ელექტრო “მანოკის” ხმები

manooookii
ამ სტატიაში შემოსულთაგან ნაწილს აინტერესებს, ვინაა ეს თავხედი, “ელექტრომანოკის” ხმებს რომ ავრცელებს ამ გაგანია ანტი “ელექტრომანოკურ” დროშიო, ნაწილი ცნობისმოყვარეობით შემოიხედავდა, ხოლო ნაწილი ამ ხმებს ეძებს და აგროვებს თავისი “ელექტრომანოკისათვის” და ეს სტატია მათთვის დაიწერა.
მათგან ვინც “ელექტრომანოკის” ხმებს აგროვებს ზოგმა იცის რომ “ელექტრომანოკი” აკრძალულია, ზოგმა კი არ იცის და მათ მინდა გავაგებინო, რომ საქართველოში ელექტროსატყუარით ( ე.წ. ელექტრომანოკით) ნადირობა აიკრძალა (უფრო სწორად აკრძალულია 2012 წლის 16 მარტიდან) და მასზე სერიოზულ ფულად ჯარიმასაც არის დაწესებული

ნადირობა აკრძალულია:
სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ნადირობის აკრძალული მეთოდები:
მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

“ელექტრომანოკი”-ს აკრძალვა მონადირეთა მოთხოვნით მოხდა, რადგან მან ნადირობის ტრადიციული სილამაზე, მინდვრად გასული მონადირის სულიერი დასვენება და სხვა მონადირეებთან შეხვედრის სიამოვნება ძველ დროს ჩააბარა. ახლა ელექტრონულ საუკუნეში მონადირეთა დიდი ნაწილი მეხორცედ მომპოვებლად (ალბათ ზოგისთვის ეს მარტო “ელექტრომანოკი”-ს ბრალიც არ არის) გადააქცია, სხვა მონადირეთა დანახვაზე რომ უკმაყოფილებას ძლივს და ზოგჯერ არც მალავენ, ესაოდა გვიშრომია, გვიწვალია, ღამე გვიტეხია და მწყერი მოგვიგროვებია და ჩვენ დასახოცზე ესენი მუქთად მოსულანო. ნაწილობრივ მანოკის დამსახურებაა ისიც, რომ უსაფრთხოების ხარისხი სამონადირეო სავარგულში ძალიან დაეცა. იმდენი მონადირე იყრის პატარა ადგილზე თავს, ვფიქრობ საფანტის აცილება უფრო ძნელი გახდა სხვა მონადირისთვის, ვიდრემ მოხვედრება. ამიტომაა, რომ ყოველწლიურად  კატასტროფულად მცირდება ისეთი მონადირეების რიცხვი, რომელსაც საფანტი არ მოხვედრია, თუმცა რადგან ეს ძირითადად მწყერზე ხდება და საფანტიც ძალიან წვრილია, ეს ყველაფერი ძირითადად კანის აწვით და გინება-ყვირილით მთავრდება, საუბედუროდ იმატა ისეთმა შემთხვევებმაც როდესაც ეს მოხვედრა ტრაგიკულად მთავრდება.

“ელექტრომანოკმა”, ძაღლით ნადირობის სილამაზეც უკანა პლანზე დაწია. თუ “მეხორცემ” მწყერი მოიზიდა მანოკის საშუალებით იქ ძაღლი უმრავლეს შემთხვევაში უფუნქციოდაა დარჩენილი. ზუსტად თავის პატრონის განწყობაზე დგება, ამდენი მწყერი, ამდენი სროლა მასაც აგიჟებს და დარბის უმიზნოდ, არეული გამომეტყველებით.

რაც შეეხება იხვზე “ელექტრომანოკი”-თ ნადირობას, აქაც ძალიან ბევრს კარგავს მონადირე. ფაქტიურად მთელი ნადირობა დაყრუებულია. ბუნების შეგრძნება ნულია. არანაირი ხმა არ ისმის, თუ კი მთვარეზე ნადირობს ხომ მითუმეტეს,  იხვს როდესაც ის უკვე რამოდენიმე მეტრშია მხოლოს მაშინ თუ დაინახავს, ხოლო მთელი ის სილამაზე და განცდა, როდესაც იხვი ცაზე გადადის, გადმოდის, წრეს ურტყამს მონადირის ადგილსამყოფელს, მისი ფრთების ხმა, მთელი ეს ეფექტები ამ დროს არ არსებობს. არადა პირის საყვირი ამ დროს იხვის მოტყუებაში ბევრად ეფექტური და გამომდგარია და პლიუს ამას პირის საყვირის მოზიდვასაც ცალკე დიდი აზარტი აქვს.

შეგახსენებთ რო ჩვენი საიტი ძირითადად ეძღვნება ანტიბრაკონიერულ მოძრაობას,  მოგიწოდებთ რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯიბეებს, შევიგრძნოთ ნადირობის სრული სილამაზე და გადავაგდოთ ეს მავნე ჩვევა, რასაც “ელექტრომანოკი”-თ ნადირობა ქვია.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა