ნადირობის შესახებ კანონპროექტს გარემოს დაცვის სამინისტრო თავიდან შეიმუშავებს


მონადირეების პროტესტის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრო ორჯერ კორექტირებულ ნადირობის შესახებ კანონპროექტს თავიდან შეიმუშავებს.
ამის შესახებ ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა, რევაზ ბეჟაშვილმა განგვიცხადა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროში, 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ კანონპროექტის შემუშავებმადე მონადირეთა საზოგადოებას 17 პუნქტიან კონცეფციას წარუდგენენ.

“შევიმუშავებთ საით მივდივართ, რა გვინდა და წარვუდგენთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შემდეგ დაიწყება კანონპროექტზე მუშაობა. გარდა იმისა, რომ სამინისტროს თანამშრომელი ვარ, მონადირეც ვარ და ჩემთვისაც მიუღებელი იყო ამ კანონპროექტის ბევრი პუნქტი,” – ამბობს ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორი, რევაზ ბეჟაშვილი.

მისივე თქმით, დოკუმენტის რიგი მუხლები გერმანული კანონის ანალოგიური ვარიანტიდანაა გადმოღებული, რომლებიც საკმაოდ აცდენილია ქართულ რეალობას. რევაზ ბეჟაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ნადირობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროში შეიმუშავეს, მონადირეთა საზოგადოებამ დაიწუნა.
ისინი დოკუმენტის თავიდან დაწერას და მასში თავიანთი მოსაზრებების გათვალისწინებას ითხოვდნენ.

კანონპროექტი სამონადირეო კლუბებისა და სამონადირეო ტერიტორიების შექმნას, საწევრო გადასახადის შემოღებას, ტყვიის საფანტის აკრძალვს და სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებდა, რომლებიც მონადირეებისთვის მიუღებელი იყო.

სტატიის წყარო: kutaisipost.ge

მოიწონეთ ჩვენი გვერდი Facebook - ზე და მიიღეთ სიახლეები პირველმა