მელა და მასზე ნადირობა

[huge_it_slider id=”47″]
მელა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ცხოველია, გვხდება თითქმის ყველგან სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონასა და ლანდშაფტში, ტყეებში, სტეპებში, უდაბნოებში, მაღალმთიანეთში, შედარებით ნაკლებია დიდ უღრან ტყეებში. იგი მეტად ცბიერი, მოქნილი და ფრთხილი მტაცებელია. საერთოდ, მრავალფეროვანი საკვების მჭამელია. ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომაზე ეტანება ხილს, ყურძენს, ბაღჩეულ კულტურებს, ზამთარში საკვების ნაკლებობისას არც მძორზე ამბობს უარს, მაგრამ მისი ძირითადი საკვები თაგვისებური მღრნელებია. იგი გატაცებით და მოხერხებულათ ნადირობს მათზე და ამით, ცხადია დიდი საერგებლობის მომტანია, მაგრამ საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ, როგორც დადასტურებულია, მისი რაციონის დაახოვებით 10% კურდღელი, მიწაზე მობუდარი ფრინველი და მათი კვერცხებია. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ზამთარში მატულობს: ამ დროს მელა არცთუ იშვიათად შვლის ნუკრებსაც ესხმის თავს. ასე რომ, იქ, სადაც დურაჯი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი, კურდღელი და სხვა ცხოველებია, მელას სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია და მისი რიცხოვნობის რეგულირებაა აუცილებელი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მელაც ცოფის ერთ-ერთი ძირითადი გადამტანია, ტურის მსგავსად მასზე ნადირობის აკრძალვა ყოვლად დაუსაბუთებელი და არასწორია. მით უმეტეს, რომ ჩვენში უმთავრესად მელაზე მდევრებით ნადირობენ, რომელიც მხოლოდ სპორტულ ხასიატს ატარებს და ამ ცხოველის პოპულაციას ზიანს ვერ მიაყენებს.
მელაზე მდევრებით ნადირობა ტურაზე ნადირობის ანალოგიურია.

მელაც აქტიურ ცხოვრებას მზის ჩასვლის შემდეგ იწყებს და მთელ ღამეს საკვების ძებნაში ატარებს. გამთენიისას დასასვენებელ ადგილს ირჩევს და იქ ისვენებს. მელიები, თუ ლეკვები არ ჰყავთ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სოროში არ შედიან. ძლიერ ყინვაშიც კი, თუ განსაკუთრებული ქარბუქი არ არის, სადმე ბუჩქნარში ან ლელქაშში ურჩევნიათ გაჩერება. ამიტომ მდევრებს მისი წამოგდება უჭირთ. რადგან დასაწოლად წასული მელა კურდღელივით არ აორკვალებს და არავითარ ეშმაკობას არ მიმართვას. ზოგჯერ შეიძება გრძელი ნახტომი გააკეთოს და ისე დაწვეს, რომ საკუთარ კვალს უყურებდეს.
როგორც წესი, მდევრების უმრავლესობა მელას კარგად დასდევს, ისინიც კი რომლებიც ტურას დიდ მანძილზე არ მიჰყვებიან. ტურასაგან განსხვავებით მელა უფრო დიდ წრეებზე ტრიალებს ხოლმე და დაეჭვებული ხშირად საკმაოდ შორს მიდის და უკან აღარ ბრუნდება. გადამკიდე მდევრები, ცხადია, თავს არ ანებებენ და, რადგან ხმაც აღარ ისმის, ამ დროს ძაღლების სხვადასხვა მიზეზით დაკარგვის შემთხვევები ხშირია. ამიტომ მონადირეები რაც შეიძლება ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ დროულად გადაინაცვლონ იმ მიმართულებით საითაც დევნა გრძელდება…

მელაზე ნადირობის სხვადასხვა ხერხიდან ყველაზე ეფექტურად მორეკვით ნადირობის ერთ-ერთი ვარიანტი ითვლება. რომელიც ჩვენში იშვიათად გამოიყენება. არადა საკმაოდ შედეგიანი და საინტერესოა.
ამ ნადირობისათვის საჭიროა 2-3 კმ-ის სიგრძის წვრილი, მაგრამ მტკიცე ზონარი, რომელზეც ყოველი 70 – 100 სმ-ის დაშორებით პატარა წითელი ნაჭრები – ე.წ. „ალმებია“ დამაგრებული. ნადირობა ყველაზე მოხერხებული ზამთარში, თოვლის მოსვლის შემდეგაა, ამ დროს მელა მყარად წევს და შედარებით უფრო უხალისოდ ტოვებს საფას. თან თოვლის კვალზე ერთ-ერთი გამოცდილი მონადირე წინასწარ ამოწმებს და დიდი ალბათობით რწმუნდება, რომ სავარაუდო ადგილიდან ცხოველი გასული არ არის, შემდეგ ორივე მონადირე საწყისი ადგილიდან ერთმანეთისაგან საპირისპიტო მხარეს მიემართებიან და ზედმეტი ხმაურისა და ფაცი-ფუცის გარეშე ზონარს ბუჩქებზე ან ტოტებზე ამაგრებენ. ალმები მიწიდან 10 – 15 სმ-ის სიმაღლეზე უნდა ფრიალებდეს, რომ ცხოველმა იგი ადვილათ შენიშნოს, წრის შეკვრის შემდეგ. შემავალი კვალის სიახლოვეს, გზაზე ორი მონადირე ჩერდება, ერთი კი მორეკვას იწყებს, მორეკვისას ზედმეტი ხმაური არაა საჭირო, საკმარისია ფეხის ხმაურიანად დაბიჯება ან ჯოხების ერთმანეთზე დაკაკუნება. მელა ამ უმნიშვნელო ხმაურზეც სწრაფად დგება და გაპარვას ლამობს. როცა ზონარს მიადგება, რომელსაც ადამიანის სუნი ასდის, ფრთხილი ნადირი ვერ ბედავს მის გადაკვეთას და გასასვლელის ძებნაში წრიალს იწყებს. თუ მონადირე კარგათ შენიღბულია (სასურველია თეთრი ხალათი და თავსაბურავი) და უძრავად დგას, მელა მასთან საკმაოდ ახლოს მიდის ხოლმე და ადვილი მოსაკლავია. საერთოდ, მელას საუცხოო ყნოსვა და სმენა აქვს, მხედველობა კი უარესი. სწრაფად მხოლოდ მოძრავ საგანზე რეაგირებს…

მელაზე ნადირობისას 2 ან 3 ნომერით დატენილი ხარისხიანი ვაზნებია საჭირო.

დათო ცხვედიანი
ჟურნალი “ნადირობა”

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა