კოლხური ზუთხი (თართი)

zutxi

კოლხური ზუთხი (თართი) – Acipenser guldenstadti cilchicus – Черноморско-азовский осетр

აღწერა. ზურგის ფარფლში სხივი 27-48, ანალურში 16-36. ფარეკლები: ზურგისა 7-19, გვერდისა 24-44, მუცლისა 6-13. თავის ზედა ფარები რადიალურ მარცვლოვანია, ერთიმეორისაგან მცირედაა დაშორებული, ფარეკლების რიგებს შორის სხეული დაფარულია რამდენიმე მწკრივად განწყოფილი ვარსკვლავისებური ფირფიტებით. ლაყუჩის კბილაკები სადაა, 16-36. ქვედა ტუჩი შუაზეა გაყოფილი. ულვაშები სადა, უკან პირამდე ვერ აღწევენ, ხოლო წინ დინგის ბოლომდე აღწევენ. სიგრძე 230 სმ-მდეა, წონა 80 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო მცირე ზომისა.

გავრცელება. ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, ოქუმი, ერისწყალი, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, ფსოუ. საქართველოს გარეთ ცნობილია: შავი და აზოვის ზღვებში. შედის მდინარეებში: ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი და სხვ.

ბიოლოგია. გამსვლელი თევზია. ძირითადად ცხოვრობს ზღვაში. გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ენგურში ადის სოფ. ჯვარამდე, ხოლო რიონში – სამტრედიამდე (რიონჰესის აგებამდე ადიოდა ქუთაისამდე). იკვებება ძირითადად ლოკოკინებით (75%), კიბოსნაირებით, ჭიებით, თევზებით და სხვ.

მამალი სქესობრივად მწიფდება 8-14 წლისა, დედალი – 10-20 წლისა. ტოფობს მაისიადან სექტემბრამდე. ნაყოფიერება აღწევს 72-837 ათას ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრია 3-3,5 მმ.
Sans titre 7
სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან მოპოვება ხდება: ფოთის, ანაკლიისა და სხვა პუნქტებში. ადრე მოპოვება ხდებოდა დიდი რაოდენობით. გასული საუკუნის 70-იან წლებში რიონში დაჭერილ იქნა 480-640 ცენტნერამდე, 1927-1928 წლებში კი მხოლოდ 125 ცენტნერი; ასევე მცირე რაოდენობით იჭერენ მდ. ენგურის შესართავთან, 1955 წელს აქ მოიპოვეს ზუთხი 13 ეგზემპლარი. საერთო წონით 250 კგ. აზოვ-შავი ზღვის სხვა ადგილებში ამზადებენ გაცილებით მეტს. მისი მოპოვება ხდება მცურავი, ჩასადგმელი ბადეებით და სხვა იარაღებით. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია. იყენებენ ნედლს, ამზადებენ: დოშს, ზურგიელს, ხიზილალას, კონსერვს, საცურავი ბუშტისგან მიიღება უმაღლესი ხარისხის წებო.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა