მეძებარი ძაღლების საველე გამოცდის წესები მინდვრისა და ჭაობის ფრინველებზე


1. საველე გამოცდის ჩატარების დრო ნადირობის ვადებით არ არის
შეზღუდული. გამოცდა შეიძლება ჩატარდეს ნადირობის სეზონშიც და სეზონის დახურვის შემდეგაც.
2. გამოცდა ტარდება სანადირო ფრინველების შემდეგ სახეობებზე:
ა) ჭაობის ფრინველები _ ჭოვილო/დუპელი/, ჩიბუხა/ბეკასი/, ჭყიამპო, ღალღა, ლერწმის ქათამურა.
ბ) მინდვრის ფრინველები _ მწყერი, გნოლი, კაკაბი.
3. ძირითადი ფრინველი, რომელზეც ტარდება გამოცდა, უნდა შეირჩეს ნადირობის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, რათა შერჩეული სახეობა ნაცნობი იყოს ყველა გამოსაცდელი ძაღლისათვის. შენიშვნა: გამოცდისას ჩაითვლება და შეფასდება მუშაობა არა მხოლოდ საგამოცდოდ შერჩეული სახეობის ფრინველზე, არამედ სხვა სანადირო ფრინველებზეც, რომლებიც ძაღლს შეხვდა და დაამუშავა. თუკი მეძებარი არ იცნობს რომელიმე სახეობის სანადირო ფრინველს, ამის შესახებ გამომყვანმა წინასწარ, გამოცდის დაწყებამდე უნდა მოახსენოს საექსპერტო კომისიას, რათა ზემოთაღნიშნულმა გარემოებამ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ძაღლის ძირითადი მუშაობის შეფასებაზე.
4. საველე გამოცდაზე ვლინდება და ფასდება: ყნოსვა, რომელიც მოიცავს _ ყნოსვის სიშორეს, ყნოსვის სიზუსტეს, ყნოსვის სიმაღლეს; ასევე _ ძებნის სისწრაფე, ძებნის მანერა, ახლომიწევა(ლტოლვა), ნაბული, მიტანება; სტილი _ სვლის, ნაბულის, ახლომიწევა-მიტანების; მომზადება, რომელშიც შედის გაწაფულობა და მორჩილება.
5. ყნოსვა _ მეძებრის თანდაყოლილი უნარია, საკმაოდ შორი მანძილიდან შეიგრძნოს სანადირო ფრინველის სუნი. გეშვისას შესაძლებელია ამ უნარის გამყარება და დახვეწა.
ყნოსვის სიშორე _ ყნოსვის სიძლიერის განმსაზღვრელი კომპონენტია. იგი გამოიხატება მანძილით, რომელზედაც ძაღლს შეუძლია იყნოსოს სანადირო ფრინველი. ყნოსვის სიშორე ფასდება ყველაზე დიდმანძილიანი მუშაობით; როცა ექსპერტებს აქვთ შესაძლებლობა, მაქსიმალური სიზუსტით დაადგინონ მანძილი სუნის აღების წერტილიდან ფრინველის ამოფრენის ადგილამდე /ნაჯდომამდე/, თუ ეჭვმიუტანლად ცნობილია, რომ ფრინველი არ გარბოდა.
შენიშვნა: ა) ზურგის ქარის მხრიდან ანუ ,,ქარგარეთ” ფრინველის წაწყდომა ყნოსვის სიშორის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება და ამის გამო ძაღლს ქულა არ აკლდება.
ბ) კვალზე მუშაობა /თუნდაც აღერილი თავით/, რა მანძილზეც არ უნდა ხდებოდეს ფრინველის აფრენის ადგილამდე, ყნოსვის სიშორეს ვერ დაადასტურებს.
ყნოსვის სიზუსტე _ ძაღლის უნარია, უშეცდომოდ გამოარჩიოს ყნოსვის არეში მოხვედრილი თითოეული სანადირო ფრინველის სუნი ყველა სხვა დანარჩენისაგან, მათ შორის კვალისა და ნაჯდომის სუნისაგან. დასაშვებია ახალი ნაჯდომებისა და ნაკვალევის აღნიშვნა ახლომიწევით ან ხანმოკლე შეჩერებით.
ყნოსვის სიმაღლე _ სუნის აღების მეთოდია, ცხვირით მუშაობის მანერაა, რომელიც გამოხატავს ძაღლის უნარს, მაქსიმალურად სარგებლიანად გამოიყენოს ჰაერის ჭავლები და რაც შეიძლება შორიდან იყნოსოს ფრინველი.
6. ძებნის სისწრაფე _ ძაღლის ძირითადი ალურის სიჩქარეა ფრინველის ძებნის დროს. ფასობს სწრაფი, ენერგიული და თანაბარი სიჩქარით სვლა, რომელიც არ კლებულობს მთელი გამოცდის განმავლობაში. ძაღლმა შეიძლება სხვადასხვა სისწრაფე აჩვენოს, იმისდა მიხედვით, თუ სად უწევს მუშაობა _ მაღალ ბალახში, ხშირ ბუჩქნარში, ძნელად სავალ ჭაობში იგი, რა თქმა უნდა, ნაკლები სისწრაფით მოძრაობს, ვიდრე გაშლილ მდელოზე.
7. ძებნის მანერა _ დაძებნის მეთოდია, სანადირო ტერიტორიის ,,ათვისების” ხერხია. საუკეთესოდ ითვლება მაქოსებრი ზიგზაგებით ძებნა, როცა ძაღლი მოძრაობს გამომყვანის გეზის გადამკვეთ პარალელებზე. გამომყვანი, როგორც წესი, მიემართება პირით ქარისკენ. ზიგზაგის პარალელები უნდა იყოს მჭიდრო და თანაბარი, ერთმანეთისაგან ძაღლის მიერ ფრინველის შეყნოსვის შესაძლო მანძილით დაშორებული. ძაღლი გამომყვანს 40-80 მეტრით უნდა სცილდებოდეს, თანაბრად ორივე ფრთაზე _ მარჯვნივ და მარცხნივ. ძაღლმა არ უნდა დატოვოს დაუძებნელი ადგილები, არ უნდა გაიაროს ხოლმე გამომყვანის უკან და ხელმეორედ აღარ დაამუშაოს ერთხელ უკვე გადავლილი მონაკვეთი /გამომყვანის სპეციალური მითითების გარეშე/. სწორი, მაქოსებური ზიგზაგებით სვლა ძაღლს მოეთხოვება ღია, გაშლილ ადგილებში ან მეჩხერ ბუჩქნარში. ხშირ ბუჩქნარში ძებნის არე უნდა შევიწროვდეს, რათა ძაღლმა მხედველობიდან არ დაკარგოს გამომყვანი. ამ შემთხვევაში ძაღლს არ შეიძლება მოეთხოვოს სწორი, მაქოსებრი ზიგზაგებით ძებნა. გამომყვანის მოძრაობის ვექტორის მიმართ გვერდითი ქარის პირობებში გამოცდილი ძაღლი ქარის მიმართულების პერპენდიკულარულად განაგრძობს სვლას და ამიტომ გამომყვანის მოძრაობის გეზს კვეთავს გარკვეული კუთხით. სასურველია, გამომყვანის მითითებით ძაღლს შეეძლოს, შეავიწროვოს ძებნის არე და შემობრუნდეს საჭირო მიმართულებით, რაც გადაადგილებულ ფრინველთან ძაღლის მიყვანის საშუალებას იძლევა.
8. ახლომიწევა (ლტოლვა) _ ძაღლის დაძაბული, მიზანმიმართული წინწაწევაა სუნის სათავისაკენ, სპეციფიური მანერით მიახლოებაა, რაც სუნის პირველწყაროს რაობის და მისი ადგილმდებარეობის ზუსტად გამორკვევას ისახავს მიზნად. ახლომიწევა მთავრდება ნაბულით, ან ხანმოკლე შეჩერებით და ძებნის კვლავ გაგრძელებით. ახლომიწევის საერთოდ არქონა ხელს არ უშლის ძაღლისათვის საველე დიპლომის მინიჭებას.
9. ნაბული _ ჰქვია დაძაბულ და ჯიშისთვის დამახასიათებელ პოზაში ძაღლის შეჩერებას ნაყნოსი ფრინველის წინ, რაც წარმოადგენს ყველა ჯიშის მეძებარი ძაღლის სხვათაგან გამორჩეულ, ძირითად, სისხლში გამჯდარ, მდგრად და აუცილებელ თვისებას. ძაღლი ნაბულზე უნდა დადგეს უშუალოდ ფრინველის მიმართ და თვითნებურად, გამომყვანის ბრძანების გარეშე არ ააფრინოს იგი. როდესაც ფრინველი გარბის, ძაღლს შეუძლია ბრძანების გარეშე, დამოუკიდებლად წაიწიოს წინ, მიუახლოვდეს ფრინველს და კვლავ მყარად დადგეს ნაბულზე ისე, რომ არ წამოაფრთხოს. ნაბულის შეფასებისას მხედველობაში მიიღება გამოცდაზე ძაღლის მიერ გაკეთებული ყველა ნაბული, გარდა ცრუ ნაბულებისა.
10. მიტანება _ ჰქვია გამომყვანის ბრძანებით ნაბულიდან ძაღლის წინ გადაადგილებას ნაყნოსი ფრინველის ამოსაფრენად. მიტანება მეძებრის მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი, გადამწყვეტი ელემენტია, რომელიც მონადირეს შედეგიანი გასროლის საშუალებას აძლევს. განსაკუთრებით ფასდება სწრაფი, მსუბუქი, თავდაჯერებული მიტანება.
11. სტილი – ძაღლის მუშაობის დროს თითოეული ჯიშისთვის დამახასიათებელ, გამორჩეულ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მოცემული ჯიშის თავისთავადობას. სტილი გამოიხატება მუშაობის დროს მოძრაობების, ილეთების ჰარმონიულობით, მიმზიდველი პლასტიკით. გამოცდისას ფასდება: სვლის სტილი, ნაბულის სტილი, ახლომიწევა-მიტანების სტილი.
12. მომზადება _ არის ძაღლის მზადყოფნის ხარისხი, მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი სამონადირეო თვისებები. მომზადება ორი კომპონენტისგან შედგება, ესენია: გაწაფულობა და მორჩილება.
გაწაფულობაა _ აღზრდისა და გეშვის პროცესში, ასევე ნადირობისას ძაღლის მიერ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საშუალებას აძლევს, გარემოების შესაბამისად იმოქმედოს გამოცდის ყველა ეტაპზე. გაწაფულობა უპირატესად განისაზღვრება მინდორში ძაღლის დამოუკიდებელი, მართებული ქცევით, ანუ უნარით _ გამომყვანის მითითებების, შემასწორებელი ბრძანებების გარეშე წესისამებრ მოძებნოს და დაამუშავოს ფრინველი.
მორჩილება _ თვინიერების, დამჯერობის ხარისხის გამოხატულებაა. იგი განისაზღვრება ძაღლის მიერ გამომყვანის ყველა ბრძანების შესრულების სიზუსტითა და სისწრაფით; სულერთია, ბრძანება ხმით იქნება გაცემული, სასტვენით, ჟესტით თუ სხვაგვარად.
13. საველე გამოცდების დროს მეძებარი ძაღლის მუშაობა ფასდება შემდეგი მაქსიმალური ქულებით:

14. სანადირო თვისებებისთვის საველე დიპლომები მიენიჭებათ
ძაღლებს, რომლებიც დააგროვებენ შემდეგ გამსვლელ ქულებს:

*შენიშვნა: დიპლომის მისანიჭებლად განსაზღვრულ გამსვლელ ქულათა ნუსხაში სტილის დამატებას ჯერჯერობით პროექტის სახე აქვს.
15. გამოცდისას, სანადირო თვისებების გამოსავლენად, თითოეულ ძაღლს ეძლევა შესაძლებლობა, სამჯერ შეხვდეს ფრინველს, რომელთა დამუშავებაც მას შეეძლო, მოეთხოვებოდა და უნდა დაემუშავებინა კიდეც. ამასთან, II და I ხარისხის დიპლომი რომ დაიმსახუროს, ძაღლმა მინიმუმ 2 ფრინველი მაინც უნდა დაამუშაოს.
ჩასათვლელ მუშაობათა შორის ერთი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომლის მიხედვითაც ექსპერტები შეძლებენ, გაზომონ მანძილი სუნის აღების წერტილიდან ან ნაბულიდან /ახლომიწევის გარეშე მუშაობისას/ ფრინველის ნაჯდომამდე; ანუ _ აფრენის ადგილამდე, თუკი ფრინველი არ გარბოდა. მუშაობის ცალკეული ელემენტების დასაზუსტებლად, საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოცდაზე ძაღლს შეიძლება მიეცეს 3-ზე მეტი ფრინველთან შეხვედრის უფლება. თუ ძაღლი აჩვენებს მაღალ შედეგებს და ერთ-ერთი ჩასათვლელი მუშაობის შეფასების მიხედვით პრეტენზიას აცხადებს I ხარისხის დიპლომზე, ძაღლს აუცილებლად ეძლევა საშუალება, დაამუშაოს ზუსტად დაფიქსირებულ ადგილას გადამჯდარი ფრინველი. I ხარისხის დიპლომისთვის ყნოსვის სიშორე სწორედ ამ მუშაობის მიხედვით უნდა შეფასდეს. საველე გამოცდის დროს წამყვანი აუცილებლად ქარის საწინააღმდეგოდ უნდა მოძრაობდეს; თითო გამოსაცდელი ძაღლის მუშაობის ხანგრძლივობა /უწყვეტად/ თითო საათს არ უნდა აღემატებოდეს.

შენიშვნა
1. ცნობილია, რომ სხვადასხვა ფრინველს სხვადასხვა სიმძაფრის სუნი აქვს. ამიტომ, მეძებრის ყნოსვის სიშორის განსაზღვრისას, ისინი პირობითად ორ ჯგუფად იყოფიან _ მძაფრსუნიანებად და ნაკლებსუნიანებად.
I ჯგუფი _ ჭოვილო (დუპელი), ჩიბუხა (ბეკასი), გნოლი, კაკაბი, როჭო, ხოხობი.
II ჯგუფი _ მწყერი, ღალღა, ჭყიამპო (გარშნეპი), ლერწმის ქათამურა.
2. ფრინველთან შეხვედრა ჰქვია ძაღლის მიერ ფრინველის ამოფრენას ან ძაღლის გავლას ფრინველის შორიახლოს პირქარში ძებნისას, ამ ძაღლის ყნოსვის სიშორის ფარგლებში (თუ ყნოსვის სიშორე დადგენილია), ან დიპლომისთვის აუცილებელ მინიმალურ მანძილზე _ I ჯგუფის ფრინველთან 6 მეტრზე, II ჯგუფის ფრინველთან 4 მეტრზე.
ფრინველთან შეხვედრისას შესაძლებელია:
ა) ფრინველზე მუშაობა _ ძაღლის მიერ ნაბულით ფრინველის ამოყვანა /ამოფრენა/, რომლის მიხედვითაც ექსპერტებს შეუძლიათ შეაფასონ ძაღლის ყნოსვის პარამეტრები.
ბ) დაუმთავრებელი მუშაობა _ ,,სანახევროდ” შესრულებული მუშაობა, სასურველი ფინალის გარეშე, როცა ნაყნოსი ფრინველი ძაღლმა ნაბულით კი არ ამოიყვანა, არამედ ნაბულამდე ,,თავისით” ამოფრინდა რაიმე სხვა მიზეზის გამო (მაგ. წამყვანის შეძახილზე). ასევე, თუკი ძაღლს ფრინველი გაეპარა, ანუ ცხვირიდან დაეკარგა.
გ) შეფეთება _ ძაღლის მიერ ფრინველის ამოფრენა პირქარში /ქარის საწინააღმდეგო მხრიდან/ სუნის დაკვრის, ყნოსვით დაფიქსირების გარეშე, ამ ძაღლის ყნოსვის სიშორის ფარგლებში, ან დიპლომისთვის აუცილებელ მინიმალურ მანძილზე, /იხ. პუნქ. 2/ თუ გამოსაცდელი ძაღლის ყნოსვის სიშორე ჯერ დაუდგენელია.
დ) დაფრთხობა _ ფრინველის ამოფრენა სუნის აღებით, მაგრამ უნაბულოდ, როცა ძაღლი ვერ ასწრებს ნაბულზე დადგომას ან მოუზომავად ახლოს მიდის და აფრთხობს ფრინველს.
3. ცრუ ნაბული _ საკმაოდ ხანგრძლივი /30 წამზე მეტი/, მყარი და ყოველმხრივ გამოხატული ნაბული ფრინველის ამოუფრენლად.
4. ფრინველის ამოფრენა ,,ქარგარეთ”(როცა ქარი პირიქით უბერავს _ ძაღლის მხრიდან ფრინველისკენ); ,,ნახევრადქარში” _ ანუ როცა ძაღლს ქარი ცერად ურტყამს უკნიდან; პირქარში _ ანუ ქარის საწინააღმდეგოდ, მაგრამ გამოსაცდელი ძაღლის ყნოსვის სიშორის მიღმა; ისევე როგორც ცრუ ნაბულები, ფრინველთან შეხვედრად ვერ ჩაითვლება.
5. სუნის აღება _ კონკრეტული (ან რამდენიმე ერთადმსხდომი) სანადირო ფრინველის სუნის დაფიქსირება და გამოყოფა ყველა სხვა დანარჩენისაგან და მისი შემდგომი დამუშავება წყაროს ადგილსამყოფელის ზუსტად დასადგენად.
6. სუნის დაკვრა _ სუნის აღების საწყისი ფაზა.

16. გამოცდისას აუცილებელია ძაღლის რეაქციის შემოწმება თოფის ხმაზე /იგულისხმება ,,ფუჭი” გასროლა/. შემოწმება, როგორც წესი, პირველივე დამუშავებული ფრინველის ამოფრენის დროს ხდება გამომყვანის ან დამხმარეს მიერ.

17. შეუფასებლად ექსპერტების მიერ ძაღლი იხსნება გამოცდიდან შემდეგი მიზეზების გამო:*
ა) უარი ძებნის დაწყებაზე 3 წუთის განმავლობაში.
ბ) ნაბიჯით ან განუწყვეტლივი ახლომიწევებით სვლა 5 წუთის განმავლობაში.
გ) ძაღლი შეუძლოდაა _ წყვეტს ძებნას, წამდაუწუმ ისაქმებს, წვება, კანკალებს, ჩრდილისკენ გაურბის გამომყვანს და ა. შ.
დ) დაუმორჩილებლობა _ ძაღლი იმდენად მოუმზადებელია, რომ არ იძლევა გამოცდის ჩატარების საშუალებას.
ე) გაეკიდება ფრინველს 10 მეტრზე შორს იმ ადგილიდან, სადაც ძაღლი იმყოფებოდა მისი ამოფრენისას.
ვ) გასროლისადმი შიშის გამო.
ზ) გამომყვანისვე სურვილით და საექსპერტო კომისიის ნებართვით, ფრინველზე პირველ მუშაობამდე, თუ ძებნის დაწყებიდან 10 წუთზე მეტი არაა გასული.
თ) სუნის აღებით, მაგრამ ნაბულის გარეშე სამი ფრინველის პოვნა-ამოყვანისათვის.
ი) ფრინველთან ზედიზედ სამი შეფეთება ან სამი გაცდენა _ სუნის აღების გარეშე ფრინველთან პირქარში სამჯერ გავლა გამოსაცდელი ძაღლის ყნოსვის სიშორის ფარგლებში; ან დიპლომისთვის აუცილებელ მინიმალურ მანძილზე, / 6 მეტრი I ჯგუფის და 4 მეტრი II ჯგუფის ფრინველზე/ თუ გამოსაცდელი ძაღლის ყნოსვის სიშორე ჯერ დაუდგენელია.
კ) სამი ცრუ ნაბულის შემთხვევაში.
ლ) ყნოსვის ვერგამოვლენა, ანუ ყნოსვის არასაკმარისობაზე მიმანიშნებელი შემთხვევების დემონსტრირება /პუნქტები: თ, ი. კ/ _ სამჯერ, ნებისმიერი თანმიმდევრობით, ფრინველზე პირველ მუშაობამდე.
მ) არასანადირო ჩიტებზე გამუდმებული მუშაობები ყნოსვის გამოყენებით (ხუთჯერ და მეტჯერ).
ნ) გამომყვანის მიერ საექსპერტო კომისიის მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

*
შენიშვნა: აუცილებელია მიზეზის მითითება (გამომყვანისთვის სიტყვიერად, საგამოცდო უწყისში _ წერილობით).

18. გამოცდა არ ტარდება:
ა) როცა 30 გრადუსზე მეტი სიცხეა.
ბ) უქარო ამინდში/სრული შტილის დროს/.
გ) ძლიერ ქარში/ 10მ/წმ-ზე მეტი /, მხარმონაცვლე ქარში.
დ) გადაუღებელ თავსხმა წვიმაში, ჭექა-ქუხილისას ან მის დაწყებამდე.
ე) გათენებამდე ან დაბინდების შემდეგ.

19. ჭაობისა და მინდვრის სანადირო ფრინველებზე გამოცდის შეფასებათა საორიენტაციო ცხრილი /იხ. ქემოთ/ გათვლილია ოპტიმალური პირობებისთვის: ერთი მიმართულების, თანაბარი ქარი 5-6 მ/წმ; ჰაერის მაღალი ტენიანობა; ტემპერატურა +15 ..18 გრადუსი.


საველე გამოცდის ჩატარების ზოგადი წესები

(საინფორმაციო ვარიანტი)

მონადირე ძაღლების საველე გამოცდები ტარდება როგორც თანდაყოლილი თვისებების, ასევე დაგეშვისა და საველე მომზადების დროს შეძენილი სამონადირეო უნარ-ჩვევების გამოვლენისა და შეფასების მიზნით, რაც შემდგომ მოსაშენებლად, ჯიშის სპეციფიკის შესანარჩუნებლად და მუშა-თვისებების გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
მონადირე ძაღლების შეჯიბრებების მთავარი დანიშნულება კი სხვადასხვა ჯიშებში განსაკუთრებული სამონადირეო ღირსებების მქონე საუკეთესო ეგზემპლიარების, მათი მომშენებლების, საუკეთესო მგეშავ-მონადირეების გამოვლენა და წახალისებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია შეჯიბრებების როლი გეშვის თანამედროვე მეთოდების გავრცელების, გამოცდილების ურთიერთგაზიარების, ზოგადად _ სამონადირეო მეძაღლეობის განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში.
გამოცდებისა Dდა შეჯიბრებების ჩასატარებლად სამონადირეო სავარგულებში წინასწარ ხდება იმ ფართობების შერჩევა, სადაც შესაბამისი პირობებია და გამოსაცდელი ობიექტი (ფრინველი თუ ნადირი) სათანადო რაოდენობით მოიპოვება.
საველე გამოცდებზე დაიშვებიან სუფთა სისსხლის, განსაზღვრული სპეციალიზაციის მქონე სანადირო ჯიშის ძაღლები, 8 თვის ასაკიდან 10 წლის ჩათვლით, რომელთაც გააჩნიათ საგვარეულო საბუთები და ექსტერიერის შეფასება არანაკლებ “კარგისა”. ძაღლები, რომელთაც ექსტერიერის შეფასება არ აქვთ, შესაძლებელია, დაშვებულ იქნან გამოცდაზე, თუ კი ისინი აკმაყოფილებენ შეფასება “კარგისთვის” საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს მაინც, რასაც ადგილზე ადგენს საველე გამოცდის საექსპერტო კომისია და შეაქვს შესაბამისი ჩანაწერი საგამოცდო უწყისში. ამ შემთხვევაში ძაღლს ექსტერიერი შეფასებულად არ ეთვლება და შეფასება “კარგი” არ ეწერება.
საველე შეჯიბრებებს რაც შეეხება, მათში მონაწილეობის უფლებას და დამატებით შეზღუდვებს _ ამას თითეული შეჯიბრის დებულება უნდა განსაზღვრავდეს, რომელსაც ორგანიზატორები ადგენენ და წინასწარ აცნობენ დაინტერესებულ საზოგადოებას.
არსებობს კატეგორიული მოთხოვნებიც: საველე გამოცდებზე და შეჯიბრებებზე არ დაიშვებიან ავადმყოფი ძაღლები, ამძუნებული და მოლეკვე ძუები, აგრეთვე ის ძუები, რომლებიც მეორე თვის მაკეები არიან. წესით, გამოცდების და შეჯიბრებების ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს ვეტერინალური ცნობა სათანადო აცრების (პირველ რიგში _ ცოფის საწინააღმდეგო აცრის) ჩატარების შესახებ.
ძაღლის საველე გამოცდებზე გამოყვანა სეზონის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიძლება, რაოდენობა არ იზღუდება, ოღონდ გამოცდიდან გამოცდამდე ერთი კვირა მაინც უნდა იყოს გასული.
თითოეული საველე გამოცდისათვის, რომელიც გარკვეულ დროში, გარკვეულ ტერიტორიაზე, გარკვეული საექსპერტო კომისიის მსაჯობით ტარდება, დაწესებულია გამოსაცდელი ძაღლების (ნომრების) აუცილებელი მინიმალური რაოდენობა _ 3 ძაღლი.
საველე გამოცდებზე და შეჯიბრებებზე მონაწილეთა რიგითობა კენჭისყრით განისაზღვრება. დაგვიანებული გამომყვანი კარგავს თავის რიგს და მისი ძაღლი გამოიცდება ბოლო ნომრად.
საველე გამოცდებზე და შეჯიბრებებზე ექსპერტიზას ახორციელებს და მსაჯობს საექსპერტო კომისია _ 3 წევრის შემადგენლობით. (საველე გამოცდაზე, გამონაკლისის სახით, დასაშვებია ორწევრიანი კომისიაც). კომისიას ხელმძღვანელობს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საგამოცდო ანგარიშში აღწერს თითოეული ძაღლის მუშაობას და კომისიის სხვა წევრებთან ერთად ხელის მოწერით ადასტურებს საბოლოო შეფასებას. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს აგრეთვე გამოცდის და შეჯიბრის დაწყება-დამთავრების კონკრეტულ დროს, მასვე ეკისრება სათანადო წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობაც.
სხვა მხრივ, უშუალოდ ექსპერტიზის დროს, კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ისინი ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღწერენ გამოსაცდელი ძაღლის მუშაობას, აფასებენ ამ მუშაობის თითოეულ კომპონენტს და უწერენ შესაბამის ქულებს საგამოცდო ცხრილის გრაფების მიხედვით. აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში საბოლოო შეფასებები დგინდება ურთიერთშეთანხმებით ან ხმათა უმრავლესობით. თუ კომისიის ერთ-ერთი წევრი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია, თავისი განსხვავებული აზრი საგამოცდო ანგარიშში დააფიქსიროს.
თითოეული ძაღლის გამოცდის დამთავრებისთანავე, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე ძაღლის გამომყვანს და ყველა იქ დამსწრეს ხმამაღლა უცხადებს ექსპერტიზის შედეგებს _ მიღებულ ქულებს (საგამოცდო ცხრილის გრაფების მიხედვით), Qქულათა საერთო ჯამს და მინიჭებული დიპლომის ხარისხს.
ამასთან, საველე შეჯიბრებისას, ყველა მოასპარეზეს გამოსვლის დამთავრების შემდეგ ჯამდება საერთო შედეგები. ვლინდება გამარჯვებული, ასევე _ პრიზიორები და სპეციალური პრიზების მფლობელები. იქვე ეწყობა მათი დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი.
ძაღლს, რომელმაც შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა II ან III ხარისხის დიპლომით, მიენიჭება “საველე გამარჯვებულის” წოდება. “საველე ჩემპიონის წოდება” ენიჭებათ მხოლოდ I ხარისხის დიპლომით გამარჯვებულ ძაღლებს.
საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს არ აქვთ უფლება გამოსცადონ და შეაფასონ:
_ საკუთარი და ოჯახის წევრთა მფლობელობაში მყოფი ძაღლები.
_ შვილები საკუთარი ძაღლებისა, თუ ამ უკანასკნელთ ჯერ არ შესრულებიათ ათი წელი.
_ პირადად მათგან გასხვისებული ძაღლები.
_ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ მიერ დაგეშილი ძაღლები.
გამომყვანები (ძაღლების მფლობელები) საველე გამოცდებსა და შეჯიბრებებზე ვალდებულნი არიან:
_ უკამათოდ შეასრულონ დადგენილი განრიგი და საექსპერტო კომისიის წევრთა მითითებები.
_ თან იქონიონ და საჭიროებისამებრ წარმოადგინონ ძაღლის საგვარეულო საბუთები, პასპორტი და ა.შ.

აქვე სანიმუშოდ წარმოგიდგენთ “ლევან ციციშვილის სახ. IX მემორიალში” გამარჯვებული ძაღლის მუშაობის აღწერას და საველე ეხსპერტიზის ანგარიშს:

“2008წ. 18 მაისი. თბილისის ზღვის მიდამოები, ცერად დაქანებული მინდორი. ბალახის საფარის სიმაღლეა 20-30 სმ. მოღრუბლული ამინდია, ჰაერის ტემპ. _ 20 გრადუსამდე, ქრის ზომიერზე სუსტი ნიავი.
6. “ჯესი 2”, პოინტერი, ძუ (“ბადი” ს. შაგინოვი X “ჩელსი” ჯ. პირველი) მფლობელი და გამომყვანი გია გოგოლაძე.
10 სთ. 00 წთ. გამომყვანმა ბრძანებით გაუშვა მინდორში. ძაღლი ეძებს უაღრესად სწრაფი, ენერგიული “სადოღე” ნავარდით, ძლიერი არეკვნებით, გრძელი, მსუბუქი ნახტომით, ფართოდ გაშლილ, სწორ და დალაგებულ ზიგზაგებზე. იშვიათად უხვევს ქარშიგნით, ზოგჯერ ცალ ფრთას შესამჩნევად ამოკლებს. თავი უჭირავს აღერილად _ ზურგის ხაზს ზემოთ. მუშაობს მხოლოდ მაღალი ყნოსვით, შემოწმებებისას ოდნავ თუ ანელებს სვლის სისწრაფეს. მოძრაობები ტიპიურად მკვეთრი და ზამბარისებური აქვს. ხანდახან საჭიროებს შემასწორებელ ბრძანებებსაც, რომელთაც ძირითადად დროულად და საკმაოდ ზუსტად ასრულებს. ფრინველის ამოფრენისას აქვს გადევნების მცდელობები.
10 სთ. 03 წთ. უაღრესად სწრაფი სვლისას, მორიგი პარალელიდან მკვეთრად და ლამაზად შებრუნდა ნიავისკენ, ცხვირაღერილმა და დაძაბულმა გაიარა 4-5 ნაბიჯი და გავააბზეკილი, თავ-კისერ ძირს ჩახრილი (ოღონდ ზევით მიმართული ცხვირით) დადგა გამოკვეთილად მყარ ნაბულზე. გამომყვანის ბრძანებისთანავე მიეტანა ენერგიულად და ცხვირის მიმართულებით (ზუსტად) 6 მეტრიდან ამოაფრინა მწყერი. 3-4 ნაბიჯი წაეტანასავით, მაგრამ გამომყვანმა ხმამაღალი შეძახილებით გააჩერა.
10სთ. 08წთ. სწრაფი ნავარდიდან მკვეთრად დაამუხრუჭა და შებრუნდა ქარისკენ. დადგა მისთვის დამახასიათებელ (არც თუ მთლად ტიპიურ) წინჩახრილ დაძაბულ ნაბულზე. გამომყვანის ბრძანებით დაყოვნების გარეშე მიეტანა 5 მეტრამდე და ოდნავ გვერდიდან ამოუფრინდა მწყერი. ისევ სცადა, გაკიდებოდა, მაგრამ გამომყვანმა ბრძანებით გააჩერა.
10სთ. 11წთ. ისევ სწრაფი ნავარდი, მოსხლეტით დამუხრუჭება და ნიავისკენ თავაწეული შებრუნება. ლტოლვა-ახლომიწევით გაიარა 2 მეტრი ცხირაღერილმა და მყარად, დაძაბულად დადგა. გამომყვანის ბრძანებაზე დაუყოვნებლივ, ენერგიულად მიეტანა და წინ 5 მეტრში, მითითებული მიმართულებიდან ამოაფრინა მწყერი. ბრძანებით დარჩა ადგილზე.
7, 9, 5, 9, 8, 5, 5, 9, 5, 4, 5, 6, 8 = 85ქ./II ხ.დ.”

როგორც ბოლო წლების ამ უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძაღლის მუშაობის აღწერიდან ჩანს, მან ასპარეზობა სულ 11 წთ-ში დაამთავრა. იპოვა, დაამუშავა და ნაბულით ამოაფრინა სამივე შეხვედრილი ფრინველი და საგამოცდო ცხრილის (იხ. გამოცდის წესები) გრაფების მიხედვით შემდეგი ქულები დაიმსახურა:
1. ყნოსვის სიშორე _ 7 ქ. (-3)
2. ყნოსვის სიზუსტე _ 9 (-1)
3. ყნოსვის სიმაღლე _ 5 (მაქს.)
4. ძებნის სისწრაფე _ 9 (-1)
5. ძებნის მანერა _ 8 (-2)
6. ახლომიწევა _ 5 (მაქს.)
7. ნაბული _ 5 (მაქს.)
8. მიტანება – 9 (-1)
9. სვლის სტილი _ 5 (მაქს.)
10. ნაბულის სტილი _ 4 (-1)
11. ახლომოწევა-მიტანების სტ. _ 5 (მაქს.)
12. გაწაფულობა _ 6 (-4)
13. მორჩილება _ 8 (-2)

ჯამი: 85 ქულა. მიენიჭა II ხარისხის დიპლომი.

ავტორი: შადიმან შამანაძე
წყარო: ochopintre.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა