“აქტიური” ჭიაყელა

Sans titre 2
თევზაობის მეთოდი, რომელზეც ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ, ყველაზე მეტად ჰგავს ჯიგ თევზაობას სპინინგით. ჯიგ თევზაობისას იყენებენ სილიკონის ან პარალონის სატყუარებს (ამ მეთოდზე სტატიას მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ), მაგრამ რა ქნას გამოუცდელმა, დამწყებმა სპინინგისტმა?
სილიკონის და პარალონის სატყუარებით საჭირო გატარების სწავლას საკმაო დრო სჭირდება, თანაც ის თევზი, რომელზეც ამ სატყუარებით ნადირობენ, ჩვენს წყალსატევებში პრაქტიკულად აღარ დარჩა (განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში).
სწორედ ამიტომ მეთოდი, რომელსაც მე შემოგთავაზებთ საქართველოსთვის ძალიან წარმატებულია, რადგანაც აქ სატყუარად ვიყენებთ ჭიას (წითელს, მიწის, წვიმის). ამ მეთოდით თევზაობენ როგორც მტაცებელ (ჭერეხი, ფარგა, ქორჭილა, ქარიყლაპია), ასევე თითქმის ყველა მშვიდობიან თევზზე (კობრი, წვერა, ხრამული, ჭანარი, ღორჯო, შამაია).
“აქტიურ” ჭიაზე თევზაობისთვის დაგჭირდებათ მსუბუქი კლასის, 2,7 მ სიგრძის, სწრაფი წყობის სასპინინგე ჯოხი; ამ კლასის ანკესის შესაბამისი, 2000-4000 სერიის კოჭა . თუ ძუას ვხმარობთ, სატყუარის ტყორცნა უფრო შორ დისტანციაზე იქნება შესაძლებელი, თუ წნულს, მაშინ მთელი მონტაჟი უფრო მგრძნობიარე იქნება. მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ მაღალხარისხიან, 0.18 მმ სისქის ძუას, რომელიც იძირება.
ახლა განვიხილოთ მონტაჟები. ძირითადად მისი 4 ვარიანტი არსებობს და მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ, იმისდა მიხედვით თუ რა პირობებში თევზაობთ, შეიტანოთ კორექტივები მონტაჟში.
პირველ მეთოდში გამოიყენება ჯიგთავიანი 1-5 გრამიანი ნემსკავი ან მძიმე “მორმიში”. ეს ნემსკავები მაგრდება ზედ ძირითად ძუაზე ყოველგვარი ლიდერის გარეშე. გატარება ხდება “ხოხიალით”, ანუ ტყორცნის შემდეგ ველოდებით სატყუარის ფსკერზე დაშვებას, ვაკეთებთ 15-20- წამიან პაუზას და შემდეგ ვიწყებთ კოჭის ძალიან ნელი ტემპით ტრიალს. 2-3 ბრუნის შემდეგ ისევ 15-20-წამიანი პაუზა. როდესაც ასეთი გატარებისას სატყუარა მიხოხავს ფსკერზე, იგი ქმნის მღვრიე ღრუბელს, რომელიც თევზის ყურადღებას იპყრობს და ჩარტყმა ხდება ძირითადად პაუზის დროს. ამ მონტაჟით თევზაობენ მდგარ წყალზე ან სუსტი დინებისას, ფსკერი სასურველია არ იყოს ქვიანი.
Sans titre 4
მეორე მონტაჟის გამართვისას, ჩვეულებრივ, ნემსკავი (მისი ზომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის ჭიას ვხმარობთ) მაგრდება ძირითად ძუაზე და მისგან 5-10 მილიმეტრში ფიქსირდება საფანტის ტიპის სიმძიმე, რომლის წონა წყალსატევის სიღრმეზეა დამოკიდებული. რაც უფრო ღრმაა ჭერის ადგილი, მით უფრო მძიმეა საფანტი. გატარება ხდება როგორც “ხოხიალით”, ასევე “საფეხურით” , ანუ ტყორცნის შემდეგ ვაცდით სატყუარას ფსკერზე დაშვებას, შემდეგ კეთდება 15-20 წამიანი პაუზა, მერე ჯოხით ვაკეთებთ სატყუარის ფსკერიდან აწევას და ვატრიალებთ კოჭას 2-3-ჯერ და ამ პროცესს ვიმეორებთ რეგულარულად. საფეხურით თევზაობისას ჩარტყმა ხდება ან პაუზაზე ან სატყუარის ვარდნისას.
მესამე მონტაჟისთვის დაგვჭირდება მოძრავი (სრიალა) სიმძიმე, ნემსკავი, რომელიც მაგრდება ძუის ლიდერზე და დახვევის საწინააღმდეგო შემაერთებელი (რვიანი).
3
გატარებას, რომელიც ამ მონტაჟისთვისაა რეკომენდირებული, ჰქვია “კაკუნი”. ტყორცნის შემდეგ ვაცლით სატყუარას ფსკერზე დაშვებას და 15-20-წამიანი პაუზის შემდეგ, ჯოხის წვერით ვაკეთებთ რამდენიმე ისეთ მოძრაობას, რომ ჩვენმა სიმძიმემ ფსკერზე კაკუნი დაიწყოს. ამით წარმოიქმნება მღვრიე ღრუბელი, რომელიც იზიდავს თევზს და ჩარტყმაც სწორედ კაკუნის შემდგომ, პაუზის დროს ხდება. ამ მეთოდით დინებაზე თევზაობენ.
4
მეოთხე მონტაჟი გათვლილია ზრდილ თევზზე. მისთვის საჭიროა ორკავა ნემსკავი, კევლარის ლიდერი და მოძრავი სიმძიმე. ამ მონტაჟისას იყენებენ დიდი ზომის ჭიას ან რამდენიმე ჭიას ერთად. გატარება ხდება “საფეხურით”, დიდი პაუზებით შუალედებში. ამ მეთოდით კარგად იჭირება ლოქო, ქორჭილა, ფარგა.
Sans titre 8
ზემოაღწერილი ყველა მეთოდისას გატარებაში უნდა გავაკეთოთ 15-20-წამიანი პაუზები. თუ ჩარტყმები იშვიათია, პაუზა შეიძლება გავზარდოთ კიდეც. ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც წესი, ჩვენი ნადირობის ობიექტი არამტაცებელი თევზია.

sportfishing.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა