ჩვეულებრივი ზღარბი

[huge_it_slider id=”15″]

ჩვეულებრივი ზღარბი – Erinaceus europaeus linn

ჩვეულებრივი ზღარბი გავრცელებულია ტრამალებში, ველებში, ტყეებში, ბუჩქრებში, ხეხილის ბაღებში, თხილნარსა და პურის ყანებში სუბალპურ ზონამდე. ნაპოვნია 2300 მეტრის სიმაღლეზე. უფრო ხშირია ტყის ზონასა და ველებში, მხოლოდ უდაბურ ტყეებს არ ეტანება. დღისით ისვენებს, სანადიროდ ღამე გამოდის. უმეტესად იკვებება ცხოველური საკვებით: მწერებითა და ჭია – მატლებით. არანაკლებ ეტანება მცენარეულ საკვებსაც – თხილს, ხილს და ხალხის გადმოცემით, ყურძენსაც.

დედალ-მამალი ზღარბი ზაფხულში ერთად ცხოვრობს. შვილების რიცხვი ზოგჯერ 8 – მდეც ადის. ისინი ბუდეს ჩირგვში ან ეკლის ბარდებში იკეთებენ; ოდნავ ამოთხრილ მიწაში ფოთლებს, მატყლსა და ბალახს აფენენ. ნოემბრის ბოლოდან ზამთრის ძილს ეძლევიან. გაზაფხულზე საქართველოში ადრე იღვიძებენ, ზოგჯერ მარტის დასაწყისშიც, რაც დაკავშირებულია თბილი ამინდების დაწყებასთან. ჩვეულებრივი ზღარბი სასარგებლო ცხოველია, მაგრამ ზოგან უმართებულოდ ჟლეტენ.

ცხოველს გარედან ჰყავს ექტოპარაზიტები, ტკიპები; მის კუჭში პოულობენ ჭიებსაც.

ეს ზღარბი ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ არეალი წყვეტილია: ევროპა, დასავლეთი ციმბირი და წინა აზია, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, შორეული აღმოსავლეთი – საზღვარი მიიმართება ლადოგის ტბის ჩრდილოეთიდან ვოლოგდის ჩრდილოეთით, პერმის სამხრეთით, გადაკვეთს ირტიშს და ობს; გაივლის ტომსკის ჩრდილოეთით, ვოლგასთან და ვოლგით მიიმართება კასპიის ზღვისკენ ირანის საზღვრამდე. დიდი შეწყვეტის შემდეგ ის ჩნდება შუა ამურსა და უსურეთში.

საქართველოში გავრცელებულია ჩვეულებრივი ზღარბის ორი ქვესახეობა: Erinaceus europeus concolor Satunin – დასავლეთ საქართველოში და Erinaceus europeus rumanicus Satunin აღმოსავლეთ საქართველოში.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა