ბზობა – ბაიაობა

bzoba-xati
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

„…ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, – ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს – მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

მოამზადა შალვა კეკელიამ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ბზობა
სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.
საზეიმო იყო ძმანო უკანასკნელი მსვლელობა მაცხოვრისა იერუსალიმში. იგი სახედარზე მჯდომი და ზღვა ხალხით იყო გარშემორტყმული, როგორც მეფე და მბრძანებელი. დღესასწაულზე წმიდა ქალაქში მრავლად ჩამოსულებმა, გაიგეს რა იესოს გამოჩენა, ხის ტოტებით გამოვიდნენ მის შესახვედრად. ზოგი წინ გაუძღვა, ზოგიც თან გაჰყვა მაცხოვარს, ერთნი სიხარულით ტანსაცმელს უფენდნენ გზას მიმავალს, მეორენი კი – ტოტებს ხისას. მარტო დიდები კი არა, პატარა ბავშვებიც განსაკუთრებულ სიხარულს მოეცვა. ისინი ოსანასა და ვაშას შეძახილით მიეგებნენ მეუფეს ჰურიათას: „ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა რომელი ხარ მაღალთა შინა“ (მთ. 21, 9).

მიუხედავად ასეთი საზეიმო შეხვედრისა, მახარებელ ლუკას თქმით, როცა მიუახლოვდა ქალაქს იესო „სტიროდა მას ზედა“ (ლკ. 19, 41). რას უნდა ნიშნავდეს ძმანო უფლის ამგვარი მოქმედება? რა ატირებდა მას ერთს, როცა მის ირგვლივ მყოფთ სიხარული დაუფლებოდათ? ნუთუ მას არ ახარებდა სითბო და პატივისცემა, მასთან შეხვდრისას რომ გამოჩინეს ურიებმა?

იერუსალიმელნი მართლაც მიეგებნენ იესო ქრისტეს როგორც მეუფეს ისრაელისას. ისინი შეხვდნენ ქრისტეს, როგორც ქვეყნიურ მბრძანებელს და არა როგორც მესიას. ებრაელნი ფიქრობდნენ, რომ ქრისტე დაბრძანდებოდა რა დავითის ტახტზე, უპირველესად გაათავისუფლებდა მათ რომაელთა მონობისაგან, შემდეგ კი სხვა ხალხებზეც გააბატონებდა და აურაცხელ ქვეყნიურ სიმდიდრესა და პატივს მოუტანდა. აი ასეთ მეუფეს ეგებებოდა იერუსალიმი. რამდენს არ ეცადა უფალი თავისი ქვეყნიური მოღვაწეობისას განეფანტა ურიებს შორის ეს მცდარი მოსაზრება, მაგრამ ხალხს სხვანაირი მეუფე და მხსნელი არ ვერ წარმოედგინა. იცოდა ეს უფალმა და კიდეც განიცდიდა. მაშინ, როდესაც ერთნი საზეიმოდ ეგებებოდნენ ძე ღვთისას როგორც საკუთარ მეუფეს, სხვები – მისი მოწინააღმდეგენი, მწიგნობრები და ფარისევლები, კიდევ უფრო მეტი სიძულვილით განეწყვნენ მის მიმართ და ეძებდნენ მარჯვე მომენტს, რომ მოეკლათ> უფალი იმასაც გრძნობდა, რომ ეს მოზეიმე ხალხი, რომელიც ეხლა ოსანასა და ვაშას შესძახოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ მას სრულიად მიატოვებდა და მისი მტრების მხარეზე დადგებოდა. იესომ იცოდა, რომ ხალხი რომელიც საზეიმოდ ეგებებოდა მას მას როგორც მეუფეს ისრაელისას, იგივე მეუფეს რამოდენიმე დღის შემდეგ ჯვარზე სატანჯველად და სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

იესო ქრისტე უფრო შორსაც იხედებოდა: იგი წინასწარ გრძნობდა თუ როგორ შემოერტყმებოდნენ ებრაელი ხალხის მტრები, – რომაელნი, იერუსალიმს გარს, და როგორ აქცევდნენ მას ნანგრევებად, რადგან ურიანი ვერ იცნობენ ქრისტეს როგორც მხსნელსა და მაცხოვარს და გაიმეტებენ მას მოსაკლავად. ამიტომ ამბობდა იგი: „უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა. ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა“ (ლკ. 19, 42). უწყოდა ყოველივე ეს უფალმა და ამიტომ ტიროდა. მიუხედავად საზეიმო შეხვედრისა და სიხარულისა უფალი ხედავდა ყოველივეს, რაც მათ გულში იმალებოდა. უფალი ამჩნევდა არა მარტო იმას, რაც მის თვალწინ ხდებოდა, არამედ იმასაც, რაც იმავე ქალაქში მის წინააღმდეგ მზადდებოდა და რაც ამ ქალაქს მომავალში ელოდა.

დღეს ჩვენც ვდღესასწაულობთ საყვარელნო, ქრისტე მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შებრძანებას, დღეს ჩვენც ვეგებებით მას ბზის ტოტებით, როგორც მხსნელსა და მაცხოვარს და მოზეიმე იერუსალიმელთა მსგავსად ჩვენც ვუღაღადებთ მას: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.

მაგრამ, ალბათ როგორც მოზეიმე იერუსალიმელთ, ზოგიერთს დღესაც ქრისტე ძლევამოსილ ქვეყნიურ მეუფედ წარმოუდგენია. ბევრი დღესაც უფალს მხოლოდ იმისათვის მიმართავს, რომ ქვეყნიური სიკეთე გამოსთხოვოს მას. მარტო ქვეყნიურის გამოდევნებამ კი როგორც ვიცით ურიებს უფრო დიდი სიკეთე – აღთქმული სასუფეველი ღვთისა დააკარგვინა.

ამიტომ გლოცავთ და გევედრებით, საყვარელნო, მივეგებოთ ბზის ტოტებით უფალს ჩვენსას, როგორც ჩვენს სულიერ მხსნელსა და მაცხოვარს; მივეგებოთ უფალს, როგორც მომიჭებელს საუკუნო ცხოვრებისას, მართალთათვის რომ არის განმზადებული ზეცას და ვუგალობოთ საზეიმოდ: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.

1984 წ. სვეტიცხოველი

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სიხარული მხოლოდ სიყვარულით განიცდება

დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლისა. ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტე მრავალგზის შესულა იერუსალიმში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შესვლა იყო, შესვლა ზეიმით ოქროს კარიბჭიდან. იერუსალიმის დამცველ გალავანს რამდენიმე კარიბჭე ჰქონდა დატანებული, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ოქროს კარიბჭე იყო. იგი დღესაც არსებობს. როდესაც მე ისრულიმში გახლდით, ეს კარიბჭეც ვინახულე. მისი სიგანე ხუთი მეტრი იქნება. დღეს იგი ამოქოლილია და როგორც წმიდა მამები ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება.

სახარებაში ვკითხულობთ, რომ როცა უფალი ამ კარიბჭით ქალაქში შევიდა, მთელი იერუსალიმი შეიძრა და გამოეფინა მის შესახვედრად. ერთხმად ღაღადებდნენ და ადიდებდნენ იესო ქრისტეს; ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არცერთი მეფისა და არცერთი კეისრისათვის არ მოუწყვიათ. ხალხი არა მხოლოდ მწვანე რტოებს, არამედ სამოსელსაც იხდიდა და იმ სახედარს უფენდა, რომელზეც უფალი იჯდა. ბზის ტოტები, რომელნიც თქვენ ახლა გიჭირავთ ხელში, იმის მომასწავებელია, რომ თქვენც სიხარულით ხვდებით უფალს, რომელიც ჩვენთან მოდის და ჩვენთან დარჩება, უკეთუ ამას ჩვენ თვითონ მოვინდომებთ, რადგან სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა.

მინდა ამ კურთხეულ დღეს თქვენი ყურადღება ერთ ფაქტზე გავამახვილო. მაშინ, როცა მთელი ერი ადიდებდა და ისე ხვდებოდა უფალს, იესო ქრისტე, ნაცვლად იმისა, რომ სიხარული დაუფლებოდა, ტიროდა. იგი ტიროდა იმიტომ, რომ იცოდა ადამიანის ბუნება, იცოდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც მას ზეიმით ხვდებოდა, სულ სამი-ოთხი დღის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა. იგი თავისთავს კი არა, ამ ხალხს დასტიროდა, რადგან მან – ნათელი, რომელიც მის შორის იყო, ვერ იხილა და ღვთისგან ბოძებული მადლი და წყალობა უარყო.

მინდა შეგახსენოთ დღეს წაკითხული სამოციქულო. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდეს (ფილიპ. 4,4). შესანიშნავი სიტყვებია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ მარადის, ე.ი. მხოლოდ დღეს კი არა, არამედ მარადის, მხოლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, არამედ აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც. გიხაროდეს მარადის უფლისა მიერ, ანუ შენი სიხარული დაუსრულებელი და მარადიული მაშინ იქნება, თუ იგი უფლის მიერაა მონიჭებული, თუკი იგი უფლის რწმენასა და სიყვარულზეა დაყრდნობილი.

bzobaსაერთოდ გიხაროდენ არა მიწიერი, არამედ ზეციური მისალმებაა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უფლის ბრძანებით მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, პირველი სიტყვა, რომლითაც მიმართა, იყო გიხაროდენ. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. აი, როდის უხარია ჭეშმარიტად ადამიანს, როდესაც უფალი მასთანაა. თქვენ ალბათ შემეპასუხებით, მიწიერი სიხარულიც ხომ არსებობსო, რა თქმა უნდა არსებობს და მას არც უფალი უარყოფს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მიწიერი სიხარული წუთიერი და წარმავალია, უფლისმიერი კი – მარადიული. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ. შესაძლებელია მდიდრულმა სახლ-კარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელ-ნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარულიც, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს. თქვენ შემეკითხებით, როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, აი, თუ ამ თვისებებით – პატიოსნებით, სიმართლით, სიწმინდით და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება, ხოლო უკეთუ უფალი ჩვენთან იქნება, მაშასადამე სიხარულიც ჩვენთან იქნება. სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. მაგალითი თუნდაც მიწიერი ცხოვრებიდან მოვიტანოთ. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა აღარავინ და აღარაფერი გახსოვთ. მით უმეტეს, რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი, რომელიც თვითონ არის უზენაესი სიყვარული. მაშასადამე, თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც. თანამედროვე კაცობრიობას სწორედ ეს სიხარული აკლია, რადგან მან რწმენა და სიყვარული დაკარგა. თუ იგი კვლავ დაიბრუნებს რწმენას და სიყვარულს, სიხარულიც დაუბრუნდება.

მე შევსთხოვ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ ის რწმენა და სიყვარული, რომლითაც მან ჩვენი კურთხეული ერი დააჯილდოვა, არ დავკარგოთ, შევსთხოვ, რომ მთელ ქვეყანასა და მთელ საქართველოს ბედნიერი აღდგომა გაუთენოს.

განსაკუთრებით მინდა ვილოცო იმ ქართველებისათვის, რომელნიც უცხოეთში ცხოვრობენ და მშობლიური მიწა-წყალი ენატრებათ. ღმერთმა ყველანი შეგიწყალოთ და მტერი მოყვარედ და გლოვა სიხარულად გადაგიქციოთ.

შეგახსენებთ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირას ვნების შვიდეული ეწოდება. ვისაც ამდენ ხანს არ უმარხულია, კარგი იქნება ეს ერთი კვირა მაინც იმარხულოს. ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირულის წირვა შესრულდება, ხუთშაბათს იქნება ზეთის კურთხევა, რომელიც შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთს წარმოადგენს. იგი განსაკუთრებული საიდუმლოა, რომელიც იშვიათად, წელიწადში ერთხელ სრულდება. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, იგი სულისა და ხორცის საცხოვნებელია, რადგან ადამიანს ის ცოდვები ეპატიება, რომელთა თქმაც აღსარებაში დაავიწყდა. ზეთის ცხების შემდეგ ათ საათზე დაიწყება წირვა, რადგან ეს ის დღეა, როცა ჩვენ საიდუმლო სერობას ვახსენებთ. თქვენ გახსოვთ, რომ ამ დღეს უფალმა ზიარება დააწესა და თავისი მოციქულები პირველად აზიარა. ამიტომ თქვენც შეეცადეთ, რომ უზიარებელი არ დარჩეთ. წირვის შემდეგ ფერხთბანა შესრულდება.

ხუთშაბათს საღამოს იქნება ცისკარი, რომელზეც 12 ვნების სახარება იქნება წაკითხული. პარასკევს დილას ჟამნობა დაიწყება, ხოლო 2 საათზე გარდამოხსნის გამოსვენება. შაბათს დილას წირვა შესრულდება, ხოლო შუაღამეზე კი – შუაღამიანი და სააღდგომო ლიტანიობა.

ღმერთმა ბედნიერი და სიხარულის მომტანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!

1 მაისი, 1983 წ.

www.orthodoxy.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა