კანონპროექტი ,,ნადირობის შესახებ” ოზურგეთში განიხილეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ,,ნადირობის შესახებ“ ახალ კანონპროექტს წარადგენს.

კანონპროექტზე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში იმსჯელეს. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

კანონპროექტი 2016 წელს სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული და ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შერულებას.

კანონის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი ნადირობის ჩამოყალიბებას და აწესრიგებს გარეულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად სარგებლობისა და ნადირობის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 20-დან 24 თებერვლის ჩათვლით ,,ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის გარდა მუნიციპალიტეტების, მონადირეთა გაერთიანებებისა და დაინტერესებული საზოგადოებრიობის მონაწილეობით განხილულ იქნება ადამიანისა და მტაცებელი ცხოველების კონფლიქტების მოგვარების საკითხები.
გარეული ცხოველების თავდასხმის ფაქტებზე, ასევე მოსახლეობის და მუნიციპალიტეტების შესაბამისი რეაგირების თაობაზე მოეწყობა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან სათანადო ინფორმაციის მიწოდება და დისკუსია.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი Facebook - ზე და მიიღეთ სიახლეები პირველმა