კარლო ამირგულაშვილი: რთულია მგლის აღრიცხვა, არ არის მარტივი წახვიდე ტყეში და დაითვალო


გარემოს დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ამირგულაშვილი „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, საქართველოს ბუნებაში გარკვეული დისბალანსი ნამდვილად არის, მაგრამ ზუსტი კვლევები, თუ რა რაოდენობის მგელია, ან ჩლიქოსანი, არ არსებობს.

თუმცა, მისი თქმით, ზოგადად მტაცებელი ცხოველების რეგულირება ხდება და ამის ორგანიზებას სამინისტრო ახორციელებს.

„როდესაც ხდება ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან მოთხოვნა, რომ ვთქვათ სოფელს, თემს, კომლს თავს დაესხა მტაცებელი ცხოველი, ძირითადად ეს არის მგელი, ტურა და დათვი, ასეთ შემთხვევაში იგზავნება სპეციალისტები, რადგან მონადირეებზე ან სხვა ნებისმიერ პირზე დაყრდნობით, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ, ამას სჭირდება კვლევა და შესწავლა. იგზავნება ნადირობის ბიოლოგი, რომელიც სიტუაციას შეისწავლის, და ამ კვლევის საფუძველზე სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, დაუშვას თუ არა ამა თუ იმ ტერიტორიაზე რეგულირება. ეს ნიშნავს იმას, რომ სამინისტრო დელეგირების საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტს, რომ მან შეკრიბოს ჯგუფი, იქნება ეს მონადირეთა ჯგუფი და მოახდინოს მაგალითად 5 მგლის გარემოდან ამოღება, იმ შემთხვევაში თუ ისინი საფრთხეს ქმნიან.

გარკვეული დისბალანსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ზუსტი კვლევა, მგლის, ჩლიქოსანის რა რაოდენობაა, არ არსებობს.

ძალიან რთულია, საქართველოს მასშტაბით მგლის აღრიცხვა, საჭიროა გენეტიკური კვლევის ჩატარება, მათი ბიოლოგიიდან გამომდინარე, მარტივი არ არის, ტყეში წახვიდე და დაითვალო. მეთოდოლოგიები არსებობს მათი რიცხოვნობის დათვლის.განზრახული არის, იმისათვის, რომ ასეთი კონფლიქტები ტავიდან იყოს არიდებული, გვქოდეს უფრო კომპეტენტური ინფორმაცია.სამინისტრო ამ მიმართულებით ცოტა სხვა კუთხით მუშაობს“, – აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

მისი თქმით, მტაცებელი ცხოველის მიერ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ან შინაურ ცხოველებზე თავდასხმის აცილების მიზნით საჭიროა მუშაობა ცნობიერების ამაღლების კუთხით და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

როგორც ამირგულაშვილმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში მტაცებელი ცხოველის სოფელთან, თემთან მისვლის მიზეზი ნაგავსაყრელებიც ხდება, სადაც ხშირად დაკლული შინაური ცხოველის ნარჩენები იყრება.

„ძალიან ხშირ შემთხვევაში თავდასხმა ხდება არა იმის გამო, რომ ვთქვათ სადღაც მგლის პოპულაციაა გაზრდილი, არამედ იმის გამო, რომ სოფლის განაპირას მოსახლეობა ყრის ნარჩენებს, ამ ნარჩენებზე მოდის მტაცებელი ცხოველი მარტივად და შემდეგ პოტენციურად ხდება თავდასხმები. მათ შორის, ამ ნაგავსაყრელებზე იყრება დაკლული შინაური ცხოველების ნარჩენები, რაც იზიდავს გარეულ ცხოველებს. პოტენციურად შემდეგ ეს ცხოველები ხდებიან თავმდასხმელები სხვადასხვა კომლებზე თუ თემზე“, – აცხადებს კარლო ამირგულაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, მტაცებელი ცხოველისთვის ბარიერს ქმნის კარგად გაკეთებული ღობეც.

„ძალიან ხშირად გვაქვს შემთხვევები, როცა ტერიტორიები კარგად არ არის შემოღობილი. დათვი განსაკუთრებული შემთხვევაა, მაგრამ მგლისა და ტურის შემთხვევაში ნამდვილად არის შემაფერხებელი ბარიერი, თუ კარგი ღობე არსებობს. უამრავი ასეთი შემთხვევა გვქონდა, რომ კონკრეტული პირების ფერმები, ტერიტორიები ნორმალურად არ იყო დაცული, იქ რა თქმა უნდა მტაცებელი ცხოველი შევიდოდა. აღმოსავლეთ ევროპაშიც ხდება ასეთი კონფლიქტები და ვიცით იქ როგორი რეკომენდაციები გაიცემა. ამასთან, არსებობს ელექტრო ღობეები. პრობლემური ტერიტორია თუ არის, იქ ელექტროღობე რომ გაკეთდეს, რომელშიც დაბალი ძაბვის ელექტროობა გადის, გარეული ცხოველისთვის წინაღობა იქნება.

ხელაღებით რომ ვთქვათ, რომ გარეული ცხოველები უნდა ამოვიღოთ გარემოდან, ეს არის ურთულესი პროცედურა თავისი ბიოლოგიიდან, რელიეფური თავისებურებებიდან გამომდინარე, არ სხედან მგლები ტყეში და არ ელოდებიან, როდის მივა პოტენციური მონადირე და მოინადირებს მას.

როდესაც მგლების რაღაც რაოდენობა ნამდვილად პრობლემატურია და საჭიროა მათი გარემოდან ამოღება, ამ ცხოველების მოკვლა ხდება პროფესიონალი პირების მიერ“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო ადგილობრივ მოსახლეობაზე მტაცებელი ცხოველების თავდასხმის შემთხვევა, თუმცა არც ერთი ფატალურად არ დასრულებულა.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო თავდასხმა – კახეთში, იმერეთის რეგიონში, რაჭაში, ცალკეული შემთხვევები იყო თავდასხმებისა მთიან აჭარაში, მაგრამ არც ერთი შემთხვევა საბედნიეროდ არ იყო ფატალური. ეს იყო ძირითადად შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ფაქტები.

ეს ცხოველები ადრეც იყვნენ, დღესაც არიან და მომავალშიც იქნებიან. ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რეგულირება, ამ რეგულირებაში მოვიაზრებ სწორედ იმას, რომ თუ კი პრობლემა ხდება, ყველა მუნიციპალიტეტში სამინისტროს გამოყოფილი გვყავს საკონტაქტო პირები, რომელთანაც ჩვენ ასეთ შემთხვევებში ვკონტაქტობთ, შემთხვევების დროს გვიკავშირდებიან და ძალიან ოპერატიულად ხდება ამ პროცედურების განხორციელება, დროულად მოხდეს ნებართვის მიცემა, და შესაბამისი რეგულირების განხორციელება ამა თუ იმ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

აქვე, კარლო ამირგულაშვილი აცხადებს, რომ კანონის თანახმად, თუ გარეული ცხოველი თავს ესხმის მოსახლეობას ან მის ქონებას, და საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას, ადგილობრივს შეუძლია მტაცებელი ცხოველი მოკლას.

„ოღონ როგორც კი ლიკვიდაცია მოხდება, უნდა ეცნობოს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომ მოხდეს ფაქტის დაფიქსირება“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შევიდა. ინიციატორი ითხოვს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შევიდეს, რომლის თანახმადაც, ნადირობის წესების დარღვევად არ ჩაითვლება ისეთი მტაცებელი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვას და განვითარებას. საუბარია მგელზე და ტურაზე.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა პაპუაშვილი „აიპრესთან“ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოს ბუნებაში დისბალანსია – ჩლიქოსანი ცხოველის რაოდენობას მტაცებელი ცხოველის რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს.

მისი თქმით, მტაცებელი ცხოველები ხშირად ადგილობრივ მოსახლეობას და მსხვილფეხა საქონელსაც ესხმიან თავს. შესაბამისად, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო.

ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი, ასევე მონადირე, გიორგი მგელაძე „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში მტაცებელი ცხოველი მომრავლებულია. მონადირეები კი თანხმდებიან იმაზე, რომ უნდა ხდებოდეს მტაცებელ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება.

როგორც მგელაძემ აღნიშნა, გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა აღრიცხოს, რამდენი მტაცებელი ცხოველია და კვლევა გამოაქვეყნოს. შემდეგ, თუ მართლაც აღმოჩნდება, რომ მტაცებელი ცხოველების რაოდენობა საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველებს, უნდა მოხდეს მათი ბუნებიდან ამოღება.

წყარო ipress.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა