ბრაკონიერის ჩვენება – მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა


გარემოს დაცვის სამინისტრომ ფშავში შვლის მოკვლაში მხილებული ბრაკონიერის, 32 წლის ალექსანდრე ოგანოვის ვიდეოჩვენება გაავრცელა. ბრაკონიერი ამბობს, რომ ტყეში ყოფნისას ხმა გაიგო, მგელი ეგონა, ესროლა და შველი აღმოჩნდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერი იმ დროს დააკავეს, როცა დანაწევრებული შველი გადაჰქონდა.

„შარახევის მიმართულებით ვიყავი, მაგრამ ზუსტად ადგილი არ მახსოვს. სანადიროდ წამოვედი გადამფრენ ფრინველზე, ტყის ქათამზე ფშავში. ხევი იყო, ხმაური გავიგე და შემეშინდა. ვიცოდი, რომ მგელი და დათვია იქ, ვესროლე და შველი მომიკლავს. ცხოვრებაში არ მომიკლავს და პირველად მოხდა. შემდეგ ეს რაც ჩამოვიტანე, ჩამოვიტანე. დანარჩენი ზოგი იქ დავტოვე. თოფი ჩემზეა გაფორმებული. რომ მოვკალი არ ვიცოდი რა იყო, შეშინებულმა ვესროლე“, – აღნიშნავს ბრაკონიერი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.
სამინისტროს ცნობით, შედგა შესაბამისი ოქმი. გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა.

ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება.

უკანონო ნადირობა სისხლის სამართლის კოდექსის 301–ე მუხლით ისჯება. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ–ფრინველზე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

წყარო: mtisambebi.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა