხელიდან გადაფრინდეს. ამ შემთხვევაში მიმინოს ნელი სტვენით ამშვიდებენ და განაგრძობენ მის ხელზე ტარებას, შემდეგ დასვამენ ქანდარაზე და საღამომდე აშიმშილებენ. თუ საღამოსაც გაჯიუტდა, აშკარაა, რომ ცუდი ზნისაა. ხორცს მეორე დილითაც აწვდიან. ბოლოს, ფრინველს შიმშილი აიძულებს, ბრჭყალებში მიცემულ ხორცს ნისკარტი დაჰკრას და ჭამას შეუდგეს, მაგრამ თუ 3-4 დღეშიც ხორცს არ გაეკარა, მისი გაჩერება არ ღირს. ბაზიერები ასეთ მიმინოს ისევ ბუნებაში უშვებენ. დაგეშვამდე მიმინოს დღეში ორჯერ უნდა კვება – დილით და საღამოთი, ხოლო დაგეშვის შემდეგ – დღეში ერთხელ, საღამოთი უნდა აჭამოთ ქონგაცლილი, უმარილო და უძარღვო ხორცი, არანაკლებ 100 გრამისა, ან 3-4 პატარა ჩიტი. კვების რეჟიმი მტკიცედ უნდა დაიცვათ. დილით, გამძღარი მიმინო ქანდარაზე უნდა დავსვათ 2-3 საათით მაინც, ხოლო საღამოთი – გათენებამდე. ბაზიერი უნდა ეცადოს, რომ ფრინველი მიიჩვიოს და დაიახლოოს. ეს ადვილია ხელზე მიმინოს ხშირად ტარებით.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა