ფრინველის ფიტულის დამზადება

Sans titre 14ფრინველთა ფიტულის გაკეთება
ფრინველის ტყავის გახდა
ტყავის გახდისათვის საჭიროა შემდეგი ხელსაწყოები: მჭრელი ნეშტარი (ლანცეტი), ქირურგიული მაკრატელი და პინცეტი (მათი შეძენა შეიძლება სააფთიაქო მაღაზიებში), ერთი პარკი კარტოფილის ფქვილი, უბრალო ბამბა ან ძენძი, თაბაშირი, დარიშხანის ნატრიუმი, საკვნეტელა, მრგვალტუჩა, სანტიმეტრი და ფუნჯი.
მოკლული ფრინველის ნესტოებში უნდა გაატაროთ ნემსით ძაფი და შეკრათ ნისკარტი. ძაფის ბოლოებში დატოვოთ 10-15 სანტიმეტრი თავისუფალი ძაფი ფრინველის სიდიდესთან შეფარდებით. სანამ ნისკარტს შეუკრავდეთ, ფრინველის პირსა და ნესტოებში უნდა ჩადოთ დახვეული ბამბის პატარა ნაჭრები. ეს იმიტომაა საჭირო, რომ მუშაობის დროს პირიდან და ნესტოებიდან გამონადენმა სისხლმა არ დასვაროს ფრინველის ბუმბული.
ასეთი მომზადების შემდეგ ფრინველის დადეთ ზურგზე ბოლოთი თქვენსკენ, მუცლის ბუმბული გადაყავით შუაზე და ნეშტარით ფრთხილად გაჭერით ტყავი ზევიდან ქვევით, მკერდის ძვლიდან უკანა ტანის გასავლამდე, ამასთან ეცადეთ, რომ არ გაგეჭრათ მუცლის თხელი აპკი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცვივა შიგნეული და გაძნელდება შემდგომი მუშაობა. ჭრილობა ისეთი სიგრძით უნდა გაკეთდეს, რომ იქედან გამოეტიოს მთელი ფრინველის სხეული. მაგალითად, მწყრის მუცელზე ჭრილობა სიგძით 3-5 სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოხბის მუცელზე 10-12 სანტიმეტრი და ა.შ.
ჩაეჭიდეთ გაჭრილი ტყავის მარცხენა ნაპირს პინცეტით ან ფრჩხილებით და გააცილეთ იგი ხორცს ჯერ ნეშტარით, ხოლო შემდეგ მისი ბრტყელი სახელურის ან თითებით და ტყავი გახადეთ მანამ, სანამ არ მიხვალთ წვივის სახსრამდე.
ახლა მარცხენა ხელით აიღეთ ფრინველის ფეხი, დააწევით მას, ეცადეთ გაატაროთ წვივი გაჭრილ არეში, შეაჭერით მყესის სახსარი და ფეხიც ადცვილად გავა ჭრილში. ფრთხილად ჩაჭერით წვივთან და ეცადეთ არ გაჭრათ ტყავი. დააშორეთ წვივი ბარკალს და თითებით თანდათან დააცილეთ ერთმანეთს კუნთები და ტყავი. ამგვარად მიხვალთ მუხლამდე, სადაც ფრინველების უმრავლესობას უმთავრდება ბუმბულის ნაწილი. შემდეგ გადაკვეთეთ ყველა მყესი და წვივის ძვლიდან მოაცილეთ კუნთები, ფეხის ძვალი კი უკან ჩადეთ იმ ტყავში, რომელიც ამ ფეხზე იყო შემოკრული. ამ ადგილას დააყარეთ კარტოფილის ფქვილი, რომ ბუმბული არ დაისვაროს. ახლა გადადით ჭრილის მარჯვენა მხარეზე და ამავე წესით გაანთავისუფლეთ იგი ხორცისაგან, ასევე გაანთავისუფლეთ მარჯვენა წვივიც.
როცა გაანთავისუფლებთ ორივე ფეხს წვივებითურთ ფრინველის სხეულიდან და გაწმენდთ მათ, დააყენეთ ფრინველი ვერტიკალურად მაგიდაზე ბოლოთი ზევით, ასწიეთ ბოლო ზურგისაკენ, გადასწიეთ გვერდზე კუდის ქვეშ მყოფი ბუმბული უკანა გასავლის გარშემო, გაჭერით სწორი ნაწლავი უკანა გასავალთან და ფრთხილად გადაჭერით ხელხემალი კუდის ძირში. ხელრხემლის გადაჭრის დროს შესაძლებელია იქედან სითხე წამოვიდეს. ამ შემთხვივისთვის სასწრაფოდ დაუცეთ სწორ ნაწლავს ბამბა და დააყარეთ მას თაბაშირი.
ჩაჭრით რა ხერხემლის ბოლო მალებს, დაიწყეთ ტყავის გახდა ზურგიდან, მოაცილეთ იგი ხორცს თითებით და, სადაც აუცილებელია ნეშტარით. აწარმოეთ ტყავის გაცლა ხან ზურგიდან და, ხან მკერდიდან. მიხვალთ ფრთებამდე, რომლებიც გადაჭერით ზურგიდან მხრის შეერთებასთან და განაგრძეთ ტყავის გახდა კისრიდან.
როდესაც თავთან მიხვალთ, ფრთხილად გადმოაბრუნეთ ტყავი ისე, რომ არსად არ გაჭრათ ან არ გახიოთ.
თქვენ აქ ნახავთ, რომ ტყავი მიკრულია თავის ქალაზე ყურის თხელი აპკით. ფრთხილად მოკიდეთ მას პინცეტი, დაახვიეთ მასზე აპკი და ისე გამოიღეთ იგი ყურის ღრუდან. აპკი არ გაჭრათ, ვინაიდან იგი შემდეგ გაფართოვდება და დიდ ხვრელს გააკეთებს, რაც ფიტულს სილამაზეს დაუკარგავს.
დაასრულებთ რა ამ ოპერაციას ორივე ყურზე, მიადგებით თვალებს. აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გაიჭრას თვალის ქუთუთო. ამისათვის აუცილებელია, რაც შეიძლება თვალისკენ ღრმად ჩაჭრათ ქუთუთოს აპკი. შემდეგ ტყავის გაძრობას განაგრძობთ ნისკარტის ძირამდე და აქ ამთავრებთ მას.
შემდეგ თავიდან უნდა მოაცილოთ გატყავებული სხეული, რისთვისაც მაკრატლით მოაჭრით კისერს პირველივე კისრის მალასთან თავის ქალის დასაწყისშივე.
გაასუფთავეთ თავის ქალა ხორცისაგან, თვალებისაგან, ენისაგან და შეუდექით ტვინის ამოღებას. ამისათვის საჭიროა გააფართოვოთ თავის ქალის კეფის ნაპრალი მის ქვედა ნაწილში და ამ ნაპრალიდან ამოიღოთ მთელი ტვინი რაიმე ბრტყელი საგნით ან თქვენს მიერ გაკეთებული პატარა მავთულისაგან ერთი ბოლოდან გაფართოების საშუალებით.
როცა ამ ოპერაციას დაამთავრებთ, გადადით ხორცისაგან ფრთების გაწმენდაზე. აიღეთ მარცხენა ხელში ფრთის მხრის ძვლის ბურთისებური ბოლო და ზოგან ნეშტრით და, ზოგან ხელით გახადეთ მას ტყავი როგორც ხელთათმანი. როდესაც მიხვალთ ნიდაყვის სახსართან, ფრთხილად მოაცილეთ საქნევი ბუმბულების საფუძვლები, რომლებიც მიმაგრებულია წინამხრის ძვლებზე, და განაგრძეთ ტყავის გახდა ამ ძვლების ბოლომდე, ამასთანავე ეცადეთ არ გაჭრათ ან არ გახიოთ იგი.
ახლა კი მოჭერით და მოფხიკეთ მთელი ხორცი წინამხრისა და ბეჭის ძვლებიდან.
დარჩა ბოლოს გასუფთავება. ამისათვის ბოლოს ფრთხილად მოაჭერით ხორცის ნარჩენები ბუმბულის შიგნითა მხრიდან, ეცადეთ არ გაჭრათ ბუმბულის ფესვები, წინააღმდეგ შემთხვევიაში მთელი ბოლო დაიშლება და ბუმბულები დასცვივდება.
ტყავის გახდა დამთავრებულია. თქვენ ხელთ გაქვთ წინდისებურად გადმობრუნებული ტყავი, რომელსაც ბუმბული შიგნით აქვს. წაუსვით მას 10-პროცენტიანი დარიშხანის ნატრიუმის ხსნარი ფუნჯით. ეს პრეპარატი ძლიერ საწამლავია და მასთან მოპყრობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. შუშა, რომელშიც მოთავსებულია დარიშხანის ხსნარი, უნდა ინახებოდეს ჩაკეტილში, რომ ამ ხსნარით არ ისარგებლონ ბავშვებმა ან შეცდომით უფროსებმა. ეს დოზა სასიკვდილოა.
წაუსვით მტელ ტყავს დარიშხნის ხსნარი, დაამრგვალეთ ამ ფრინველის თვალისოდენა ბამბა და ჩაუდევით იგი თვალების ღრუში. მთელ თავის ქალაზე შემოახვიეთ ბამბის თხელი ფენა, აიღეთ ხელში იმ ძაფის ბოლოები, რომლითაც შეკრულია ნისკარტი, და დაიწყეთ ტყავის თანდათან გადმობრუნება. ფეხებისა და ფრთების ძვლები ისევ თავის ადგილზე მოათავსეთ ტყავში, ასევე ფრთხილად შეიტანეთ თავის ქალა ტყავის ქვეშ, გაასწორეთ იგი, ჩაუდგით თავის ადგილზე ქუთუთოები და ა.შ.
თავიდან ტყავის გახდის დროს ზოგიერთ ფრინველს (კოდალა, იხვი, ბატი, ფარშავანგი და სხვ.) კისრის ტყავში თავის ქალა არ გაეტევა. ამ შემთხვევაში გაიჭრება ფრინველის ყელი თავთან, რაც შეიძლება ახლოს. თავის ქალა არ გასუფავდება არამედ გაკეთდება რა ყოველივე ის, რაც ზემოთ იყო ნათქვამი და გადაბრუნდება რა ყოველივე ის, რაც ზემოთ იყო ნათქვამი და გადაბრუნდება ტყავი უკანვე (ბუმბულით გარეთ), გაკეთდება ჭრილი თავის ქალის ტყავზე გარედან, რაშიაც გაჰყოფენ თავის ქალას მის შემდგომ გასაწმენდად ხორცისა და ტვინისაგან.
Sans titre 18
ორნიტოლოგიური კოლექციის დამზადება
ამ შემთხვევაში საჭიროა აიღოთ სათანადო სიმსხოს მავთული ან ორივე წვეროდან წამახვილებული თქვენს ფრინველზე ცოტა მეტი სიგრძის ჯოხი; დაახვიეთ მასზე როგორც თითისტარზე, ბამბა ან ძენძი ფრინველზე ცოტა მეტი ზომის, დაიცავით ზუსტად ფრინველის სიგრძე და ყელის სისქე ოდნავ გააფართოვეთ და ოდნავ გადმოაბრუნეთ უკანვე ფრინველის ტყავი, ჩაუდეთ კეფის ჭრილში მავთულის ან ჯოხის ის ბოლო, სადაც თქვენ დაახვიეთ კისრის გამომსახველი ბამბა და დაიწყეთ ტყავის ჩამოცმა ფრინველის ამ იმპროვიზებულ სხეულზე.
როდესაც მიაღწევთ ბეჭებამდე, გამოაცალეთ ფრთებს ბეჭის ძვლები, წინამხრების ძვლები კი (ისინი წყვილია) გაახვიეთ ბამბის თხელ ფენაში, შესწიეთ ისევ უკან ფრთების ტყავში და განაგრძეთ ტყავის ჩამოცმა ბამბის სხეულზე. გააკეთეთ იგივე ფეხების მიმართაც. შემოახვიეთ ფეხების ძვლებს (წვივს) ბამბა ან ძენძი, ისე რომ მათ ექნეს ცოცხალი ფრინველის ფეხების ფორმა და ამგვარად ჩადეთ ისინი უკანა ფეხების ტყავში. ახლა დარჩა ბოლოს ჩადება თავის ადგილზე ისე, რომ იგი დამაგრდეს მავთულის ბოლოზე. თუ არ ყოფნის სხეულში ბამბა, უნდა დაემატოს, შეერთდეს მუცლის ჭრილის გვერდები და შეიკეროს იგი არახშირი ნაკერით. სწორად დასდეთ ფრთები და ფეხები, შეაბით ფეხზე ეტიკეტი და მთელი ფრინველი ჩადეთ ძირს ქაღალდის პარკში. შეინახეთ იგი მანამდე სანამ გაშრება.
ფეხზე მიბმულ წარწერაში აღნიშნეთ: ფრინველის დასახელება, სქესი, ადგილი, სადაც მოიკლა იგი, მოპოვების დრო, ფრნველის ადგილობრივი დასახელება თუ იგი განსხვავდება საერთო დასახელებისაგან, თუ ფრინველი მოპოვებულია მთაში, მაშინ მიუთითეთ მთის სიმაღლე ზღვის დონიდან, მოკლედ აღნიშნეთ, რა აღმოაჩნდა კუჭში და აგრეთვე მიუთითეთ თვალის ფერი.
ფრინველის სქესის გამოცნობა შეიძლება შემდეგი წესით. თუ ფრინველს არა აქვს სქესის გამომხატველი გარეგანი ნიშნები, გაჭერიტ მარცხნივ ნეკნები სხეულზე, გადასწიეთ გვერდზე ნაწლავები. ხერხემლის გვერდებზე შიგნიდან თირკმლების წინ მამლებს შეიძლება შეამჩნიოთ თითო თეთრ-მოყვითალო ფერის ჯირკვალი, რომელსაც კვერცხის ფორმა აქვს. ასეთი ჯირკვალი ორია. ესენი სათესლე ჯირკვლებია. დედალს ამავე ადგილას აქვს მარცვლის მსგავსი ჯგუფურად ჩაწყობილი გროვა – ეს საკვერცხეებია. ერთი ჯგუფის ფრინველებს ეს გროვა მოთავსებული აქვთ ხერხემლის ორივე მხარეზე, სხვებს კი მხოლოდ ერთ – მარცხენა მხარეზე.
მავნებელთაგან გაფუჭების თავიდან ასაცილებლად ტყავი უნდა შევინახოთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და ზედ დავაყაროთ ნაფტალინი.
ამით შეიძლება ამოვწუროთ ფრინველთა ტყავების ორნოტოლოგიური კოლექციის გაკეთებისა და დაგროვების საკითხი.

Sans titre 16თავიდან ფრინველის ტყავს ხდიან ისე, როგორც ეს მოთხრობილი იყო ზემოთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მხრის ძვლები არ გამოიღება და ტყავზე რჩება.
როდესაც ფრინველის თავის ქალა გაიწმინდება თვალების ენისა და სასისაგან, მოსცილდება მას ხორცის ყოველგვარი ნაწილაკი კეფის გაფართოებული ნაპრალიდან ამოიღება ტვინი, პატარა ფინჯანში გახსენით ცოტაოდენი თაბაშირი და პინცეტით ან თქვენ მიერ დამზადებული პატარა ნიჩბით ამოავსეთ თავის ქალა თაბაშირით იმ ადგილზე სადაც იყო ტვინი, თვალები, ქალის ყველა ნაწილი, ენა და სასა ისე, რომ თავის ქალამ მიიღოს იგივე ფორმა, როგორიც ჰქონდა ტყავის გაცლისას.
სანამ თაბაშირი ჯერ არ გამაგრებულა, ჩადეთ ქალაში ისეთივე სიმსხოს მავთული, როგორსაც აპირებთ დააყენოთ საყრდენზე. როდესაც თაბაშირი გამაგრდება, ეს მავთული უკან ამოიღეთ და დარჩენილ ღრუში შეიყვანეთ ფიტულის ღერძის მავთული.
ამოაძრობთ რა ამ მავთულის ნაჭერს მას შემდეგ, რაც თაბაშირი გამაგრდება, მთელ ტყავს წაუსვით დარიშხანის ხსნარი და იგი უკანვე გადმოაბრუნეთ.
დავტოვოთ დარიშხანის ხსნარწასმული, ბუმბულგადმობრუნებული ტყავი და დავუბრუნდეთ გატყავებულ ფრინველს.
დადეთ მაგიდაზე გატყავებული ფრინველის სხეული გვედზე, სანტიმეტრით მოახდინეთ შემდეგი გაზომვები და ჩაიწერეთ: კისრის სიგრძე (თავის ქალიდან ზურგამდე), ზურგის სიგრძე (მხრის სახსრიდან მენჯ-ბარკლის სახსრამდე), ბარკლის სიგრძე (აღნიშნეთ ბარკლის ძვლის მთელი სიგრძე, რომელიც დარჩა გატყავებულ სხეულზე). მკერდის გარშემოწერილობა. ეს უკანასკნელი უნდა აიღოთ ტყავის გახდის დაწყებამდე, რომ ამ ზომაში მოხვდეს ბუმბულით შემოსილი ფრინველი.
ახლა დავუბრუნდეთ ფრინველის ტყავს.დაამზადეთ სხვადასხვა სისქის 5 ნაჭერი რკინის გამომწვარი მავთული. მავთულის პირველი ნაჭერი უნდა იყოს ფრინველის მთელ სიგრძეზე ცოტა უფრო გრძელი და მსხვილი, ვინაიდან იგი არის ძირითადი (ღერძის) და ამ მავთულზე უნდა დადგეს ფრინველის მთელი ფიტული.
ქლიბით გაამახვილეთ მავთულის ორივე ბოლო, აღნიშნეთ მავთულზე თქვენს მიერ გაზომილი კისრის სიგრძე, მიუმატეთ მას კიდევ 5-8 სანტიმეტრი, მრგვალტუჩა მოჰკიდეთ მავთულს სწორედ იმ ადგილას და ისე დაატრიალეთ მავთული, რომ კისერთან გაკეთდეს მცირე რგოლი. შემდეგ ამ რგოლიდან მავთულზე კვლავ გადაზომეთ ზურგის სიგრძე და ამ წერტილშიაც მრგვალტუჩათი გააკეთეთ მეორე რგოლი.
შემდეგ აიღეთ პატარა ნაჭერი, ბამბა (და არა მატყლი) და კვლავ გადაზომეთ პირველი რგოლიდან კისრის სიგრძე და ამ უბანზე დაახვიეთ ბამბა, რომ გამოვიდეს ერთნაირი ლილვაკი, რომელსაც ექნება კისრის სიმსხო და სიგრძე. თქვენ მიერ ზედმეტად გადაზომილი 5-8 სანტინეტრი მავთული თავისუფალი დარჩება, რომელსაც მსხვილი ბოლო ექნება. გახსენით ფრინველის ტყავი, გასწიეთ კისრის ტყავი და როდესაც დაინახავთ ნახვრეტს კეფაზე, სადაც თავში თაბაშირის ჩასხმისას ჩატანებული გქონდათ მავთული, ჩაარჭვეთ შიგ საღერძე მავთული მსხვილი ბოლოთი და მსხვილი დატრიალებით შეიყვანეთ იგი კეფაში, სანამ ბამბის კისერი ზედ მიედება ფრინველის თავის ქალას. გარეთ გამოსული მავთულის ნაწილი თქვენთვის აუცილებელი იქნება შემდგომი მუშაობის პროცესში, ხოლო როდესაც ფიტული გაშრება, იგი უნდა მოჭრათ კვნეტელათი. კისრის ტყავი მთლიანად ჩამოაცვით კისერს და განაგრძეთ მუშაობა.
აიღეთ მავთულის ორი თანაბარი ნაწილი, იმაზე გაცილებით უფრო წვრილი რმელიც გამოიყენეთ ღერძად და გადაზომეთ ზედ მთელი გაშლილი ფრთის სიგრძე (მხრის და წინამხრის ძვლების მიხედვით), მიუმაეტეთ მას 5-10 სანტიმეტრი მავთული, იმის მიხედვით, თუ რა ზომის არის ფრინველი. ეს ორი ნაჭერი მავთული განსაზღვრულია ფრთების დასაკავებლად. თვითეული მხოლოდ ერთ მხარეზე გაამახვილეთ.
გადმოაბრუნეთ მარცხენა ფრთა მთლიანად და მის ბოლოში კავსა და ძვლებს შორის ჩადეთ მავთულის მახვილი წვერი, ფრთხილად ატრიალეთ და შეიყვანეთ იგი რაც შეიძლება ღრმად ფრთის ფალანგაში. დაამაგრეთ ამგვარად მავთული ფრთის ბოლოში და გაასწორეთ იგი მხრისა და წინამხრის ძვლების გასწვრივ. მეორე მხარეს დარჩება 4-6 სანტიმეტრი თავისუფალი მავთული.
ახლა საჭიროა ძვლების გასწვრივ ჩადებული მავთულის შეერთება ძვლებთან ბამბით ისე, რომ დაემსგავსოს ფრთას, როგორც იგი იყო სიცოცხლეში. ამ ოპერაციის შემდეგ წამოაცვით მას ფრთის ტყავი ბოლომდე და ოდნავ მოხარეთ ფრთა (იმ ადგილზე სადაც ფრთის უკანასკნელი ფალანგაა)
გაიმეორეთ იგივე მეორე ფრთაზედაც. აიღეთ მარჯვენა ხელით ღერძის მავთული და შედევით პირველ რგოლში (კისრის ბოლოს) ჯერ მარცხენა ფრთის მავთულის თავისუფალი ბოლო, შემდეგ კი ამავე რგოლში მარჯვენა ფრთის ასეთივე ბოლო. მოსწიეთ ორივე ფრთა რგოლისაკენ. მრგვალტუჩათი ერთად აიღეთ ეს რგოლი, რომელშიაც ჯვარედინად ჩასმულია ფრთის მავთულები და მაგრად მოუჭირეთ ამ შეერთებას მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელით კი მაგრად დაახვიეთ რგოლს ჯერ მარჯვენა ფრთის ზედმეტი მავთული, ხოლო შემდეგ მარცხენა ფრთის ზედმეტი მავთული. როდესაც დაამთავრებთ ფრთების დამაგრებას ღერძის მავთულზე, გადადით ფეხებზე. ამისათვის გადაზომეთ ორი ერთნაირი ზომის მავთული, დაახლოებით იმავე სიმსხოსი, როგორც ღერძის მავთულია და გამახვილეთ იგი ერთი მხრიდან. თითოეული ფეხისათვის მავთულით გადაზომვა ასე ხდება: მიადებთ საზომს ფეხს, რომელიც არის ტყავზე და გაზომავთ რა მასზე ამ ძვლების სიგრძეს, მიუმატებთ მას თქვენს მიერ უკვე ჩაწერილი ბარკლის ძვლის ზომას და დაუმატებთ იმდენ სიგრძეს რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ეს მავთული დაახვიოთ მეორე რგოლზე; ტერფში გამომავალი მავთულის თავისუფალი ნაწილი საჭირო იქნება ფრინველის დასამაგრებლად საყრდენზე ან ტოტზე. მაგალითად ფეხის ტერფისა და წვივის სიგრძეა 16 სმ, ბარკლის სიგრძე 9 სმ. რგოლზე დასამაგრებლად კი საჭიროა მავთულის 10 სმ -იანი ნაჭერი და ფეხის ტერფიდან გამომავალი 8 სმ-იანი მავთულის ნაჭერი. მაშასადამე, მავთული, სულ სიგრძით 43 სმ უნდა იყოს.
მოჭრით რა ორ ასეთ მავთულს და გაამახვილებთ მათ ერთი მხრიდან, ჯერ უკან გამოიღეთ ტყავიდან ფეხის ძვალი, ჩაარჭეთ მავთულის მსხვილი წვერი ტერფისა და წვივის სახსარში და ნელა დაიწყეთ ამ მავთულის შეყვანა ტერფის კანის ქვეშ.
მარცხენა ხელის თითებით გამუდმებით სინჯეთ ფეხის ის ნაწილი რომელიც ფრინველთა უმრავლესობას შემოსილი არ აქვს ბუმბულით, რომ მავთული სწორად გავიდეს ტყავში და თავი არ გამოყოს გარეთ. ასეთი სიფრთხილით უნდა მივიყვანოთ ტერფამდე მავთული და გარეთ გამოვიყვანოთ, მისი ისეთი სიგრძის ბოლო ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია ფიტულის საყრდენზე დასამაგრებლად. როდესაც ამას მორჩებით, კვლავ გადასწიეთ ფეხის ტყავი და მაგრად შეაწყვილეთ მავთული და წვივის ძლები, გადააბით ისინი ძაფით, შემოახვიეთ მათ ბამბა ან ძენძი, მიეცით მას ცოცხალი ფრინველის წვივის სახე და ჩამოაცვით წვივზე უკანვე ფეხის ტყავი. მეორე ფეხზედაც ჩაატარეთ ასეთივე ოპერაცია.
როდესაც ყველა ამას დაამთავრებთ აიღეთ საზომი და გადაზომეთ წვივიდან გამოშვერილი მავთულის სიგრძე. იმ ზომაზე, რომელიც ჩაწერილი გაქვთ ბარკლის ძვლის ზომების აღების დროს და ბრტყელტუჩათი მავთულის გადაღუნვით სწორი კუთხე გააკეთეთ ამ ადგილას, იგივე გააკეთეთ მეორე ფეხზედაც. მარცხენა ხელით აიღეთ ღერძის მავთული და გაუყარეთ რგოლში ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა ფეხის მავთულის ბოლო ჯვარედინად. მისწიე ორივე მავთული რგოლისაკენ ბოლოს თქვენს მიერ გაკეთებულ მონაღუნამდე, თქვენ მიერ ჩადებული ფეხების მავთულებთან ერთად აიღეთ მრგვალტუჩათი რგოლი და ღერძის მავთულზე დაახვიეთ ჯერ ერთი ფეხის მავთული შემდეგ მეორესი. ეცადეთ რომ შემოხვეული მავთულის მთელი არე, რაც შეიძლება მოკლე იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრინველის სხეული არანორმალურად გრძელი გამოგივათ, ვინაიდან ახლა თქვენ დაგრჩათ უკანასკნელი ოპერაცია, რომ ღერძის მავთულის დარჩენილი ბოლო ნაწილი ჩაარჭოთ ფრინველის ბოლოში და იგი რაც შეიძლება მჭიდროდ შეუერთოთ ფეხების მავთულების ნასკვს.
მორჩებით რა ბოლოს გაკეთებას აიღეთ მარჯვენა ხელით ღერძის მავთული იქ, სადაც გათვალისწინებულია ზურგი, მარცხენა ხელით მოღუნეთ მარცხენა ფეხის მავული იმ ფორმაში, როგორც იგი უნდა იყოს ცოცხალ ფრინველზე. (ფეხის მავთული უნდა მოიღუნოს, წვივისა და ბარკლის სახსრისა და მენჯ-ბარკლის სახსრეში) იგივე გაიმეორეთ მარჯვენა ფეხისათვის. ახლა კი ისევე მარჯვენა ხელით აიღეთ ღერძის მავთული, მარცხენა ხელით კი ჩაკეცეთ ფრინველის ორივე ხელი, ისე როგორც ისინი უნდა ყოფილიყვნენ სიცოცხლის დროს. გაასწორეთ ფრთები და გადაუსვით ხელი ტყავს გარედან, რომ ყველა ბუმბული თავ თავის ადგილზე იყოს.
თქვენს მიერ დამზადებულმა მავთულის კარკასმა შეცვალა ფრინველის ჩონჩხი. მავთულის თითოეული მოხრილობა ისეთივეა, როგორც კიდურების ფორმა. ამიტომ ფრინველიც ანატომიურად ზუსტად ისეთივე უნდა გამოვიდეს, როგორიც იყო ის სიცოცხლეში, რაც ფიტულის მავთულების ამ მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა.

693befa518dfფიტულის დატენა
ახლა შევუდგეთ ფიტულის დატენას.
ფრინველი დადეთ მაგიდაზე ზურგით. აიღეთ ბამბის თხელი ფენა და დააფარეთ იგი ზურგის, ანუ ღერძის მავთულის ქვეშ მხრების რგოლიდან ბოლომდე. შემდეგ ბამბის ორი სათანადო ნაჭერი დაუდეთ ქვეშ იმ მავთულებს, რომლებიც ცვლიან ბარკლების ძვლებს. ორი სათანადო ბამბის ნაჭერი ჩადეთ იქ, სადაც მხრების რგოლია. აიღეთ ბამბის დიდი ნაჭერი და ჩადეთ იგი ტყავის მკერდის ნაწილის ქვეშ და ასე თანდათან ბამბის ნაჭრები მოათავსეთ ფრინველის ტყავის ქვეშ და მიყვანეთ იგი იმ სიდედემდე და ცოტა მეტამდეც, ვიდრე აღნიშნულია იმ ციფრებით, რომლებიც ქონდათ ჩაწერილი ფრინველის პირველი გაზომვის დროს. ბამბა უნდა ჩაიდვას თანასწორად და მჭიდროდ.
დაამთავრებთ რა დატენას, ძაფით გაკერეთ მუცლის ჭრილი და ზედმიწევნით შენიღბეთ ნაკერავი ბუმბულით.
აიღეთ ფრინველი ხელში ფეხებით და შეამოწმეთ სწორად არის თუ არა იგი დატენილი, ხო არ არის ასიმეტრია, გამობურცვები ან ჩაღრმავებები განსაკუთრებით მუცლის არეში. გასწიეთ ფეხები ისე, როგორც ეს ფრინველს ჰქონდა სიცოცხლეში, გააკეთეთ დაფაზე ორი ნაბურღი და ჩაატარეთ შიგ ტერფიდან გამოსული მავთულის ბოლოები, გადაუკეცეთ მათ თავები საყრედის ქვედა ნაწილიდან.
დაამაგრებთ რა ფრინველს დაფაზე დაიწყეთ მისთვის ფორმის მიცემა თქვენი სურვილისამებრ. ჩაუსვით მას თვალები და მჭიდროდ გაახვიეთ ფიტული ქაღალდში ან ნაჭერში, რომ ბუმბულის საფარი სწორად გაშრეს და აბურძგნილი არ გამოვიდეს.
როდესაც ფრინველის ფიტული ამგვარად გაშრება, გადაიტანეთ იგი სათანადო მუდმივ საყრდენზე, რომელიც უნდა მოირთოს ხავსით., ხავსულათი, ხმელი ტოტებით. ამგავარდ ფიტული უკვე მზადაა.
რასაკვირველია, პირველად ფიტული უნაკლო არ გამოვა. ეს სამუშაო ზემოთმოყვანილი თეორიულ ცოდნის გარდა მოითხოვს დიდ პრაქტიკას, მხატვრულ უნარს, ფრინველთა ჩვევების ცოდნას, მოთმინებასა და ამ საქმისადმი სიყვარულს.
ან ნაწილის დასასრულს რამდენიმე რჩევა ფრინველთა ტყავის გახდის შესახებ უნდა მივცეთ ამ საქმით დაინტერესებულთ.
მცირე ფრინველებს ქორების ჩათვლით, ტყავი ფრთებზე (მხარსა და წინამხარზე) უნდა გაეხადოს წინდისებურად. დიდ ფრინველებს (არწივი, სავათი, წერო) ჯერ გახდიან ფრთის ტყავს ნიდაყვის სახსრამდე, წინამხრის ტყავის გახდა კი უნდა მოხდეს გარედან, ტყავის გაჭრის საშუალებით ფრთის შიგნით ნაწილზე წინამხრის ნიდაყვსა და სხივის ძვალს შუა. წინამხრის ასეთი გაწმენდა ხორცისაგან ხელს უწყოს ფრთის იმ საქნევი ბუმბულის განწყობის შენარჩუნებას, რომელიც უშუალოდ მიმაგრებულია წინამხრის ძვალთან.
ფიტულს დააყენებთ რა დროებით საყრდენზე, გაუსწორეთ ბოლო და მოაქციეთ იგი ორ ვიწრო მუყაოს ნაჭრებს შუა, შეაწებეთ ისინი ქაღალდით, რომ ბოლოს ამ მდგომარეობაში გაშრეს.
თუ გსურთ ფრინველს ქონდეს გაშლილი ფრთები, ისინი ფიტულის გატენვისთანავე უნდა ასწიოთ სასურველ სიმაღლემდე, გაშალოთ ან ოდნავ მოკუმშოთ. ფრთები უნა მოხაროთ სახსრებში. ამის შემდეგ ორივე ფრთის ორივე მხარეს უნდა დაადვათ ორ-ორი მუყაოს ნაჭერი, რომელთა შორის მჭიდროდ ჩაიდება გასწორებული ფრთები და დამაგრდება ქინძისთავებით. ამ მდგომარეობაში ფრთებიც ფიტულთან ერთად გაშრება. ფრინველის ფეხების თითები დამაგრდება თავის ადგილზე ქინძისთავებით, ხოლო თუ ფრინველი დასმულია ტოტზე, მიებმება ძაფით.
მეტხორცები, მაგალითად ბიბილო, მოეჭრება და ბოლოს შეიცვლება შეღებილი, სანთლისგან გამოძერწილი მსგავსი ფიგურით.
უმეტეს შემთხვევაში ფეხები, სანთლის ნაძერწი ნისკარტზე და წარბები გახმობის შემდეგ კარგავენ ფერს. ამიტომ ფიტული გაშრობის შედეგ უნდა შეღებოთ სათანადო ფერით, ზეთოვანი საღებავით.