ინგლისური კოკერ–სპანიელი

[huge_it_slider id=”40″]

ინგლისური კოკერ სპანიელი – english cocker spaniel – английский кокер спаниель
ზოგადი ინფორმაცია
კოკერ სპანიელი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გამოიყვანეს, როგორც მონადირე ძაღლი. სიტყვა ”კოკერი” (ინგ: Cocker) მომდინარეობს ამ ძაღლის გამოყენებისაგან ტყის ქათამზე (ინგ: Euroasian Woodcock) სანადიროდ. როდესაც ძაღლის ეს ჯიში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიყვანეს, მოხდა მისი ცალკე სტანდარტად ჩამოყალიბება, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ახლად ჩამოყალიბებული ჯიშის დახელოვნება ამერიკულ ტყის ქათამზე ნადირობაში. შემდგომი გარეგნული ცვლილებების განხორციელება კოკერზე ამერიკაში მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში.

სპანიელები პირველად ნახსენებია მე-14 საუკუნეში ფუას გრაფისა და ბეარნის ვისკონტის – გასტონ III-ის მიერ თავის ნაშრომში Livre de Chasse”. ”კოკინგი” ან ”კოკერ სპანიელი” წარმოადგენდა მინდვრის (ფილდ) ან ლენდ (ხმელეთის) სპანიელის ტიპის ძაღლს მე-19 საუკუნეში. 1901 წლამდე, კოკერ სპანიელები მინდვრის (ფილდ) და სპრინგერ სპანიელებისაგან მხოლოდ წონით განსხვავდებოდნენ. კოკერ სპანიელის ორივე თანამედროვე ჯიშის წინაპრად მიიჩნევა ორი ძაღლი. ინგლისური კოკერ სპანიელი წარმოიშვა ძაღლისაგან, სახელად ”ობო”, რომელიც სასექს სპანიელისა და მინდვრის (ფილდ) სპანიელის შეჯვარების შედეგად გაჩნდა, ხოლო მისი ამერიკელი თანამოძმე კი – ობოს შვილისაგან, სახელად ”ობო II”, რომელიც ამერიკაში დაიბადა. აშშ-ში ინგლისური კოკერის, როგორც განცალკავებული ჯიშის აღიარება მოხდა 1946 წელს, ხოლო დიდ ბრიტანეთში ამერიკული კოკერის ცალკე ჯიშად ცნობა კი მოხდა 1970 წელს. ამასთანავე, არსებობს ინგლისური კოკერ სპანიელის ჯიშის მეორე ხაზიც, რომელიც გამოყვანილია არა სტანდარტის, არამედ სამუშაო მიზნებისათვის. ჯიშის ორივე ხაზს გააჩნია ბეწვის ერთნაირი შეფერილობა და ჯანმრთელობის პრობლემები მცირედი გამონაკლისებით.

წარმოშობის ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომავლობა უცნობია, ”სპაინელები” (ინგ:”spaynels”) ნახსენებია მე-14 საუკუნის ნაწერებში. ზოგადად მიჩნეულია, რომ ძაღლის ეს ჯიში წარმოიშვა ესპანეთში და იორკის მეორე ჰერცოგი ედვარდი თავის მე-15 საუკუნის ნაშრომში ნადირობაზე “The Master of Game” ახდენს სპანიელების შემდეგნაირად წარდგენას :

“Another kind of hound there is that be called hounds for the hawk and spaniels, for their kind cometh from Spain, notwithstanding that there are many in other countries.”

“The Master of Game” უმეტესად წარმოადგენდა ფუას გრაფისა და ბეარნის ვისკონტის – გასტონ III-ის მიერ ადრეულ მე-14 საუკუნეში შექმნილი ძველ ფრანგული ნაშრომის ”Livre de Chasse”- ს ინგლისურ თარგმანს.

1801 წელს, სიდენჰემ ედვარდსი Cynographia Britannica- ში წერდა, რომ ლენდ (ხმელეთის) სპანიელი იყოფა ორ ტიპად: ქორზე მონადირე, სპრინგერ და კოკერ სპანიელად. მე-19 საუკუნის განმავლობაში, ”კოკერ სპანიელი” პატარა მინდვრის (ფილდ) სპანიელის ტიპს მიეკუთვნებოდა. იმ დროისათვის, ეს ტერმინი ვრცელდებოდა სპანიელის ტიპის სხვა მონადირე ჯიშებზეც, მათ შორის ნორფოლკ სპანიელზე, სასექსის სპანიელსა და ქლამბერ სპანიელზე. მაშინ, როცა არ იყო სასექსისა და ქლამბერ კოკერები, არსებობდა ძაღლის ისეთი ჯიშები, როგორებიც იყო უელსური და დევონშირის კოკერები. ეს უკანასკნელნი კოკერებად ითვლებოდნენ 1903 წლამდე, როდესაც მათი აღიარება მოხდა უელსურ სპრინგერ სპანიელად კენელ კლუბის მიერ.

1870-იან წლებამდე, კოკერ სპანიელად ძაღლის კლასიფიკაციისათვის ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ის, რომ იგი უნდა ყოფილიყო 11 კგ-ზე ნაკლები, თუმცა მომშენებლებმა მოახდინეს კოკერ სპანიელის განცალკავება კინგ ჩარლზ სპანიელისაგან, რომელიც დღემდე რჩება უფრო მცირე ზომის ჯიშის სპანიელად. კოკერ სპანიელისათვის მაქსიმალური წონის შეზღუდვა ძალაში იყო 1901 წლამდე, როცა უფრო დიდი ზომის ძაღლების კლასიფიცირება მოხდა სპრინგერ სპანიელებად. 1892 წელს, კენელ კლუბის მიერ მოხდა ინგლისური კოკერ სპანიელისა და ინგლისური სპრინგერ სპანიელის განცალკევებულ ჯიშებად ცნობა.

წარმომავლობა: ინგლისი;
ფერი: ჩალისფერი, წითური, შავ-ყავისფერი, შავ-თეთრი, ღვიძლისფერ-თეთრი, ნარინჯისფერ-თეთრი, სამფეროვანი (ფერფლისფერი, თეთრი და შავი)

ბეწვის ტიპი: გრძელი, მბზინვარე, აბრეშუმისებრი

სიმაღლე: ხვადი – 39-41 სმ; ძუ – 38-39 სმ

წონა: 13 – 15 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12 – 15 წელი

ხასიათი
კარგი მონადირეა, გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით, სპანიელი არის ძალიან დამჯერი, აქტიური, უაღრესად მხიარული ძაღლი. მუდმივად უყვარს თავგადასავლების ძიება. კარგად ეგუება ნებისმიერ ცხოველს.ის მოძრავი, ენერგიული, ოჯახის მოყვარული, მუდამ მხიარული და უცხო პირთა მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლია. თუმცა არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ინგლისური კოკერები უზომოდ ავები, ნერვიულები და არაჯანსაღი ფსიქიკის პატრონები არიან. ეს ყველაფერი კი არასწორი მოშენების ბრალია. შესაბამისად კოკერ სპანიელის მსურველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ გამოცდილი კოკერ სპანიელების მშობლებისაგან.

ინგლისური კოკერ–სპანიელი კარგი მონადირე ძაღლია. კარგად განვითარებული ყნოსვის გამო მას იყენებენ პოლიციაშიც ნარკოტიკების აღმოსაჩენად. ის ფართო ძებნის უნარს მოკლებულია, ნაბულს არ აკეთებს, მცირეოდენი შეჩერებით აიძულებს ფრინველს აფრინდეს. რბილი ხასიათისაა და ადვილად იგეშება. გამძლეა ნადირობის დროს. დაუფასებელია დაჭრილ და გამქცევ ფრონველზე, განსაკუთრებით იხვზე ნადირობის დროს. ადვილად შედის წყალში, ეკალ-ბარდში, ლერწმით დაფარულ ჭაობში და გამოაქვს ნანადირევი.ასევე არის დეკორატიული ძაღლი.

 

მოვლა
კოკერ სპანიელი საკმაოდ აქტიური და ენერგიული ჯიშია, ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური ვარჯიში. თავისი მცირე ზომის წყალობით, იგი კარგად ეგუება ქალაქისა და ბინაში ცხოვრების პირობებს, თუმცა სჭირდება სივრცე, სადაც ირბენს და ითამაშებს. სასურველია კოკერს ჰქონდეს პატარა ეზო, სადაც მიეცემა თამაშის საშუალება. მას ძალიან უყვარს სირბილი და გარემოს შესწავლა.

კოკერ სპანიელის ზოგიერთ პატრონს ურჩევნია მის სპანიელს გრძელი ბეწვი ჰქონდეს, ამიტომ ყოველდღე ვარცხნის და ხშირად ჰბანს, ზოგი კი საშუალო ზომამდე უტოვებს. ძაღლს რეგულარული მოვლა სჭირდება, როგორი სიგრძის ბეწვიც უნდა ჰქონდეს. ჯაგრისით ვარცხნისას ფრთხილად იყავით, რომ აბრეშუმივით ბეწვი არ დაუზიანოთ. გასეირნებისას კი მოარიდეთ ბუჩქნარს, რომ ბეწვი არ დაუზიანდეს და მოაშორეთ მიკრული ბალახი, გამხმარი ფოთლები და სხვა.

რეგულარულად უნდა მოხდეს ასევე კოკერ სპანიელისათვის თვალების წირპლებისაგან გასუფთავება და ასევე ყურების გაწმენდაც, რადგან თავიანთი დიდი, დაკიდებული ყურების გამო, არ ხდება მათი სათანადოდ განიავება და შესაძლოა ისინი პარაზიტების, კერძოდ კი ყურის ტკიპების ბუდედ იქცეს.  ასევე საგულისხმოა მათი მსუნაგი ხასიათი, არ შეიძლება მათი დოზაზე მეტი საკვებით გადატვირთვა.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა