რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი?

licenzia”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს.

რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამ კითხვებით ”ფორტუნა” გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ეკოსისტემური მიდგომებისა და ცხოველთა დაცვისთვის, ასევე მონადირეების უფლებების გათვალისწინებისთვის, საჭირო იყო არსებული რეგულაციები ერთ კანონპროექტში გაეერთიანებინათ. ამავდროულად, ცხოველებისა და მათი საბინადრო გარემოსთან დაკავშირებული საკითხებისთვის ”ბიომრავალფეროვნების დაცვის” კანონპროექტი მომზადდა.

კარლო ამირგულაშვილის თქმით, ორივე კანონპროექტის თავდაპირველი პროეექტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა.

”ნადირობის შესახებ” კანონპროექტი აწესრიგებს რა არის ნადირობის უფლება, ვის ენიჭება ნადირობის განხორციელების უფლება და ა.შ.

კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა.

როგორც კარლო ამირგულაშვილმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განმარტა, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მონადირე სერთიფიცირებული პირი იქნება. სერთიფიცირებისთვის კი პოტენციურმა მონადირემ, შესაბამისი ტესტირება უნდა გაიაროს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, არასერთიფიცირებული პირის ნადირობა აიკრძალება და დარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

”იარაღის ტარებასთან ერთად, მონადირეს ნადირობასთან და გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ტესტირება უნდა ჰქონდეს ჩასაბარებელი. ეს ვფიქრობთ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სისტემა უნდა იყოს. დაახლოებით, ისე, როგორც მართვის მოწმობის აღება ხდება”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

ასევე, განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიებიც. ამ კუთხით სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც.

”პირველ რიგში შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები. განიხილება აგრეთვე, მონადირეთა ფედერაციის შექმნის საკითხი. ჯერ ამასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა შეიქმნას თუ არა ეს ფედერაცია და რა უფლებები ექნება მას. ამას საჯარო განხილვების შემდეგ გადავწყვეტთ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფა შეიძლება მოხდეს როგორც სამინისტროს ინიციატივით, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

ამ ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა.

სამონადირეო ტერიტორიაზე შესვლისთვის გარკვეული სახდელი იქნება დაწესებული.

”სამონადირეო ტერიტორიის მმართველთან იქნებიან გაწევრიანებულები გარკვეული მონადირეები, რომელთაც ექნებათ დადგენილი კვოტა – რა სახეობაზე რამდენის მონადირების უფლება ექნებათ, მათ მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც არ იქნებიან წევრები, ნადირობის უფლება, მმართველთან შეთახნმებით მიეცემათ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

მანვე ”ფორტუნასთან” პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ამირგულაშვილმა განმარტა, დღეს, ბევრ ისეთ ტერიტორიაზე ხდება ნადირობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.

”მაგალითად, ხდება მწყერზე ნადირობა ყანებში, ბაღებში, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაა. ასეთი ტერიტორიებიც სამონადირეო ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნადირობის უფლება იქნება გაცემული. ამას გადაწყვეტს თავად კერძო მესაკუთრე. თუკი მან განაცხადა, რომ მის კერძო ნაკვეთზე ნადირობა განხორციელდეს, მაშინ მოხდება ამის აკრძალვა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მან.

მონადირეთა ნაწილი ”ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ სფერო დასარეგულირებელია. ისინი რეგულაციების კანონში გაერთიანებას მიესალმებიან. თუმცა მათი ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მონადირეების სერთიფიცირება მიუღებელია.

“იარაღის გასაფორმებლად ტესტირება ისედაც საჭიროა. აუცილებელია, მონადირემ ნადირობის გარკვეული წესები იცოდეს – თუნდაც ის, რომ მანოკი და მსგავსი ბრაკონიერული ხელსაწყოები არ გამოიყენოს, სათანადოდ მაინც არ კონტროლდება ეს სფერო. ბრაკონიერული გზით, იგივე მანოკის საშუალებით, მაინც ნადირობენ გადამფრენ ფრინველებზე, მაინც ხოცავენ მთაში გადაშენების პირას მყოფ ჯიხვს და რაჭაში გადაშენების პირას მყოფ დათვს, მაინც ნადირობენ ირემზე და ა.შ. ეს ტესტირება კი ვთვლი, რომ მიმართულია არა იმისკენ, რომ მოქალაქემ იცოდეს როგორ ინადიროს და რა წესები დაიცვას არამედ, ფულის კეთების მექანიზმია. თუ სახელმწიფოს სურს ამ დარგის განვითარება ამისათვის ტესტირებები კი არ უნდა ატაროს და ფული აიღოს, არამედ ლექციები და ტრენინგები ჩაუტაროს მათ, ვინც ეს არ იცის და გაამკაცროს გარემოს ზედამხედველობა: დაამატონ ჯგუფები გარემოს დაცვის სამსახურს და დაისაჯონ ბრაკონიერები”, – განაცხადა ს.ჯ.-მ ”ფორტუნასთან” საუბარში.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი თორნიკე გულიაშვილი, დამატებით რეგულაციებზე, მათ შორის სერტიფიცირებაზე ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს. თუმცა, მიესალმება ფედერაციის შექმნას.

”დამატებითი ვალდებულებები და რეგულაციები, კარგია თუ არ იქნება, რადგან ვისაც ჰობად აქვს ნადირობა, იმ მცირე დროსაც ვერ დაუთმობს ამ საქმეს, რასაც აქამდე უთმობდა. რაც შეეხება ფედერაციის შექმნას, ეს შეიძლება კარგი იყოს, რადგან პირველ რიგში, ფრინველთა და ცხოველთა გამრავლებაა საჭირო. სწორედ ამას შეიძლება შეუწყოს ხელი ფედერაციამ”, – განაცხადა თორნიკე გულიაშვილმა ”ფორტუნასთან”.

კანონპროექტის საჯარო განხილვები რეგიონებში უკვე დაიწყო. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ყველა დაინტერესებული პირის აზრს მაქსიმალურად მოუსმენენ და გაითვალისწინეენ.

მხოლოდ ამის შემდეგ გავა კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად.

წყარო: fortuna.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა